ბარსელონა მშრალი მატჩების რაოდენობით ჩელსის გაუთანაბრდა
"ბარსელონას" შესანიშნავი დაცვითი სტატისტიკა "ოსასუნასთან" მატჩშიც გაგრძელდა და გუნდმა კარი მშრალად კიდევ ერთხელ შეინახა.
შედეგად, მიმდინარე სეზონში "ბარსას" ანგარიშზე უკვე 25 მშრალი მატჩია, რაც ჟოზე მოურინიოს "ჩელსის" მიერ 2004/05 წლების სეზონში დაფიქსირებულ მაჩვენებელს უდრის. 21-ე საუკუნეში ამაზე უკეთესი შედეგი არავის ჰქონია, "ბარსას" კი ძალიან კარგი შანსი აქვს, ამ კომპონენტში ერთპიროვნული ლიდერი გახდეს, ვინაიდან, წინ კიდევ 5 შეხვედრაა.
"ბეტისთან" მატჩში (4-0) "ბარსელონამ" მადრიდის "ატლეტიკოს" მიერ 2015/16 წლების სეზონში დაფიქსირებული შედეგი (24 მშრალი შეხვედრა) გაიმეორა, "ოსასუნასთან" მატჩის შემდეგ კი მადრიდელთა რეკორდი მოხსნა. ამ საუკუნეში პრიმერა დივიზიონში კარი მშრალად 25-ჯერ სხვას არავის შეუნახავს.
ყველა დროის რეკორდის დამხობასთან ახლოს
"ბარსელონას" ლა ლიგის რეკორდი ჯერ არ დაუმყარებია. ყველა დროის საუკეთესო შედეგი ლა კორუნიის "დეპორტივოს" ეკუთვნის - 1993/94 წლების სეზონში ამ კლუბის მეკარემ, პაკო ლიანიომ კარი მშრალად 26 მატჩში შეინახა.
შესაბამისად, "ბარსას" 5 შეხვედრა აქვს, რომ ეს რეკორდიც დაამხოს - ამისთვის გუნდს მხოლოდ 2 მშრალი მატჩი სჭირდება. დარჩენილ ტურებში ჩავის გუნდი "ესპანიოლს", "სოსიედადს", "ვალიადოლიდს", "მალიორკასა" და "სელტას" დაუპირისპირდება.
11 გაშვებული გოლი
"ბარსელონამ" ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 11 გოლი გაუშვა. გუნდს შეუძლია, 1968/69 წლების სეზონში დაფიქსირებული რეკორდი (18 გაშვებული გოლი) მოხსნას, თანაც იმის ფონზე, რომ მაშინ ჩემპიონატში 30 ტური იმართებოდა.
ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი "რეალ მადრიდის" ანგარიშზეა, მაგრამ "ბლანკოსმა" ეს 1931/32 წლების სეზონში შეძლო, როცა გუნდებს მხოლოდ 18 მატჩის ჩატარება უწევდათ. გასაოცარია, რომ "ბარსელონას" ამ რეკორდის დამხობის შანსი 38-ტურიან ჩემპიონატშიც კი აქვს.
მიმდინარე საუკუნეში ტოპ 5 ლიგაში ამ მხრივ რეკორდი ზემოხსენებულ "ჩელსის" ეკუთვნის - 2004/05 წლების სეზონში პეტრ ჩეხმა მხოლოდ 15 გოლი გაუშვა. "ბარსა" ამ შედეგის გაუმჯობესების სერიოზული კანდიდატია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]