რაფინიას ბარსელონადან წასვლა გამორიცხული არაა

"ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელის, რაფინიას გუნდიდან წასვლა გამორიცხული არაა იმის მიუხედავად, რომ ტრანსფერის დიდი სურვილი არც ფეხბურთელს აქვს და არც ჩავი ერნანდესს.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, როჟერ ტორელიოს ცნობით 26 წლის შემტევით სერიოზულადაა დაინტერესებული საუდის არაბეთის "ალ ჰილალი". "ბარსელონას" ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, მაგრამ არაბეთიდან არსებული ინტერესის შესახებ ინფორმაცია აქვს როგორც კლუბს, ასევე ფეხბურთელს.
კატალონიური გამოცემის ცნობით "ალ ჰილალისთვის" კარს არც "ბარსელონა" ხურავს და არც რაფინია. კლუბიც და ფეხბურთელიც მიიჩნევს, რომ გამორიცხული არაფერია იმისა მიუხედავად, რომ რაფინია საჯაროდ ყოველთვის "ბლაუგრანაში" დარჩენის სურვილს გამოხატავს.
რაფინია "ლიდს იუნაიტედიდან" "ბარსელონაში" გასულ ზაფხულში 58 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა. ბოლო კვირებში არსებული ცნობებით "ბლაუგრანა" ბრაზილიელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ ბევრად უფრო სარფიან წინადადებას მიიღებს.
მიმდინარე ზაფხულში "ალ ჰილალმა" უკვე დაიმატა კალიდუ კულიბალი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი და რუბენ ნევეში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]