მესის დაბრუნება განხორციელებადია - ბარსამ ლა ლიგისგან დასტური მიიღო

მატეო მორეტოს ინფორმაციით, ლა ლიგამ "ბარსელონას" ფინანსური გეგმა საბოლოოდ განიხილა და მას მწვანე შუქი აუნთო.
Relevo-ს ჟურნალისტის ცნობით, ამჟამად აღნიშნული გეგმის მთავარი ნაწილის განხორციელება - ლიონელ მესის დაბრუნება შესაძლებელია, თუმცა არა - გარანტირებული.
"ბარსელონამ" ფეხბურთელების გაშვებით მომდევნო სეზონისთვის სახელფასო ხარჯები 40 მილიონით შეამცირა, რაც გავის, რონალდ არაუხოსა და ინიგო მარტინესის კონტრაქტების დასარეგისტრირებლად საკმარისი იქნება - ეს უკანასკნელი "ბარსასთან" შეთანხმებულია და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
"ბარსას" მესის დასარეგისტრირებლად 25 მილიონი ევროს დაზოგვა სჭირდება , რადგან კლუბი არგენტინელს სწორედ ამ რაოდენობის ხელფასს (გადასახადების ჩათვლით) სთავაზობს.
იმის გამო, რომ "ბარსელონა" სახელფასო ლიმიტს აჭარბებს, კატალონიელებისთვის ლა ლიგის 40%-იანი წესი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბს ტრანსფერებში ახალი დანაზოგის 40%-ის დახარჯვა შეუძლია, ხოლო ფეხბურთელების გაყიდვიდან მიღებული თანხის 20%-ის. თუ დავუშვებთ, რომ "ბარსა" ანსუ ფატის 35 მილიონად გაყიდის, ტრანსფერიდან 20%-ს (7 მილიონი), ხოლო ხელფასიდან - 40%-ს (დაახლოებით 2.8 მილიონი) დაზოგავს - ანუ ჯამში დაახლოებით 10 მილიონს, რასაც ემატება უკვე დაზოგილი 40 მილიონიდან დარჩენილი დაახლოებით 5 მილიონი.
ლა ლიგის დასტური ლეო მესის დასამატებლად წინ გადადგმული ნაბიჯია, ახლა "ბარსელონამ" გეგმა უნდა შეასრულოს, რისთვისაც კლუბს ბევრი დრო არ აქვს - არგენტინელი დიდხანს მოცდას არ აპირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]