ბარსელონა-ბეტისი | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ბეტისი | მატჩისწინა მიმოხილვა

  • თამაშის დრო: შაბათი, 16 სექტემბერი, 23:00

სანაკრებო პაუზა დასრულდა და ჩვენი საყვარელი კლუბის თამაშის დროც მოვიდა. ვერ ვიტყვით, რომ დღეს "ბარსა" ისეთ ფეხბურთს თამაშობს, მატჩის დაწყებამდე დღეებს, საათებსა და წუთებს ვითვლით, მაგრამ სანაკრებო პაუზის დასრულება და საკლუბო ფეხბურთის დაბრუნება ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ სანაკრებო პაუზამ ტრავმების გარეშე ჩაიარა.

დღეს ლა ლიგის მე-5 ტურის თამაში გვაქვს, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი "ბეტისს" მასპინძლობს. გამარჯვების შემთხვევაში ჩავის გუნდი ლა ლიგას სათავეში მინიმუმ ერთი დღით ჩაუდგება.

სათამაშო ფორმა

როგორც წინა სეზონის უდიდესი ნაწილის განმავლობაში, "ბარსა" წელსაც წვალობს, თუმცა მაინც იგებს. სადაც სამართალია, იქ "ბლაუგრანას" ოთხივე თამაში მოგებული უნდა ჰქონდეს, მაგრამ თუ ძველ სიბრძნეს დავუჯერებთ "ესპანელი მსაჯები და სამართალი ვერ მეგობრობენ".

წვალობს "ბეტისიც". "ბარსელონას" მსგავსად მარტივი მოგების გემო ჯერ არც სევილიელებმა იციან. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პელეგრინის გუნდს რთული მეტოქეები ჰყავდა - პირველ 3 ტურში "ვილიარეალი" და "ბილბაო" სტუმრად, ხოლო "ატლეტიკო" შინ.

დანაკლისი

"ბარსელონას" გუნდის ლიდერები, რონალდ არაუხო და პედრი აკლია.

სანაკრებო პაუზის დროს მცირე დაზიანება მიიღო ილქაი გიუნდოგანმა. გერმანელი განაცხადშია, მაგრამ უცნობია, ვიხილავთ თუ არა მას მოედანზე.

მოსალოდნელია, რომ მცირე სათამაშო დროს მიიღებენ ის ფეხბურთელები, რომლებიც სანაკრებო პაუზის დროს ყველაზე მეტად დაიტვირთნენ.

სტუმრებს კლაუდიო ბრავო, ნაბილ ფექირი, ვილიამ კარვალიუ, ანდრეს გუარდადო, იუსუფ საბალი და აიტორ რუიბალი არ ეყოლება. "ბარსელონას" მსგავსად დღეს ჩვენს მეტოქესაც დიდი დანაკლისი აქვს.

ნაცნობი სახეები

"ბეტისის" დანაკლისიდან ერთი ფეხბურთელი უკვე გეცნობოდათ - "ბარსას" ყოფილი მეკარე კლაუდიო ბრავო. ჩილელის არყოფნის მიუხედავად სევილიურ გუნდში ყოფილი "ბარსელონელები" მაინც ბევრნი არიან.

მოსალოდნელია, რომ დაცვის ფლანგებზე "ლა მასიას" აღზრდილებს, ექტორ ბელერინსა და ხუან მირანდას ვიხილავთ, ცენტრში კი მარკ ბარტრას. ეს ფეხბურთელები აქამდეც "ბეტისში" ირიცხებოდნენ, გასულ ზაფხულში კი მათ აბდე ეზალზული და შადი რიადიც შეუერთდნენ.

ურთიერთშეხვედრები

"ბარსელონას" "ბეტისთან" ისტორიულად, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობა აქვს. 137 თამაშიდან კატალონიელებმა 82 მოიგეს, 25 ფრედ დაასრულეს და 30 წააგეს. "ბლაუგრანამ" გაიტანა 313 და გაუშვა 155 გოლი.

"ბეტისთან" გამართული ბოლო 4 შეხვედრიდან "ბარსამ" 3 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, უკანასკნელი 10 დაპირისპირებიდან კი კატალონიელებმა რვაში იმარჯვეს.

2011 წლის შემდეგ "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩატარებულ 23 თამაშში "ბეტისს" მხოლოდ 2 მოგება აქვს და ორივე "კამპ ნოუზე".

საკუთარ კედლებში "ბეტისთან" გამართულ 68 შეხვედრაში "ბარსას" 52 მოგება, 7 ფრე და 9 მარცხი დაუგროვდა.

ბოლო წლებში კატალონიელები საკუთარ კედლებში ან მარტივად იგებენ, ან აგებენ. 2011 წლიდან მოყოლებული ამ გუნდებს შორის ბარსელონაში ჩატარებულ მატჩებში ასეთი ანგარიშები ფიქსირდებოდა: 5-0, 4-2, 4-2, 3-1, 4-0, 6-2, 2-0, 3-4, 5-2, 5-2, 0-1, 4-0.

იმედია, დღესაც უხვგოლიან შეხვედრას ვიხილავთ.

არბიტრი

შეხვედრას ხოსე მარია სანჩეს მარტინესი განსჯის.

სანჩეს მარტინესი 39 წლისაა. მან მსაჯობა 2010 წელს დაიწყო. 2011 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2015 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.

კარიერის განმავლობაში სანჩეს მარტინესი თამაშში საშუალოდ 27.7 ჯარიმასა და 0.28 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.6 ყვითელ და 0.3 წითელ ბარათს უჩვენებს. მარტინესის მიერ განსჯილი თამაშების 44%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 33%-ში - სტუმრები.

ხოსე მარია სანჩეს მარტინესის "ბარსელონასა" და "ბეტისის" თამაშებში:

ბარსელონა ბეტისი
თამაში 29 24
მოგება 22 11
ფრე 2 4
წაგება 5 9
მოგების % 76% 46%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 7 7
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 6 2
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 6 7
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 1 6

სტატისტიკა

  • ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 21 თამაშიდან 17 "ბარსელონამ" მოიგო;
  • "ბეტისთან" გამართული ბოლო 14 საშინაო თამაშიდან 12-ში "ბარსელონას" მინიმუმ 3 გოლი გაჰქონდა;
  • ამ გუნდების ბოლო 4 დაპირისპირებაში "ბეტისი" კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
  • ამ გუნდების ბოლო 10 დაპირისპირებიდან რვაში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 10 დაპირისპირებიდან რვაში გოლი ორივე კარში გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან ოთხში ანგარიშს "ბარსელონა" ხსნიდა;
  • ამ გუნდების ბოლო 6 თამაშიდან ხუთში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • "ბარსელონამ" მიმდინარე სეზონში გამართულ 3 თამაშში ანგარიში გახსნა, მეოთხე თამაში კი უგოლოდ დასრულდა;
  • "ბეტისმა" მიმდინარე სეზონში გამართულ 3 თამაშში ანგარიში გახსნა, მეოთხე თამაში კი უგოლოდ დასრულდა;
  • ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 1.4 ანიჭებენ, რაც მოგების 71%-იან შანსს უდრის, "ბარსა" კი ასეთი თამაშების 77%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

"ბეტისი" ძალიან ძლიერი და ტექნიკური გუნდია, რომელშიც ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს. პელეგრინის გუნდების თამაში ყოველთვის მომწონდა. ბურთის ფლობისთვის დიდი ბრძოლა იქნება.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კანსელუ, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, რომეუ, დე იონგი, გავი, ტორესი, ლევანდოვსკი, ფელიში.

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კანსელუ, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, რომეუ, დე იონგი, გიუნდოგანი, ტორესი, ლევანდოვსკი, გავი.

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კანსელუ, კუნდე, მარტინესი, ბალდე, რომეუ, დე იონგი, გავი, იამალი, ლევანდოვსკი, ტორესი.

AS

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, კანსელუ, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, რომეუ, დე იონგი, იამალი, გავი, ტორესი, ლევანდოვსკი

პროგნოზი

  • WhoScored: 2-0
  • Sportsmole: 2-1
  • Sportskeeda: 2-1
  • 90min: 2-0
  • Squawka: 3-1

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 სექტემბერი 2023 17:13
    1
    ამ სტატისტიკით ან დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ ან წავაგოთ.
    გულშემატკივარი [?]
    #1 16 სექტემბერი 2023 16:55
    1
    ჩადი რიადიც ხო აქ გადავიდა?
    ძირითადში კიდე ფერანი და ფელიში აუცილებლად უნდა იყვნენ
    AS შემდაგენლობა უფრო კარგია რადგან გავი მარცხნივ არ იქნება და ეგ და ფრენკი გაცვლიან ხოლმე პოზიციებს და ეგებ ძველი გავი დაბრუნდეს მარტო პრესინგით რომ არ გამოირჩეოდა