ბარსა წესდებას ცვლის, 2 პუნქტი უკვე ცნობილია
მიმდინარე წლის გაზაფხულზე "ბარსელონამ" კლუბის წესდების მასშტაბურ რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. შეიქმნა წესდების რეფორმის სპეციალური კომისია და გარდა ამისა, თავიანთი შეთავაზებების გაგზავნის შესაძლებლობა იმ გულშემატკივრებსაც მიეცათ, რომლებიც კლუბის წევრები არიან.
თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ წესდების შეცვლის საკითხი შემოდგომის გენერალურ ასამბლეაზე უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ კლუბმა გულშემატკივრებისგან ბევრი საინტერესო წინადადება მიიღო, რის გამოც პროცესი უფრო მასშტაბური გახდა და გადაწყდა, ამ საკითხის საბოლოო განხილვა გადაედოთ.
Mundo Deportivo იმ ორ საკითხზე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის შესახებაც ჟურნალისტებმა უკვე შეიტყვეს. საუბარი საპრეზიდენტო ვადისა და საგარანტიო თანხის შემცირებაზეა.
ჟოან ლაპორტას ინიციატივაა, საპრეზიდენტო ვადა 6 წლიდან 5 წლამდე შემცირდეს.
რაც შეეხება საგარანტიო თანხას: მოქმედი რეგულაციით კლუბის პრეზიდენტი ვალდებულია, კლუბის წლიური ბიუჯეტის 15%-ის საგარანტიო თანხა ბანკში წარადგინოს. ამით კლუბი ფინანსურად მეტნაკლებად დაცულია. ეს ვალდებულება კლუბებს ესპანური კანონმდებლობით ჰქონდათ, მაგრამ ცოტა ხნის წინ კანონი შეიცვალა და ისეთ კლუბებს, როგორებიც "ბარსა" და "რეალი" არიან, ასეთი ვალდებულება აღარ აქვთ.
ვალდებულების მოხსნის მიუხედავად "ბარსელონა" აპირებს, საგარანტიო თანხა დატოვოს, თუმცა შეამციროს, ვინაიდან 15% მართლაც ბევრია და ლაპორტას ამ თანხის შეგროვება ძალიან გაუჭირდა. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ თუ საგარანტიო თანხა დიდია, პრეზიდენტს გარეშე პირების დახმარება ჭირდება, ეს პირები კი შემდეგ კლუბის მართვაზე წვდომას იღებენ, რაც კლუბის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]