ხულიან არაუხომ, შესაძლოა, ბარსელონა დატოვოს

ხულიან არაუხოს "ბარსელონაში" ჯერ ერთი ოფიციალური თამაშიც კი არ აქვს ჩატარებული და დიდი შანსია, მან გუნდი უკვე დატოვოს.
ცნობილია, რომ "ბლაუგრანა" რაც შეიძლება მეტი არასაჭირო ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს იმისათვის, რომ ახალი მოთამაშეების დამატება შეძლოს.
Sport-ის ცნობით 21 წლის მექსიკელი მარჯვენა მცველის, ხულიან არაუხოს დამატებით ნიდერლანდური "ფეიენორდი" დაინტერესდა.
მომდევნო სეზონში ჩავის დაცვის მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე ვარიანტი ექნება - ჟიულ კუნდე, სერჟი რობერტო და ალეხანდრო ბალდე. გარდა ამისა გუნდს "მილანიდან" უბრუნდება სერჟინიო დესტი, რომლის გაყიდვაც "ბარსას" კი სურს, მაგრამ ამერიკელს რეალური მსურველი ჯერ არ ჰყავს. "ბლაუგრანა" ასევე მუშაობს "ვალიადოლიდიდან" ახალგაზრდა მარჯვენა მცველის, ივან ფრესნედას ტრანსფერზეც. ასეთ შემთხვევაში ხულიან არაუხოს პირველ გუნდში თავის გამოჩენის შანსი ხშირად ნამდვილად არ მიეცემა.
"ბარსელონაში" მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდა მექსიკელს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რომელსაც ის კატალონიურ გუნდში ვერ მიიღებს.
ხულიან არაუხო "ლოს ანჯელეს გელექსიდან" "ბარსელონაში" გასულ იანვარში 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა, მაგრამ ბიუროკრატიული პრობლემების გამო მისი დარეგისტრირება ვერ მოესწრო, რის გამოც მექსიკელს "ბლაუგრანას" მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში ჯერ არ უთამაშია.
Sport არ აკონკრეტებს, "ფეიენორდს" არაუხოს ყიდვა სურს, თუ იჯარით აყვანა. არც ისაა ცნობილი, დასთანხმდება თუ არა "ბარსა" იმედისმომცემი ფეხბურთელის გაყიდვას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]