ევრო 2024: კვარაცხელია და საქართველოს ნაკრები ბარსას ვარსკვლავების წინააღმდეგ

დღეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგებიც "ბარსელონას" ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
ესპანეთის ნაკრები
პოტენციური ფეხბურთელები: ექტორ ბელერინი, სერხიო ბუსკეტსი, პედრი, ანსუ ფატი, ფერან ტორესი, მარკოს ალონსო, ჟორდი ალბა, სერჟი რობერტო, ერიკ გარსია, გავი, ალეხანდრო ბალდე
ჩვენთვის განსაკუთრებით 2 ჯგუფი იქნებოდა საინტერესო - სადაც ესპანეთი მოხვდებოდა და რა თქმა უნდა, სადაც საქართველო მოხვდებოდა. ისე მოხდა, რომ ეს ორი ნაკრები ერთ ჯგუფში მოხვდა, მათთან ერთად კი ერლინგ ჰოლანდის ნორვეგიაც.
"ბარსელონას" ვარსკვლავებს საქართველოში კიდევ ერთხელ ვიხილავთ, რაც სასიამოვნოა. ასევე კარგი იქნება ხვიჩა კვარაცხელიასა და სხვა ქართველების ასეთი მაღალი დონის ნაკრების წინააღმდეგ ხილვა.
ისევე, როგორც ჩვენი, ასევე ესპანელი მცველებისთვის ძალიან დიდი გამოწვევა იქნება ერლინგ ჰოლანდის წინააღმდეგ თამაში.
A ჯგუფში საქართველოსთან, ესპანეთთან და ნორვეგიასთან ერთად შოტლანდია და კვიპროსი მოხვდნენ. თუ ჯგუფის სირთულეს გავითვალისწინებთ, ნამდვილად არ გაგვიმართლა.
საფრანგეთის ნაკრები
პოტენციური ფეხბურთელები: ჟიულ კუნდე, უსმან დემბელე
ნიდერლანდების ნაკრები
პოტენციური ფეხბურთელები: ფრენკი დე იონგი, მემფის დეპაი
საფრანგეთისა და ნიდერლანდების ნაკრებები ერთ ჯგუფში მოხვდნენ, ასე რომ "ბარსელონური" წყვილების დაპირისპირებას ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში ვიხილავთ.
საფრანგეთისა და ნიდერლანდების ჯგუფში ირლანდია, საბერძნეთი და გიბრალტარი მოხვდნენ.
პოლონეთის ნაკრები
პოტენციური ფეხბურთელი: რობერტ ლევანდოვსკი
რობერტ ლევანდოვსკის ჯგუფში ჩეხეთი, ალბანეთი, ფარერები და მოლდოვა მოხვდნენ. "ბარსელონას" პოლონელი ვარსკვლავისგან ბევრ გოლს ველით.
დანიის ნაკრები
პოტენციური ფეხბურთელი: ანდრეას კრისტენსენი
კრისტენსენის დანია, რომელიც პირველ კალათში იმყოფებოდა, ჯგუფში ფინეთთან, სლოვენიასთან, ყაზახეთთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და სან მარინოსთან ერთად მოხვდა.
საკვალიფიკაციო ეტაპი 2023 წლის 23 მარტს დაიწყება და 2024 წლის 26 მარტს დასრულდება. ზუსტი კალენდარი ცნობილი ჯერჯერობით არაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]