ბარსელონას ითხოვს, რომ 1937 წელს მოგებული ტურნირი ოფიციალურად ჩაეთვალოს

იმის გამო, რომ 1936-1939 წლებში ესპანეთში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, ამ დროის განმავლობაში ლა ლიგა შეჩერებული იყო.
მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ მოცემულ პერიოდში ხმელთაშუა ზღვის ლიგა ჩატარდებოდა, რომელსაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ ტურნირად არ აღიარებს.
1937 წელს ეს გათამაშება "ბარსელონამ" მოიგო, მაგრამ აღნიშნული ტიტული ოფიციალურად არ ეთვლება. სწორედ ამიტომ, ESPN-ის ცნობით, კატალონიური კლუბი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან ითხოვს, რომ ეს ტიტული ქვეყნის ჩემპიონობად ჩაეთვალოს.
"ბარსელონას" ეს მოთხოვნა 2009 წელსაც ჰქონდა, მაგრამ მაშინ ფედერაციამ კლუბი უარით გაისტუმრა. ახლა კი "ბარსამ" მცდელობა იმიტომ განაახლა, რომ "ლევანტეს" იმავე წელს მოგებული თავისუფალი ესპანეთის თასი ოფიციალურად ტიტულად უღიარეს.
ხმელთაშუა ზღვის ლიგის მსგავსად, ფედერაცია თავისუფალი ესპანეთის თასსაც არ აღიარებდა, მაგრამ ახლა გადაწყვეტილება შეცვალა, რის გამოც "ბარსელონა" მიიჩნევს, რომ თანმიმდევრობა დაცული არაა.
თუ "ბლაუგრანას" ტიტულს ჩაუთვლიან, ეს მისთვის 27-ე ჩემპიონობა იქნება, მიმდინარე სეზონის ბოლოს კი, უდიდესი ალბათობით, კიდევ ერთს მიამატებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]