ბარსელონა და ასტონ ვილა ფერან ტორესის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

"ბარსელონას" ზაფხულში ტრანსფერების განსახორციელებლად ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება, წასვლის ერთ-ერთი კანდიდატი კი ფერან ტორესია, რომლის თაობაზეც "ბარსა" და "ასტონ ვილა" მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.
მატეუ ალემანი ზაფხულიდან სწორედ ბირმინგემულ კლუბში იმუშავებს, რაც ესპანელი შემტევის ტრანსფერს ხელს უწყობს. შეთანხმება, შესაძლოა, 30 ივნისამდე შედგეს. ინგლისელები ფიქრობენ, რომ ტორესს დაარწმუნებენ.
Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" ფერანს €42 მილიონზე ნაკლებად ვერ გაყიდის - წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბი წაგებაზე წავა, რადგან ესპანელი თავის დროზე €55 მილიონად შეიძინა.
23 წლის ფეხბურთელს მატეუ ალემანი და "ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი კარგად იცნობენ და იციან, რომ მას პრემიერ ლიგაში თამაში არ გაუჭირდება, ვინაიდან "მანჩესტერ სიტის" რიგებში ინგლისის ჩემპიონატში უკვე უთამაშია.
"ბარსამ" ტორესი ტრანსფერზე დააყენა, რადგან შემოსავალი სჭირდება. გარდა ამისა, ფეხბურთელი ჩავი ერნანდესის გუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრი არაა და ძირითადად შეცვლაზე შემოდის ხოლმე.
ფერანმა იცის, რომ კატალონიურ გრანდში დიდ სათამაშო დროს ვერ მიიღებს და ესპანეთის ნაკრებში ადგილის დასაბრუნებლად მეტი პრაქტიკა სჭირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 22 ]