მან. სიტი ეჭვობს, რომ გიუნდოგანმა ბარსელონაში გადასვლა უკვე გადაწყვიტა

"ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი მომდევნო სეზონისთვის უკვე ემზადება და პოტენციურ ტრანსფერებზე ფიქრობს, მაგრამ ვინაიდან კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, თავისუფალი აგენტების ვარიანტები აქტუალურია.
მიუხედავად იმისა, სერხიო ბუსკეტსი დარჩება თუ არა, "ბარსას" ნახევარდაცვის გაძლიერება ყველა შემთხვევაში სურს. ამ პოზიციაზე პრობლემები პედრის ტრავმის შემდეგ განსაკუთრებით გამოჩნდა.
ჩავის ფავორიტი კანდიდატი ბერნარდუ სილვაა, მაგრამ მისი ტრანსფერი წარმოუდგენელი ჩანს. სწორედ ამიტომ "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" კიდევ ერთ ფეხბურთელს, ილქაი გიუნდოგანს აკვირდება.
გერმანელი "ქალაქელთა" სასტარტო შემადგენლობის წევრია და ინგლისურ კლუბს მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებაც სურს, რადგან ამჟამინდელი ზაფხულში იწურება. თუმცა, "სიტიში" ეჭვობენ, რომ გიუნდოგანმა საკუთარი მომავალი უკვე გადაწყვიტა და "ბარსელონაში" გადადის.
ილქაის "ბარსაში" თამაში ყოველთვის სურდა - კლუბში, რომლის სტილიც მას ძალიან მოსწონს. გარდა ამისა, შთაბეჭდილება იქმნება, რომ გერმანელმა ინგლისში საკუთარი თავი ამოწურა და დროა, გარემო შეიცვალოს, ამისთვის კი ბარსელონა იდეალური ადგილია.
"ბარსასა" და გიუნდოგანს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და წარმატებითაც გრძელდება. "ბლაუგრანა" მზადაა, გერმანელს 2-წლიანი კონტრაქტი (მეტი, ვიდრე "მან. სიტი" სთავაზობს) შესთავაზოს. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც "ბარსელონას" გიუნდოგანის დამატება სურს, ისაა, რომ მას თამაში ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]