ესპანურ ფეხბურთში ახალი სამსაჯო სკანდალი მწიფდება

ესპანურ ფეხბურთში ახალი სკანდალი მწიფდება. საქმე ეხება მსაჯების მოსყიდვასთან დაკავშირებით არსებულ გამოძიებას, რომელიც მას შემდეგ შეწყდა, რაც გაირკვა, რომ საქმეში "რეალ მადრიდი" ფიგურირებდა.
"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ცოტა ხნის წინ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე ისაა, რომ ის მის ორწლიან პატიმრობას უკანონოდ მიიჩნევს და სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის.
როსელის საჩივრის განხილვის დროს სასამართლომ დაკითხა ყოფილი საგანგებო რწმუნებული ხოსე მანუელ ვილიარეხო. მას თავიდან სანდრო როსელის თვალთვალი ევალებოდა. ამ საქმეს ვილიარეხო მოიხსენიებს, როგორც "ოპერაცია კატალონიას". ოპერაციის ერთ-ერთი სამიზნე სწორედ როსელი იყო, მაგრამ გამოძიების ეჭვები არ დადასტურდა, რის შესახებაც ვილიარეხომ ორი მოხსენება დაწერა. პირველი მოხსენება 2012 წელს დაიწერა, მეორე კი, რომელშიც უკვე საფეხბურთო საკითხებიც იყო გათვალისწინებული, ზემდგომ პირებს 2014 წელს გადაეგზავნათ. მეორე მოხსენებაში საუბარი მსაჯებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ამ მოხსენებაში "რეალ მადრიდიც" ფიგურირებდა, ესპანეთის მაშინდელი პრემიერ მინისტრის, მარიანო რახოის ხელისუფლებამ გამოძიების შეჩერებისა და საქმის თაროზე შემოდების გადაწყვეტილება მიიღო.
ამ ინფორმაციას ესპანური ონლაინ გამოცემა Cronica Libre ავრცელებს, რომელსაც ხოსე მანუელ ვილიარეხოს დაკითხვის ვიდეომტკიცებულებაც აქვს.
მარიანო რახოი ესპანეთის პრემიერ მინისტრი 2011-2018 წლებში იყო და ის "რეალ მადრიდის" მიმართ სიმპათიებს არასდროს მალავდა.
ამ საკითხს გამოხმაურება უკვე მოჰყვა კატალონიურ მედიაში, მადრიდული სპორტული მედია კი ჯერჯერობით სდუმს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]