ბარსელონამ, შესაძლოა, კოლიადო დაიბრუნოს და გაყიდოს

"ბარსელონადან" "ელჩეში" განათხოვრებული ალექს კოლიადოს მომავალი შესაძლოა, ისე არ განვითარდეს, როგორც სეზონის დასაწყისში იყო დაგეგმილი. განიხილება ვარიანტი, რომ "ბარსამ" ფეხბურთელი დაიბრუნოს და გაყიდოს.
"ელჩე" ლა ლიგის გამოკვეთილად ყველაზე სუსტი გუნდია. ალიკანტელებს იმედი აქვთ, რომ სიტუაციას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობით გამოასწორებენ. თუმცა მათი პრობლემა სახელფასო ლიმიტია. ალექს კოლიადოს "ელჩეს" სახელფასო ხარჯის საკმაოდ დიდი წილი ეკუთვნის, თანაც ესპანელი შემტევი სტაბილური თამაშით არ გამოირჩევა და თუ Relevo-ს დავუჯერებთ, კლუბს მისი "ბარსელონაში" იანვარში დაბრუნება სურს.
იმავე წყაროს ცნობით, "ბარსელონაში" კოლიადოს ადგილი არაა და თუ კატალონიელები ფეხბურთელს დაიბრუნებენ, მისი გაყიდვის ვარიანტს განიხილავენ. ასეთ შემთხვევაში კი ტრანსფერის ღირებულების 20% "ელჩეს" შეხვდება.
კოლიადომ "ელჩეს" მაისურით 8 თამაში ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]