ჟორდი ალბა - მცველი თავდამსხმელის სულით
"ოსასუნას" კარში ბოლო წუთებზე გატანილი გამარჯვების გოლით ჟორდი ალბამ "ბარსელონა" ჩემპიონობასთან კიდევ უფრო მიაახლოვა.
კატალონიელმა მარცხენა მცველმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, მონაწილეობა 8 გოლში მიიღო, რაც ლა ლიგაში მოთამაშე უკანახაზელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
ვეტერანმა ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატში თავი 2 გოლით გამოიჩინა ("სევილიასა" და "ოსასუნას" წინააღმდეგ). გარდა ამისა, მის ანგარიშზე 6 ასისტია (3 ლა ლიგაში, 2 კოპა დელ რეიზე და 2 ჩემპიონთა ლიგაზე). აღსანიშნავია, რომ ალბამ ეს სტატისტიკა 1724 წუთში დააფიქსირა. მისი უახლოესი მდევრები, 7 გოლში მონაწილეობით, ბილბაოს "ატლეტიკის" მარჯვენა მცველი ოსკარ დე მარკოსი (2871 წუთში) და "რეალ მადრიდის" ცენტრალური მცველი ედერ მილიტაო (3690 წუთში) არიან.
ჟორდი ალბას გადამწყვეტი გოლები
ალბას მიერ "ოსასუნას" კარში გატანილმა გოლმა "ბარსელონას" საქმე საგრძნობლად გაუმარტივა - ჩავის გუნდს მხოლოდ 1 მოგება სჭირდება, რომ ჩემპიონობა გაინაღდოს. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.
საერთო ჯამში, ჟორდის "ბარსას" მაისურით 27 გოლი აქვს გატანილი. გასულ სეზონში "ბეტისის" კარის აღებით მან გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური გაუნაღდა.
2021 წლის კოპა დელ რეის მეოთხედფინალში, "გრანადას" წინააღმდეგ 91-ე წუთზე გატანილმა გოლმა "ბარსას" მატჩი დამატებით ტაიმებამდე გადააყვანინა. ალბამ დამატებით დროშიც გაიტანა და ულამაზესი გოლით საბოლოო ანგარიში, 5-3 დააფიქსირა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]