ფეხბურთელი, რომელმაც 5 მუნდიალზე ითამაშა | ინტერვიუ რაფა მარკესთან

ფეხბურთელი, რომელმაც 5 მუნდიალზე ითამაშა | ინტერვიუ რაფა მარკესთან

1 მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მარტივი არაა, მაგრამ 5 მუნდიალზე ასპარეზობა ისეთი რამ არის, რისთვისაც ბევრს ნამდვილად არ მიუღწევია. 

მექსიკელი ლეგენდა და "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი - რაფა მარკესი სწორედ იმ მოთამაშეებს შორისაა, რომლებსაც 5 მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშიათ: 2002 წელს იაპონია-სამხრეთ კორეაში, 2006 წელს გერმანიაში, 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში, 2014 წელს ბრაზილიასა და 2018 წელს რუსეთში.

მარკესის გარდა ასეთი შედეგი მხოლოდ 2 ფეხბურთელს აქვს: ასევე მექსიკელ ანტონიო კარბახალსა და გერმანელ ლოთარ მათეუსს.

"ბარსელონას" ოფიციალური საიტი სარეზერვო გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან ინტერვიუს გვთავაზობს:

- რას ნიშნავს 5 მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში?

- ამას დიდი მუშაობა და ძალისხმევა დასჭირდა, განსაკუთრებით ბოლო მუნდიალს (2018). თუმცა, მაინც ვისურვებდი, რომ ნაკრებთან ერთად უფრო მეტისთვის მიმეღწია - მეოთხედფინალშიც კი არასდროს გავსულვართ.

- რა გაკლდათ?

- განსხვავებული მდგომარეობები იყო. 2006 წელს არგენტინასთან მაქსი როდრიგესის ბრწყინვალე გოლით წავაგეთ, 2014 წელს ბრაზილიაში კი უაზრო პენალტმა გვიმსხვერპლა. ვიმედოვნებ, წელს მექსიკა უფრო შორს წავა.

- პირველად მუნდიალზე 23 წლის ასაკში ითამაშეთ, ბოლოჯერ კი - 39 წლისამ. რა იყო თქვენი საიდუმლო?

- დიდი მსხვერპლი, ძალისხმევა, დისციპლინა და გულმოდგინედ მუშაობა. ამ დონის შენარჩუნება მარტივი არ ყოფილა. დისციპლინა მენტალურად და ფიზიკურად მზადყოფნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო.

- ხუთივე მსოფლიო ჩემპიონატზე კაპიტანი იყავით. რა თვისებებს გამოყოფდით?

- ბევრს. საკუთარი თანაგუნდელებისთვის მაგალითი უნდა იყო, მათ დაეხმარო, გაამხნევო, პატივი სვე და ცადო, მოედანზე მწვრთნელის მარჯვენა ხელი იყო. ვფიქრობ, ახალგაზრდული ასაკიდანვე ვცდილობდი, ჩემი საქმე გამეკეთებინა, მაგრამ ასევე მომწონდა, როცა სხვებს ვეხმარებოდი.

- 5 მუნდიალზე 16 წლის ინტერვალით ითამაშეთ. რამდენად შეიცვალეთ 2002-დან 2018 წლამდე?

- ძირითადად, ფიზიკურ ასპექტში მოვუმატე. ახლა არაერთი გზა არსებობს, რომ ფეხბურთელებს მოუარო, ანალიზი ჩაუტარო და უკეთესი გახადო - ამან ფეხბურთი განავითარა. 

- ეს ხსნის, თუ როგორ უახლოვდებიან ფეხბურთელები 5 მუნდიალს... წელს ამ სიას მესი, რონალდუ, გუარდადო და ოჩოა შეუერთდებიან.

- დიახ, ნამდვილად. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მალე ვინმე ამ რეკორდს დაამხობს. დღეს ფეხბურთელები თამაშს ადრე იწყებენ და ბევრად გვიან ასრულებენ. მაგალითად, თუ ასე გააგრძელებს, თავისი ტალანტისა და მენტალიტეტის გამო, პირველი, ვინც ამ რეკორდს მოხსნის, შესაძლოა, გავი იყოს. მას უყურებ და ფიქრობ, რომ ვერაფერი შეაჩერებს.

- რომელია თქვენი ფავორიტი მუნდიალი?

- 2006 წლის გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატი, რადგან მეოთხედფინალში გასვლასთან ყველაზე ახლოს ვიყავით. ასევე, ამ მუნდიალზე ჩემი პირველი გოლი გავიტანე. ვფიქრობ, ეს საუკეთესო ნაკრები იყო, რომელშიც მითამაშია. მაგრამ დიდ გუნდთან და მეტოქესთან, არგენტინასთან წავაგეთ. მგონია, რომ პირადად, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს შესანიშნავ ფორმაში შევხვდი.

- თქვენი დებიუტი გახსოვთ?

- ეს ბავშვის ოცნების ახდენას ჰგავდა. ჩემი დებიუტი კარგად მახსოვს, ხორვატიის წინააღმდეგ შედგა და დიდი სიამოვნება მივიღე. მთელი ოჯახი იქ იყო და მხარს მიჭერდა, რამაც დებიუტი განსაკუთრებული გახადა. პირველ მუნდიალზე მხოლოდ 23 წლის ვიყავი, მაგრამ კაპიტნობა მანდეს, რამაც გამაკვირვა - დიდი არჩევანი იყო, მაგრამ მათ მე ამირჩიეს. თუმცა, ვხვდები, ასე რატომ მოხდა - როცა მოედანზე გავდიოდი, მორცხვობას ვივიწყებდი და სხვა ადამიანად გარდავიქმნებოდი.

- და ბოლო მატჩი?

- ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი გრძელი კარიერა მსოფლიო ჩემპიონატზე დავასრულე. ბოლო მატჩში, სამწუხაროდ, ბრაზილიასთან წავაგეთ, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში მოვხვდი და კვლავ კაპიტანი ვიყავი.

- ბევრი შესანიშნავი მომენტი გემახსოვრება, მაგრამ ერთ-ერთი მოგვიყევი. 

- კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ფეხბურთელებთან თამაშის შესაძლებლობა მქონდა. თითოეულ მათგანთან დიდებული დრო გამიტარებია, მოგონებები, სიცილი... მაგალითად, 2006 წელს, ჩვენს მეკარეს, ოსვალდო სანჩესს ტურნირის დაწყებამდე მამა დაეღუპა. მან დაგვტოვა, რათა მამამისი დაეკრძალა, მაგრამ დაბრუნდა, რომ ჩვენთან ერთად ეთამაშა.

- რომელ თანაგუნდელთან გაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა?

- მაგალითად, ანდრეს გუარდადოსთან - დიდებული მეგობრობა და ურთიერთობა გვაკავშირებს. ახლა ის მექსიკის ნაკრების კაპიტანია. ანდრესი ყოველთვის ამბობდა, რომ მისი კუმირი ვარ, მაგრამ მასზე მეც იგივეს ვიტყოდი. 

- ფავორიტად რომელი გუნდი მიგაჩნია?

- სამხრეთ ამერიკიდან ორი დიდებული გუნდია - არგენტინა და ბრაზილია. ევროპიდან: საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და ბელგია.

- ბომბარდირი ვინ გახდება?

- ლეო მესი.

- "ბარსელონელებიდან" ყველაზე შორს ვინ წავა?

- ვფიქრობ, ესპანეთი შორს წავა. ლუის ენრიკემ ყატარში 8 "ბარსელონელი" წაიყვანა: ანსუ, პედრი, გავი, სერხიო, ერიკი, ალბა, ფერანი და ბალდე.

[fcbarcelona.com]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 21 ნოემბერი 2022 15:25
    0
    მარკესის გარდა ასეთი შედეგი მხოლოდ 2 ფეხბურთელს აქვს: ასევე მექსიკელ ანტონიო კარბახალსა და გერმანელ ლოთარ მათეუსს.
    ბუფონი იყო 1998, 2002, 2006, 2010, 2014 წლებში. 1998-ში შემადგენლობაში კი იყო, მაგრამ არ უთამაშია მაშინ პირველი ნომერი ჯანლუკა პალიუკა იყო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 ნოემბერი 2022 10:21
    0
    ნაკრებში რომ შეცდომით გამოიძახეს სხვის მაგივრად smiley
    ეგ 97-ში მოხდა, ბავშვი იყო, 17 წლისა;
    წაეყვანათ 98 მუნდიალზე და რეკორდი ექნებოდა, 6 მსოფლიო innocent
    Culé [?]
    #2 21 ნოემბერი 2022 01:06
    0
    ლეგენდა🥰🥰
    წევრი [?]
    #1 20 ნოემბერი 2022 23:42
    3
    მესის მთავარი საქმე გოლების გატანა არ იქნება. ერთი ოთხს კი გაიტანს მარა მთავარი მაინც გუნდის სხვა მოთამაშეებისთვის საგოლე პასების გაცემა იქნება და ასევე მთლიანი გუნდისთვის მეტი სივრცეების შექმნა. შესაბამისად ბომბარდირი ვერა მარა ვის რაში ჭირდება ბომბარდირობა... მთავარია მსოფლიო დაიდოს 😅❤️