ბარსელონა-რეალ მადრიდი | მატჩისწინა მიმოხილვა

ესპანეთის ჩემპიონობასთან ასე ახლოს დიდი ხანია, არ ვყოფილვართ. დღეს კარგი შანსი გვაქვს, ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტულს კიდევ უფრო მივუახლოვდეთ. ამისთვის "რეალ მადრიდთან" ფრეც საკმარისი იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, "ბარსა" მოგებისთვის ითამაშებს.
თუ დღეს "ბლაუგრანა" 3 ან მეტი ბურთის სხვაობით მოიგებს, კატალონიელები ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდებიან, რადგან 12-ქულიანი სხვაობის გარდა "ბარსა" ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობას მოიპოვებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ 12 ტურში ჩავის გუნდს 4 წაგების უფლება ექნება.
სათამაშო ფორმა
დღეს ერთმანეთის პირისპირ ლა ლიგის საუკეთესო შეტევასა და დაცვას ვიხილავთ. მადრიდულ გუნდს 25 ტურში ყველაზე მეტი, 50 გოლი აქვს გატანილი, კატალონიელებმა კი ამდენივე თამაშში მხოლოდ 8 ბურთი გაუშვეს. შედარებისთვის, "რეალ მადრიდს" უკვე 19 გოლი აქვს გაშვებული.
ბოლო დროს "ბარსელონას" თამაშს იდეალური ნამდვილად არ ეთქმის, მაგრამ ჩავის გუნდი სასურველი შედეგის დაფიქსირებას მაინც ახერხებს. ლა ლიგასა და ევროპა ლიგაზე ზედიზედ 2 წაგების შემდეგ "ბარსამ" 3 თამაში მოიგო, სამივე ანგარიშით 1-0. ერთი მათგანი კატალონიელებმა სწორედ "რეალ მადრიდთან" გამართეს.
"კამპ ნოუზე" 2023 წელს გამართულ 6 თამაშში მასპინძლებს 5 მოგება და 1 ფრე აქვთ. "ბარსამ" ხუთივე ეს თამაში მშრალად მოიგო.
ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საკუთარ კედლებში "ბარსელონამ" 12 თამაში ჩაატარა, საიდანაც 10 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. ამ 12 შეხვედრაში მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, ისიც თერთმეტმეტრიანი დარტყმით.
მადრიდულ გუნდს 3-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, რის შემდეგაც "ბლანკოსმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჯერ "ესპანიოლი", შემდეგ კი "ლივერპული" დაამარცხა.
მეტოქის მოედანზე გამართულ ბოლო 4 მატჩში "რეალ მადრიდს" მხოლოდ 2 მოგება აქვს, დანარჩენ ორ შეხვედრაში კი მადრიდელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
კარლო ანჩელოტის გუნდმა ლა ლიგაში პირველი 6 გასვლითი შეხვედრა მოიგო, მაგრამ მას შემდეგ გამართულ 7 მატჩში მადრიდელებს მხოლოდ 3 მოგება აქვთ. ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 2 გასვლითი თამაში "ბლანკოსმა" ბოლოს 2022 წლის ოქტომბერში მოიგო. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სექტემბრის შემდეგ თუ "რეალ მადრიდი" ლა ლიგაში სტუმრად იგებს, გოლს არ უშვებს.
25 ტურის შემდეგ "ბარსელონა" ლა ლიგას 65 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე მყოფი "რეალ მადრიდი" კი მას 9 ქულით ჩამორჩება.
"ბარსელონას" ერთი უპირატესობა აქვს. კატალონიელებმა ერთი კვირა დაისვენეს, "რეალ მადრიდს" კი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამო ამისთვის მხოლოდ 3 დღე ჰქონდათ.
დანაკლისი
დანაკლისი ორივე გუნდს აქვს. ტრავმების გამო "ბარსელონას" პედრი და უსმან დემბელე, ხოლო "რეალ მადრიდს" დავიდ ალაბა არ ეყოლება.
ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაციის ზღვარზე მასპინძელთაგან კესიე, დემბელე, ტორესი და რაფინია, ხოლო სტუმართაგან კარვახალი, ნაჩო და კამავინგა არიან.
ურთიერთშეხვედრები
"ბარსელონასა" და "რეალ მადრიდს" ერთმანეთის პირისპირ სულ 289-ჯერ უთამაშიათ. "ბლაუგრანას" 119 მოგება, 62 ფრე, 105 მარცხი, 497 გატანილი და 462 გაშვებული გოლი დაუგროვდა.
თუ მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებს ჩავთვლით, უპირატესობა დედაქალაქელთა მხარესაა - 250 თამაშში 101 მოგება, 52 ფრე, 99 მარცხი, 419 გატანილი და 413 გაშვებული გოლი.
ლა ლიგაში გამართულ 185 შეხვედრაში "ბარსელონას" 73 მოგება, 35 ფრე და 77 წაგება აქვს.
ბარსელონაში 119 "ელ კლასიკო" გამართულა, საიდანაც 63 მასპინძლებმა მოიგეს, 29 სტუმრებმა, ხოლო 27 თამაში ფრედ დასრულდა.
ბოლო წლებში "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "რეალ მადრიდის" დამარცხებას ვერაფრით ახერხებს. ბოლო 8 წლის განმავლობაში ამ სტადიონზე 9 "ელ კლასიკო" გაიმართა, საიდანაც "ბარსამ" მხოლოდ ერთი მოიგო. ეს 2018 წელს მოხდა, როდესაც მასპინძლებმა სტუმრები 5-1 გაანადგურეს. მას შემდეგ გამართულ 4 თამაშში "ბლაუგრანას" 2 ფრე და 2 მარცხი დაუგროვდა.
არბიტრი
დღევანდელ "ელ კლასიკოს" რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა განსჯის.
ბენგოეჩეა 36 წლისაა. მან მსაჯობა 2009 წელს დაიწყო. 2011 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2015 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.
კარიერის განმავლობაში დე ბურგოსი თამაშში საშუალოდ 25 ჯარიმასა და 0.29 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.14 ყვითელ და 0.18 წითელ ბარათს უჩვენებს. ბენგოეჩეას მიერ განსჯილი თამაშების 47%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 32%-ში - სტუმრები.
"ელ კლასიკოში" ბენგოეჩეას აქამდე ორჯერ უმსაჯია, ორივეჯერ ესპანეთის სუპერ თასზე და ორივე ეს შეხვედრა 3-1 დასრულდა. 2017 წელს "რეალ მადრიდმა" მოიგო, წელს კი - "ბარსელონამ".
რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეას სტატისტიკა "ბარსელონასა" და "რეალ მადრიდის" თამაშებში:
ბარსელონა | რეალ მადრიდი | |
თამაში | 25 | 20 |
მოგება | 20 | 15 |
ფრე | 1 | 3 |
წაგება | 4 | 2 |
მოგების % | 80% | 75% |
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 7 | 8 |
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 0 | 1 |
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 6 | 2 |
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 1 |
გამორჩეული ფეხბურთელები
რონალდ არაუხოსა და ვისინისიუს ჟუნიორის დაპირისპირება "ელ კლასიკოს" ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა. ბრაზილიელი მარცხენა გარემარბი დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, კარლო ანჩელოტი კი მას სულაც საუკეთესოდ მიიჩნევს, თუმცა არაუხოს წინააღმდეგ მას არაფერი გამოსდის.
ბოლო "ელ კლასიკოებში" ჩავი ურუგვაელს დაცვის მარჯვენა ფლანგზე აყენებს, მიზეზი კი სწორედ ვინისიუსის განეიტრალებაა. ასეთი რამ სულ 3-ჯერ მოხდა და არაუხომ ვინისიუსს სამივე შემთხვევაში აჯობა, "ბარსამ" კი სამივე თამაში მოიგო. შუალედში ერთი "ელ კლასიკო" იყო, რომელიც ურუგვაელმა მცველმა ტრავმის გამო გამოტოვა და ეს შედეგზეც აისახა - ბოლო 4 "კლასიკოდან" ეს ერთადერთია, რომელიც "რეალ მადრიდმა" მოიგო.
ბოლო 3 "კლასიკო", რომელშიც არაუხომ ითამაშა, "ბარსელონამ" მოიგო, ხოლო ბოლო 4, რომელიც ურუგვაელმა გამოტოვა - წააგო.
ჩავი ერნანდესი vs კარლო ანჩელოტი
დღევანდელი "ელ კლასიკო" გამორჩეული იქნება ჩავი ერნანდესისთვის. მწვრთნელის რანგში ის "რეალ მადრიდს" ხუთჯერ დაუპირისპირდა და საინტერესოა, რომ არცერთი ეს დაპირისპირება "კამპ ნოუზე" არ გამართულა. დღეს მშობლიურ არენაზე ჩავის "ელ კლასიკოში" დებიუტი შედგება.
გამართულ 5 "ელ კლასიკოში" ჩავის 3 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდა. პირველი წაგება ესპანეთის სუპერ თასზე იყო, როდესაც ძირითადი დრო 2-2 დასრულდა. მაშინ ჩავის განკარგულებაში მეტოქისაზე გაცილებით სუსტი შემადგენლობა იყო. მეორე მარცხი კი, როგორც უკვე ვახსენეთ, რონალდ არაუხოს არყოფნაში დაფიქსირდა. რაც შეეხება გამარჯვებებს - "ბარსელონას" სრული დომინაცია 4-0 და 3-1 მოგებულ შეხვედრებში, ხოლო დაცვაში იდეალური თამაში ბოლო "კლასიკოში", როდესაც "ბარსას" შეტევაში ძალიან დიდი დანაკლისი ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ "ელ კლასიკოებში" ჩავი ერნანდესი კარლო ანჩელოტის ჯობნის.
ანჩელოტიმ "ბარსელონას" წინააღმდეგ გუნდი 17-ჯერ გაიყვანა. მის ანგარიშზე 6 მოგება, 3 ფრე და 8 მარცხია.
"რეალ მადრიდით" ანჩელოტი "ბარსას" 11-ჯერ დაუპირისპირდა. "ბლანკოსმა" 5 შეხვედრა მოიგო და 6 დათმო. "კამპ ნოუზე" ანჩელოტის მონაწილეობით გამართული სამივე თამაში 2-1 დასრულდა, აქედან ორჯერ მასპინძლების, ერთხელ კი სტუმრების გამარჯვებით.
სტატისტიკა
- "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" გამართული ბოლო 9 "ელ კლასიკოდან" მხოლოდ 1 მოიგო;
- "ბარსელონას" "კამპ ნოუზე" გამართულ ბოლო 4 "ელ კლასიკოში" მოგება არ აქვს;
- "კამპ ნოუზე" გამართული ბოლო 18 "ელ კლასიკოდან" 16-ში სამი ან მეტი გოლი გადიოდა;
- "რეალ მადრიდი" ბოლო 9 "ელ კლასიკოში" კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
- ბოლო 5 "ელ კლასიკოდან" ოთხში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- "ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო 10 თამაშიდან 9 მოიგო;
- "ბარსელონას" ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საკუთარ კედლებში მხოლოდ 1 გოლი აქვს გაშვებული;
- "ბარსელონას" ბოლო 4 თამაში ანგარიშით 1-0 დასრულდა;
- "ბარსელონას" მიერ ლა ლიგაში გამართული ბოლო 11 თამაშიდან ცხრაში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- "ბარსელონა" ბოლო 19 თამაშიდან 18-ში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- "ბარსელონამ" ბოლო 3 თამაში ანგარიშით 1-0 მოიგო;
- "ბარსელონას" ბოლო 8 თამაშიდან ექვსში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- "რეალ მადრიდის" ბოლო 5 თამაშიდან ოთხში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- "რეალ მადრიდის" ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- "რეალ მადრიდის" ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გუნდები 10 ან მეტ კუთხურს აწვდიდნენ;
- ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 2.2 ანიჭებენ, რაც მოგების 45%-იან შანსს უდრის, "ბარსელონა" კი ასეთი თამაშების 50%-ს იგებს;
- ტოტალიზატორები "რეალ მადრიდის" მოგებას კოეფიციენტს 3.2 ანიჭებენ, რაც მოგების 31%-იან შანსს უდრის, "რეალ მადრიდი" კი ასეთი თამაშების 64%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, კესიე, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
რეალ მადრიდი (4-3-3): კურტუა, კარვახალი, მილიტაო, რუდიგერი, ნაჩო, კამავინგა, მოდრიჩი, კროოსი, ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი.
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, კესიე, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
რეალ მადრიდი (4-3-3): კურტუა, კარვახალი, მილიტაო, რუდიგერი, ნაჩო, კამავინგა, მოდრიჩი, კროოსი, ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, კესიე, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
რეალ მადრიდი (4-2-3-1): კურტუა, კარვახალი, მილიტაო, რუდიგერი, ნაჩო, კროოსი, კამავინგა, ვალვერდე, მოდრიჩი, ვინისიუსი, ბენზემა.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, კესიე, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
რეალ მადრიდი (4-3-3): კურტუა, კარვახალი, მილიტაო, რუდიგერი, ნაჩო, კამავინგა, მოდრიჩი, კროოსი, ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი.
პროგნოზი
- WhoScored: 2-1
- Sportsmole: 1-1
- Sportskeeda: 1-2
- 90min: 1-0
- Squawka: 1-2
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 1 ]