ვიტორ როკე მზადაა, ბარსელონას დაელოდოს

ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავი ვიტორ როკე აპირებს, "ბარსელონაში" ტრანსფერს ზაფხულამდე დაელოდოს. ინფორმაციას ამის შესახებ Sport-ის ჟურნალისტი ჟოაკიმ პიერა ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც "ბარსა" ენდრიკისთვის ბრძოლაში "რეალ მადრიდთან" დამარცხდა, კატალონიელებმა აქცენტი კიდევ ერთ ბრაზილიელ ვარსკვლავზე, ვიტორ როკეზე გააკეთეს. კლუბში მიაჩნიათ, რომ 17 წლის შემტევს ენდრიკზე უკეთესი მომავალი აქვს.
ერთი უპირატესობა, რაც როკეს ენდრიკთან შედარებით აქვს, მისი ასაკია. როკე 18 წლის თებერვალში ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონას" მისი დამატების უფლება წელსვე ექნება.
მაგრამ საკითხავია, რამდენად მოახერხებს "ბარსელონა" "ატლეტიკო პარანაენსედან" ფეხბურთელის გადმობირებას. პრობლემას, რა თქმა უნდა, "ბლაუგრანას" რთული ფინანსური მდგომარეობა ქმნის.
თუმცა თუ Sport-ს დავუჯერებთ, თავად ფეხბურთელი მზადაა, "ბარსას" ზაფხულამდე დაელოდოს. როკეს იმედი აქვს, რომ სეზონის ბოლოსთვის კატალონიელებს ფინანსური პრობლემები მოგვარებული ექნებათ და ისინი ახალი ფეხბურთელების ლა ლიგაში დარეგისტრირებას შეძლებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]