ბარსელონა-რეალ სოსიედადი | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-რეალ სოსიედადი | მატჩისწინა მიმოხილვა

  • თამაშის დრო: ოთხშაბათი, 25 იანვარი, 23:55

სეზონის ყველაზე მარტივი ტიტული მოგებულია, ახლა მეორე ყველაზე მარტივის ჯერია - ესპანეთის თასის.

"ბარსელონა" ესპანეთის თასის ნახევარფინალშია, სადაც "რეალ სოსიედადს" ერთმატჩიან დაპირისპირებაში ხვდება. სან სებასტიანური გუნდი საჩუქარი ნამდვილად არაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რა დონის კლუბები გავიდნენ მეოთხედფინალში, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ წილისყრაში არ გაგვიმართლა. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ თამაში "კამპ ნოუზე" იმართება.

სათამაშო ფორმა

2023 წელს "ბარსელონამ" ყველა შეხვედრა სასურველი შედეგით დაასრულა, თუმცა თამაში კმაყოფილების საფუძველს ისევ არ იძლევა. ერთადერთი მატჩი, რომელშიც ის "ბარსა" ვიხილეთ, რომელიც გვსურდა, სუპერ თასის ფინალში "რეალ მადრიდთან" გამართული დაპირისპირება იყო. ესპანურ მედიაში იწერება, რომ ჩავი დღესაც იმავე შემადგენლობით თამაშს აპირებს.

ქვეყნის თასზე "ბარსამ" 2 თამაში ჩაატარა - "ინტერსიტისთან" იწვალა და დამატებითი ტაიმების დახმარებით 4-3 მოიგო, "სეუტასთან" კი მარტივად იმარჯვა - 5-0.

"რეალ სოსიედადის" ფორმას კი ძალიან კარგი ეთქმის. ბასკებმა მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის შემდეგ 7 შეხვედრა ჩაატარეს და ყველა მოიგეს, თანაც "ბარსელონასგან" განსხვავებით ყველა ძირითად დროში. შედეგად "სოსიედადმა" ლა ლიგის სამეულში ფეხი მყარად მოიკიდა.

სან სებასტიანელებმა თასზე უკვე 4 თამაში ჩაატარეს. მათ "კასალეგასი", "სორია", "ლოგრონიესი" და "მალიორკა" გამოაგდეს.

დანაკლისი

"ბარსელონას" დანაკლისი არ აქვს. ჩავის გუნდს უბრუნდებიან რობერტ ლევანდოვსკი და ფერან ტორესი, რომლების დისკვალიფიკაციაც თასზე არ ვრცელდება. ასევე სრულ მზადყოფნაში არიან რონალდ არაუხო და ფრენკი დე იონგი, რომლებმაც "ხეტაფესთან" დაპირისპირება მცირე დისკომფორტის გამო გამოტოვეს.

სტუმრებს კი დიდი დანაკლისი აქვთ. იმანოლ ალგუასილის გუნდს ალექს სორია, მიკელ მერინო, მოჰამედ შო, ანდერ გევარა, ანდონი გოროსაბელი, ხონ პაჩეკო, დავიდ სილვა და უმარ სადიქი არ ეყოლება. აქედან მერინოს, გოროსაბელისა და სილვას არყოფნას მნიშვნელოვანი დანაკლისი ეთქმის.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვთ. სულ გამართული 190 დაპირისპირებიდან "ბარსელონამ" 111 მოიგო, 43 ფრედ დაასრულა და 36 წააგო. კატალონიელებმა გაიტანეს 393 და გაუშვეს 192 გოლი.

ბოლო დროს "ბარსას" "რეალ სოსიედადთან" თამაში გამოსდის. კატალონიელებმა უკანასკნელი 4 დაპირისპირება მოიგეს, აქედან სამში მათ მინიმუმ 4 გოლი გაჰქონდათ. ბასკებმა "ბლაუგრანა" ბოლოს 2016 წლის აპრილში დაამარცხეს. მას შემდეგ გამართულ 16 თამაშში კი მათი მაქსიმუმი 3 ფრე იყო, დანარჩენ 13 შემთხვევაში "ბარსამ" იმარჯვა.

კიდევ უფრო შთამბეჭდავია "ბარსელონას" წარმატებული სერია "კამპ ნოუზე". ამ მოედანზე 1996 წლის შემდეგ გუნდებმა 26 თამაში ჩაატარეს და ყველა მასპინძლებმა მოიგეს, ბოლო 30 მატჩში კი "ბარსას" 29 მოგება და 1 ფრე აქვს. "სოსიედადმა" "ბლაუგრანა" სტუმრად ბოლოს 1991 წელს დაამარცხა.

სულ სან სებასტიანელებთან საკუთარ კედლებში გამართულ 93 თამაშში "ბარსელონას" 80 მოგება, 10 ფრე და მხოლოდ 3 მარცხი აქვს.

ესპანეთის თასზე გუნდებს 34-ჯერ უთამაშიათ და დიდი უპირატესობა აქაც "ბარსას" აქვს - 22 მოგება, 9 ფრე, 3 მარცხი. ამ ტურნირზე "ბლაუგრანამ" "თეთრ-ლურჯებთან" ბოლოს 1980 წელს წააგო.

არბიტრი

შეხვედრას ხესუს ხილ მანსანო განსჯის.

მანსანო 38 წლისაა. მან მსაჯობა 2006 წელს დაიწყო. 2009 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2012 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.

კარიერის განმავლობაში ხილ მანსანო თამაშში საშუალოდ 24.8 ჯარიმასა და 0.31 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5 ყვითელ და 0.23 წითელ ბარათს უჩვენებს. მანსანოს მიერ განსჯილი თამაშების 48%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 28%-ში - სტუმრები.

ხესუს ხილ მანსანო "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი არბიტრია. მას კატალონიური გუნდის წინააღმდეგ საეჭვო გადაწყვეტილება არაერთხელ მიუღია. მანსანომ "ბლაუგრანას" ფეხბურთელები მოედნიდან 10-ჯერ გააძევა. ამაზე მეტი (11) წითელი ბარათი "ბარსას" მხოლოდ ანტონიო ხოსე ლოპეს ნიეტოსგან გაქვს მიღებული.

ხესუს ხილ მანსანოს სტატისტიკა "ბარსელონასა" და "სოსიედადის" თამაშებში:

ბარსელონა სოსიედადი
თამაში 33 18
მოგება 20 4
ფრე 7 5
წაგება 6 9
მოგების % 61% 22%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 6 7
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 5 5
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 6 2
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 10 3

სტატისტიკა

  • ამ გუნდების ბოლო 16 თამაშში "ბარსელონას" 13 მოგება და 3 ფრე აქვს;
  • "რეალ სოსიედადმა" "კამპ ნოუზე" ბოლოს 1991 წელს მოიგო, მას შემდეგ გამართული 30 თამაშიდან კი 29 დათმო, მათ შორის უკანასკნელი 26;
  • "ბარსელონამ" "რეალ სოსიედადთან" ესპანეთის თასზე ბოლოს 1980 წელს წააგო;
  • ამ გუნდების ბოლო 16 დაპირისპირებაში" "ბარსელონა" გოლის გატანას ახერხებდა;
  • ამ გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებიდან ხუთში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში ანგარიშს "ბარსელონა" ხსნიდა;
  • ამ გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებიდან ხუთში "ბარსელონა" პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
  • "ბარსელონას" ყველა ტურნირზე გამართულ ბოლო 11 თამაშში წაგება არ აქვს;
  • "ბარსელონა" ბოლო 7 თამაშში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • "ბარსელონა" ბოლო 7 თამაშში პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
  • "ბარსელონას" ბოლო 7 თამაშიდან ხუთში გუნდები 11 ან მეტ კუთხურს აწვდიდნენ;
  • "რეალ სოსიედადს" ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 9 თამაში მოგებული აქვს;
  • "რეალ სოსიედადის" ბოლო 6 თამაშიდან ხუთში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • "რეალ სოსიედადი" ბოლო 9 თამაშში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • "რეალ სოსიედადი" ბოლო 7 თამაშიდან ექვსში პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
  • "რეალ სოსიედადის" ბოლო 9 თამაშიდან შვიდში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • "რეალ სოსიედადის" ბოლო 8 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 1.55 ანიჭებენ, რაც მოგების 65%-იან შანსს უდრის, "ბარსა" კი ასეთი თამაშების 81%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

"სოსიედადთან" თამაში რთული და ამავდროულად სანახაობრივი იქნება. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები სიამოვნებას მიიღებენ.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, დემბელე, ლევანდოვსკი, გავი.

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, გავი.

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, პედრი.

პროგნოზი

  • Sportsmole: 1-0
  • Sportskeeda: 3-1

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 25 იანვარი 2023 23:38
    0
    ხესუს ხილ მანსანო რომ დავინახე და წავიკითხე ერთი ეგ არ მესიამოვნა მარტო
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 იანვარი 2023 15:09
    0
    ერთი პრობლემაა მარტო: მსაჯი. იმედია დირექტივებს არ მიიღებდა ტებასისგან.
    Culé [?]
    #2 25 იანვარი 2023 13:23
    0
    აბა ამ სოსიედადს კიარა იმნაირს მოვუგეთ ისეთ სტადიონზე რომელი სრული ყავდა შემადგენლობა
    Culé [?]
    #1 25 იანვარი 2023 13:22
    1
    უნდა მოვიგოოთ აუცილებლად,წელს მინიმუმ ორი ტიტულის მოგების რეალური შანსი გვაქ,წარმატებები ბიჭებს,ლევანას დუბლს ველოდები რატომღაც...