ესპანიოლი-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

ერთი მოგებაც და ესპანეთის ჩემპიონები გავხდებით. ეს წოდება "ბარსას" უკვე 3 წელია, არ ჰქონია, ასეთი ხანგრძლივი პაუზა კი "ბლაუგრანას" ბოლოს 20 წლის წინ ჰქონდა.
ჩემპიონობისთვის კი დღეს ბარსელონურ დერბიში "ესპანიოლთან" გამარჯვება საკმარისი იქნება. პრინციპული მეტოქის მოედანზე ჩემპიონობის ზეიმი ნამდვილად კარგი სანახაობა იქნება, თანაც ასეთ შემთხვევაში "ესპანიოლი" ლა ლიგიდან გავარდნას კიდევ უფრო მიუახლოვდება.
სათამაშო ფორმა
დღევანდელ თამაშს ორივე გუნდი კარგად დასვენებული ხვდება. "ბარსელონას" დასასვენებლად 12, ხოლო "ესპანიოლს" 10 დღე ჰქონდა.
მასპინძელი გუნდი ძალიან ცუდ ფორმაშია. ლუის გარსიას ბიჭებმა ბოლო 10 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგეს, დანარჩენი ცხრიდან კი 8 წააგეს.
33 ტურის შემდეგ "ესპანიოლი" ბოლოსწინა ადგილზეა და კატალონიელებს უსაფრთხო ზონასთან 3 ქულა აშორებთ.
"ბარსელონა" სასურველ თამაშს კვლავ ვერ აჩვენებს, რასაც შედეგებზე ვერ ვიტყვით. ჩავის გუნდმა ბოლო 2 თამაში მშრალად მოიგო, რისი წყალობითაც 33 ტურის შემდეგ "ბლაუგრანა" ჩემპიონატს 13-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
"ბარსელონა" განსაკუთრებით შთამბეჭდავია დაცვაში. მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა 33 თამაშში მხოლოდ 11 გოლი გაუშვა.
დანაკლისი
"ესპანიოლს" ხოსე გრაგერა და დანი გომესი არ ეყოლება, თუმცა დიდი დანაკლისი არცერთის არყოფნას ეთქმის.
"ბარსელონა" სერჟი რობერტოს ვერ დაიხმარს. ვეტერანი უნივერსალი განაცხადში კი მოხვდა, მაგრამ მხოლოდ ჩემპიონობის საზეიმოდ, რადგან ის სათამაშოდ ჯერ მზად არაა
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდებს ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვთ. ჩატარებული 215 თამაშიდან "ბარსელონამ" 125 მოიგო, 46 ფრედ დაასრულა და 44 წააგო. "ბლაუგრანამ" გაიტანა 411 და გაუშვა 228 გოლი.
"ესპანიოლი" არის გუნდი, რომელთანაც "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე მეტი მოგება აქვს.
მეტოქის მოედანზე ჩატარებული 106 თამაშიდან "ბარსამ" 41 მოიგო, 33 ფრედ დაასრულა და 32 დათმო.
"ბარსას" "ესპანიოლთან" ბოლო 9 თამაშში წაგება არ აქვს, თუმცა ამ 9 შეხვედრიდან "ბლაუგრანამ" მხოლოდ 5 მოიგო.
"ბარსელონას" ბოლო 29 ქალაქურ დერბიში მხოლოდ 1 წაგება აქვს, ისიც ესპანეთის თასზე. ლა ლიგაში "ბლაუგრანა" "ესპანიოლთან" ბოლოს 2009 წელს დამარცხდა, როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯერ კიდევ პეპ გვარდიოლა იყო. ის თამაში "კამპ ნოუზე" გაიმართა, მეტოქის მოედანზე ლა ლიგაში კი "ბლაუგრანას" 2007 წლის შემდეგ არ წაუგია.
მეტოქის მოედანზე გამართული ბოლო 5 შეხვედრიდან "ბარსელონამ" მხოლოდ 1 მოიგო, 3 კი ფრედ დაასრულა.
ბოლო ორი დერბი ფრედ დასრულდა, მათ შორის ერთი მიმდინარე სეზონში, "კამპ ნოუზე", როდესაც გუნდებმა 1-1 ითამაშეს.
არბიტრი
შეხვედრას რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა განსჯის.
ბენგოეჩეა 37 წლისაა. მან მსაჯობა 2009 წელს დაიწყო. 2011 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2015 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.
კარიერის განმავლობაში დე ბურგოს ბენგოეჩეა თამაშში საშუალოდ 24.9 ჯარიმასა და 0.28 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.14 ყვითელ და 0.18 წითელ ბარათს უჩვენებს. ესპანელის არბიტრის კვალობაზე ის საკმაოდ ლმობიერი მსაჯია. ბენგოეჩეას მიერ განსჯილი თამაშების 48%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 32%-ში - სტუმრები.
კარლოს დელ სერო გრანდეს სტატისტიკა "ესპანიოლისა" და "ბარსელონას" თამაშებში:
ესპანიოლი | ბარსელონა | |
თამაში | 19 | 26 |
მოგება | 8 | 21 |
ფრე | 4 | 1 |
წაგება | 7 | 4 |
მოგების % | 42% | 81% |
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 2 | 7 |
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 2 | 0 |
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 6 |
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 3 | 1 |
სტატისტიკა
- "ბარსელონას" "ესპანიოლთან" 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- ამ გუნდების ბოლო 9 დაპირისპირებაში "ესპანიოლი" კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
- ამ გუნდების ბოლო 7 თამაშიდან ექვსში ანგარიშს "ბარსელონა" ხსნიდა;
- ამ გუნდების ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე მეტი მოგება "ესპანიოლთან" აქვს;
- "ბარსელონას" "ესპანიოლთან" ლა ლიგაში 2009 წლის შემდეგ არ წაუგია;
- "ესპანიოლის" ბოლო 10 თამაშიდან რვაში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- "ესპანიოლის" ბოლო 10 თამაშიდან რვაში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
- "ესპანიოლის" ბოლო 7 თამაშიდან ხუთში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 1.53 ანიჭებენ, რაც მოგების 65%-იან შანსს უდრის, "ბარსელონა" კი ასეთი თამაშების 74%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, გავი.
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, გავი.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, დემბელე, ლევანდოვსკი, გავი.
პროგნოზი
- SportsMole: 1-2
- Sportskeeda: 1-3
- 90min: 0-2
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]