ინტერვიუ რაფა მარკესთან

ინტერვიუ რაფა მარკესთან

ლეგენდარული მექსიკელი ფეხბურთელი რაფა მარკესი სამწვრთნელო კარიერის პირველ ნაბიჯებს დგამს და აშკარად წარმატებით. მისი "ბარსა ატლეტიკი" კარგად გამოიყურება და თუ სეზონის სტარტით ვიმსჯელებთ, ზედა დივიზიონში გადასვლისთვის ბრძოლას აპირებს.

მარკესმა La Vanguardia-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ზოგადად "ბარსელონაზე", პირველ გუნდზე და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

- არის "ლა მასია" ის ადგილი, საიდანაც ყველაფერი უნდა დაიწყოს იმის მიუხედავად, თუ როგორ ფინანსურ სიტუაციაშია "ბარსა"?

- რა თქმა უნდა. ღირებულებების, ისტორიისა და პრინციპების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ვფიქრობ, "ლა მასიას" საკმარისი ტალანტები ჰყავს იმისათვის, რომ პირველი გუნდი მოამარაგოს.

- გიყვართ სპორტულ კომპლექსში სეირნობა და მომავალ ფეხბურთელებზე დაკვირვება?

- ახალგაზრდა ფეხბურთელები ხშირად მხვდებიან. მინდა, მათ დავაკვირდე ხოლმე, მაგრამ ამის დრო ნაკლებად მაქვს. მყავს თანამშრომლები, რომლებიც საინტერესო მოთამაშეების შესახებ ინფორმაციას მაწვდიან. ეს ფილოსოფია, მუშაობის ეს სტილი ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- ჩავის ხშირად ესაუბრებით?

- ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, კარგი მეგობრობა გვაკავშირებს და ახლა ისევ ერთ კლუბში ვმუშაობთ. კვირაში ერთხელ ან ორჯერ ვსაუბრობთ. ჩვენ შორის კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნდა ვეცადო და პირველი გუნდის სამსახურში ვიყო, ჩვენს ჯაჭვში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს გუნდია.

- პაბლო ტორე ამ კომუნიკაციის მაგალითია?

- დიახ. ის ცოტა ხნის წინ შემოგვიერთდა. დრო არ გვქონია იმისათვის, რომ მისთვის რამე აგვეხსნა. ჩვენი რუტინა ისეთივეა, როგორიც პირველი გუნდის. მან იცის, რომ ჩვენი კარი მისთვის ღიაა და შეუძლია, შემოგვიერთდეს, როდესაც ამის შანსი ექნება. ის არის ბიჭი, რომელსაც პირველ გუნდში თამაშისთვის საჭირო თვისებები აქვს, მაგრამ ასევე შეუძლია, კიდევ ბევრად მოუმატოს. ჩავი ამ საკითხს ძალიან კარგად მართავს.

- მოგვიყევით თქვენი გუნდის ყოველდღიურ რუტინაზე.

- ფეხბურთელები სასაუზმოდ ვარჯიშამდე ორი საათით ადრე მოდიან, ისევე, როგორც პირველ გუნდში. შემდეგ ისინი სამედიცინო განყოფილებაში წონის კონტროლს გადიან. ვარჯიშის შემდეგ ფიზმომზადების მწვრთნელებთან ერთად არიან. გვინდა, იმ რიტმს შევაჩვიოთ, რომლით ცხოვრებაც მათ პირველ გუნდში მოუწევთ და ეს მათთვის რაღაც სრულებით ახალი არ იყოს.

- თქვენი სამწვრთნელო გამოცდილების მიმართ კრიტიკა ისმოდა.

- გამოცდილება ისევ არ მაქვს, ეს ჩემი პირველი სამსახურია. თუმცა საბოლოოდ მაინც ინსტინქტებით ხელმძღვანელობ. ჩვენ ახლა თამაში არ წაგვიგია, ლიდერებს შორის ვიმყოფებით და საუკეთესოები არ ვართ, ასევე არ ვიქნებით ყველაზე ცუდები, როდესაც წავაგებთ. ეს გრძელი პროცესია. იმის მიუხედავად, გადავალთ თუ არა ზედა ლიგაში, ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, ბიჭები პრიმერა დივიზიონში სათამაშოდ მოვამზადო.

- პირველი გუნდის გაწვრთნას ისურვებდით?

- მჯერა, რომ ცხოვრებაში ოცნებები და მიზნები უნდა გქონდეს. მათ მისაღწევად კი თავდაუზოგავად შრომა და გამოცდილების დაგროვებაა საჭირო. ჯერ მხოლოდ ახლა დავიწყე, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ცხოვრების ამ ეტაპზე და რამდენად კარგი გამოვდგები. თუ არა, მიზნის მისაღწევად მუშაობას განვაგრძობ.

- გადაწყვეტილი გქონდათ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გახდებოდით?

- არა, მაგრამ ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ მწვრთნელის პროფილი მქონდა, რადგან თანაგუნდელებს ვეხმარებოდი. ფეხბურთელობის დროს მე მწვრთნელის თანაშემწის მოვალეობას ვასრულებდი და გადავწყვიტე, კარიერის დასრულების შემდეგ ამით მესარგებლა.

- რომელი მწვრთნელია თქვენთვის სამაგალითო?

- დიდებული მწვრთნელები მყავდა, ისეთები, როგორებიც არიან რიკარდო ლა ვოლპე, პეპ გვარდიოლა, რაიკარდი, დეშამი და უგო სანჩესი. ყველა მათგანისგან ვსწავლობდი. ვცდილობ, კარგი გადმოვიღო და ცუდი ავირიდო.

- ცუდი?

- ზოგი მწვრთნელი გუნდს უკეთ მართავს, სხვები საფეხბურთო ასპექტებში არიან უკეთესნი, ზოგი მენტალური მომზადების მხრივაა საუკეთესო... ვცდილობ, ყოველმხრივ დაბალანსებული ვიყო. დიახ, ჩემი საქმე მოედანია, მაგრამ ვცდილობ, მენტალური მიმართულებითაც ვიმუშაო. ფეხბურთი მხოლოდ ფეხბურთი არაა. ეს ასევე ცხოვრების გზაა.

- მოდით, ვისაუბროთ პრეზიდენტ ლაპორტაზე.

- მისმა გუნდმა 2003 წელს "ბარსელონაში" მოსვლის შესაძლებლობა მომცა. ახლა ის ნდობას კიდევ ერთხელ მიცხადებს. რა თქმა უნდა, ლაპორტასთან ერთად კლუბს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს. ის ძალისხმევა, რაც მან პირველი გუნდის გასაძლიერებლად გაიღო, გვიჩვენებს, რომ არის ადამიანი ძლიერი ხასიათით, რომელსაც კლუბისთვის ყოველთვის საუკეთესო უნდა.

- ანუ "ბარსა" დაბრუნდა?

- საქმე აქეთკენ მიდის. კლუბმა ამ გუნდის შესაქმნელად დიდი ძალისხმევა გაიღო. თუმცა ახლა საჭიროა, რომ თამაშიდან თამაშამდე რეჟიმში ვიყოთ.

- თავის დროზე თქვენი ტრანსფერი 5 მილიონი ევრო დაჯდა. ახლა ასეთი რამ შეუძლებელია.

- დიახ. ცხოვრებაშიც ასე ხდება ხოლმე. დღეს ყველაფერი უფრო ძვირია. თუმცა თუ კიდევ უფრო შორს გავიხედავთ, ვნახავთ, რომ სატრანსფერო ფასები კიდევ უფრო დაბალი იყო.

- "ბარსელონა: 2010 წელს დატოვეთ. კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გქონდათ, მაგრამ გადაწყვიტეთ, მეტი სათამაშო დრო მიგეღოთ. დროული წასვლა გამარჯვებას ნიშნავს?

- არ ვიცი, არის თუ არა ეს გამარჯვება. არ მინდოდა, დავრჩენილიყავი და უბრალოდ ერთი წლის ხელფასი ამეღო. ჩემთვის ეკონომიკური ფაქტორები კომფორტის ზონაში დარჩენის მიზეზი არასდროს ყოფილა. გუნდი საყოველთაოდ აღიარებულმა დავტოვე.

- რას ურჩევთ პიკესა და ალბას, რომლებიც დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებენ?

- ამისთვის მზად უნდა იყო და შეეგუო იმ როლს, რომელიც გაქვს. ახლა "ბარსელონაში" ტრავმებია და ეს ფეხბურთელები თავიანთ შანსს აუცილებლად მიიღებენ.

- მესის "კამპ ნოუზე" ისევ ხილვა გინდათ?

- "ბარსელონასა" და მესიზე საუბარი თითქმის ერთი და იგივეა. ეს კლუბი დიდი ხნის განმავლობაში მისი სახლი იყო. მან აქ ისტორია შექმნა და ვფიქრობ, მისთვის კარი ყოველთვის ღია იქნება. პირადად მე ლეოს "ბარსელონასა" და არგენტინის ფერების გარდა სხვა ფერებში ვერ ვხედავ.

- 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრალი დაგდეს, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყავით ჩართული. როგორ გახსენდებათ ეს დრო?

- ეს უსამართლობა იყო. მე დამასახელეს ისე, რომ შესწავლილი არაფერი ჰქონდათ. ასე მუშაობს შეერთებული შტატების მთავრობის ნაწილი. ეს ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო, თუმცა საბოლოოდ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ეს ამბავი დამეხმარა, ჩამომეშორებინა ადამიანები, რომლებსაც ჩემი არ სჯეროდათ. ასევე გამაკვირვეს ადამიანებმა, რომლებიც მანამდე კარგად არ მიცნობდნენ, მაგრამ ამ რთულ დროს მეხმარებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდი გამოვიარე, მაინც თავაწეული ვიყავი.

- ზედიზედ 5 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეთ, ყველა მათგანში გუნდის კაპიტანი იყავით. მაგრამ არცერთი მათგანი ყოფილა კატარში და ნოემბერში...

- ეს ცოტათი უცნაურია. თუმცა იმ ტერიტორიის გათვალისწინებით, სადაც ტურნირი იმართება, აშკარაა, რომ ის ახლა უნდა ჩატარდეს. ვფიქრობ, მაღალი დონის ჩემპიონატი იქნება, რადგან ფეხბურთელები უკეთ მომზადებულები იქნებიან, ვიდრე სეზონის ბოლოს არიან ხოლმე. ყველაზე მეტად კლუბები დაზარალდებიან.

- რას გვეტყვით მექსიკის ნაკრებზე?

- კარგი გუნდია. ტატა მარტინოს არ ვიცნობ. ვხედავ, რომ მისი გუნდი დიდ იმედებს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს საჭირო დონეზე არაა, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ მექსიკა თავს კარგად წარმოაჩენს.

- ფიქრობთ ნაკრების გაწვრთნაზე?

- ვფიქრობ, საკუთარი ქვეყნის გაწვრთნა ყველა მწვრთნელს უნდა. თუმცა ეს უნდა დაიმსახურო. იმისათვის, რომ შემოთავაზება მივიღო, მეტი გამოცდილება მჭირდება.

- ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების კანდიდატებს შორის ხედავთ?

- ესპანეთი ყოველთვის ფავორიტებს შორისაა იმ თამაშის გამო, რომელსაც ეს გუნდი გვიჩვენებს. ასევე არიან ბრაზილია და არგენტინა, რომლებიც კვლავ გრანდები არიან. გერმანია, რომელიც, შესაძლოა, ყველაზე ძლევამოსილი არაა, მაგრამ ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის.

- რა მოგონებები გაქვთ ბავშვობიდან?

- ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მექსიკაში ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ ქუჩაში ორი ქვა დადო და ფეხბურთი ითამაშო. თამაშს წვიმაშიც კი არ ვწყვეტდით. ბნელდებოდა და ჩვენ ისევ ვთამაშობდით. შემდეგ დედები გვაკითხავდნენ და სახლებში მივყავდით. საკმაოდ მოკრძალებულ ოჯახში ვცხოვრობდი. ფუფუნებაში არ ვიზრდებოდი, მაგრამ ოჯახმა მომცა ის ღირებულებები, რომლებმაც მაქციეს იმად, რაც ახლა ვარ.

- ნაღვლიანად საუბრობთ.

- მექსიკაში ფეხბურთს ბევრი თამაშობს, მაგრამ სამწუხაროდ დაუცველობის განცდა თავდაჯერებას გაკარგვინებს. ბავშვებს პარკში მარტოს ვეღარ დატოვებ. მქონდა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მნიშვნელოვნად დაზარალდა იმ საკითხის გამო, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. თუმცა მაინც ვცდილობ, სხვებს დავეხმარო. ჩემს ქვეყანაში მეტი ლიდერია საჭირო.

- როგორ ატარებს რაფა მარკესი თავისუფალ დროს?

- მე ვარ მამა, მეუღლე და შვილი. ასევე ტურისტიც. ცხოვრებამ მასწავლა, რომ დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვრო და მომავალზე ძალიან ბევრი არ უნდა ვიფიქრო, რადგან ეს მღელვარებას იწვევს. ასევე არ ვფიქრობ იმაზე, რაც გადამხდა, რადგან ეს დეპრესიამდე მიმიყვანს. ვცდილობ, ვიყო ბედნიერი და ცხოვრებისგან სიამოვნება მივიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 სექტემბერი 2022 21:33
    0
    როგორი დაუნდობელია დრო. ქვემოთ ლაპორტასთან, რომ დგას რა ლამაზი ბოვშვია და რას გავს ახლა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 სექტემბერი 2022 21:37
    2
    - "ბარსელონა: 2010 წელს დატოვეთ. კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გქონდათ, მაგრამ გადაწყვიტეთ, მეტი სათამაშო დრო მიგეღოთ. დროული წასვლა გამარჯვებას ნიშნავს?

    - არ ვიცი, არის თუ არა ეს გამარჯვება. არ მინდოდა, დავრჩენილიყავი და უბრალოდ ერთი წლის ხელფასი ამეღო. ჩემთვის ეკონომიკური ფაქტორები კომფორტის ზონაში დარჩენის მიზეზი არასდროს ყოფილა. გუნდი საყოველთაოდ აღიარებულმა დავტოვე.
    სულ დე იონგს და ბრეითვეიტს არ გავს!
    ფანი [?]
    #1 29 სექტემბერი 2022 21:06
    3
    მაგარი სტარტი აქვს ბარსა ატლეტიკში ამ კაცს. დალაგებულად საუბრობს, მიზანიც ისეთი აქვს თუ შესრულდა იმდენი მილიონების გასროლა არ მოგვიწევს ბართომეუს დროს როგორც ხდებოდა და აკადემიის ხალხი მიიღებს შანსს (დამსახურების მიხედვით რა თქმა უნდა). იმედია მომავალში იმ დონემდე მივა რაფა რო პირველი გუნდიც ღირსეულად ჩაიბაროს <3 მანამდე ჩავისაც აქვს რაღაცები სასწავლი. წარმატებები ორივეს