მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ბრწყინვალე შედეგები ლა ლიგაში

მარკ ტერ შტეგენი თითქმის იდეალურ სეზონს ატარებს და ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც გუნდი ლა ლიგას ლიდერობს.
"ხეტაფეს" 1-0 დამარცხება ნიშნავს, რომ გერმანელმა ესპანეთის ჩემპიონატის 17 მატჩიდან 13-ში გოლი არ გაუშვა. ტერ შტეგენი ტოპ 5 ლიგის მასშტაბით საუკეთესოა როგორც მშრალად შენახული კარით, ისე სეივების რაოდენობით.
"ბარსელონას" შედეგს მხოლოდ ორი გუნდი შეედრება - "იუვენტუსი" (12 მშრალად შენახული კარი 19 მატჩში) და "ნიუკასლი" (12 მშრალად შენახული კარი 20 მატჩში).
ტერ შტეგენმა 17 შეხვედრაში მხოლოდ 6 გოლი გაუშვა. მას 1-ზე მეტი გოლი მხოლოდ "ელ კლასიკოში" გაუტანეს, თითო-თითო გოლი კი "სოსიედადის", "ესპანიოლისა" და "ოსასუნასგან" მიიღო. "ესპანიოლთან" მატჩში გაშვებული პენალტი ერთადერთია, რომელიც ტერ შტეგენმა "კამპ ნოუზე" გაუშვა.
ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლი სწორედ "ბარსელონამ" გაუშვა. კატალონიურ კლუბთან ყველაზე ახლოს "ნიუკასლი" (20 მატჩში 11 გოლი), "ლანსი" (19 მატჩში 13 გოლი) და "ვილიარეალი" (18 მატჩში 13 გოლი) იმყოფებიან.
ტერ შტეგენმა მიმდინარე სეზონში, ლა ლიგის მასშტაბით, თავის კარში წასული დარტყმების 84.62% მოიგერია. მასთან ყველაზე ახლოს არიან: იევან დიუფი ("რეიმსი", 83.93%) და მატია პერინი ("იუვენტუსი", 83.33%).
უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ტერ შტეგენის ასეთი პერფორმანსი "ბარსას" შესანიშნავი დაცვის დამსახურებაცაა, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ გერმანელს მიმდინარე სეზონში 34 სეივის განხორციელება მოუწია. შედარებისთვის, ჯანლუიჯი დონარუმას, ნიკ პოუპს, ხერონიმო რულისა და იევენ დიუფს ბევრად მეტის, 54, 51 47 და 46 დარტყმის აღება მოუხდათ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 10 ]