ბარსელონა 5-0 ბეტისი | ჟოაუების გოლები, ფერანის ჯარიმა და ჩავის ხელში პირველად: 4-ზე მეტი გოლი ლა ლიგაში

"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-5 ტურში "ბეტისი" 5-0 გაანადგურა.
"ბარსამ" ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა - ორიოლ რომეუს ჩაწოდების შემდეგ ჟოაუ ფელიშმა ბრწყინვალედ ითამაშა, მეკარე მოატყუა და ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
ამ მომენტიდან 7 წუთში ანდრეას კრისტენსენის გადაცემა ფელიშმა დიდებულად გაატარა, რისი წყალობითაც რობერტ ლევანდოვსკი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გაზარდა.
ერთი საგოლე შანსი "ბეტისსაც" ჰქონდა, მაგრამ ვილიან ჟოზეს დარტყმა ტერ შტეგენმა მოიგერია - მეტოქემ ახლო მანძილიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა გერმანელმა ბრწყინვალე სეივი განახორციელა.
მეორე ტაიმში "ბარსელონამ" მოწინააღმდეგე წალეკა. 62-ე წუთზე, სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებულმა ფერან ტორესმა ჯარიმა გაიტანა - აღსანიშნავია, რომ "ბარსას" ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც საჯარიმო დარტყმით გაიტანა, ლეო მესი იყო (2021 წლის 2 მაისს, "ვალენსიას" კარში).
მალევე, შეცვლაზე შემოსულმა რაფინიამ კატალონიელთა უპირატესობა 4-მდე გაზარდა, 81-ე წუთზე კი ჟოაუ კანსელუმ, რომელმაც დიდებული მატჩი ჩაატარა, შესანიშნავი მოძრაობებით მეტოქე ჩამოიშორა და "ბარსაში" სადებიუტო გოლი გაიტანა - 5-0.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჟოაუ ფელიში დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ "ბარსელონამ" ჩავის ხელში ლა ლიგის ეგიდით 4-ზე მეტი გოლი პირველად გაიტანა.
ფეხბურთელთა შეფასებები Sofascore-ის მიხედვით:
ამჟამად "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატში 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მაგრამ უახლოეს მდევარ "რეალ მადრიდს", რომელსაც 12 ქულა აქვს, მე-5 ტურში ჯერ არ უთამაშია. ამ ტურში მოგების შემთხვევაში პირველი ადგილის მოპოვება "ჟირონასაც" შეუძლია, რომელსაც 10 ქულა აქვს.
"ბარსა" მომდევნო ტურში ვიგოს "სელტას" (23 სექტემბერი) დაუპირისპირდება, თუმცა მანამდე კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგაზე"ანტვერპენის" წინააღმდეგ (19 სექტემბერი) ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ელით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 38 ]