5 სტატისტიკური მონაცემი, რომელშიც ბარსა ლიდერობს

"ბარსელონა" ევროპის საუკეთესო 5 ჩემპიონატში მოთამაშე იმ 10 გუნდს შორის შედის, რომლებიც შიდა ასპარეზზე ჯერ არ დამარცხებულან.
ჩავის გუნდი ლა ლიგის სტარტზე კარგად გამოიყურება. მართალია, კატალონიელებმა პირველ ტურში ქულები დაკარგეს, მაგრამ მომდევნო 5 ტურში დაამტკიცეს, რომ ეს შემთხვევითობა იყო.
მთავარ მონაცემში, მოპოვებულ ქულებში "ბარსა" "რეალ მადრიდს" 2 ქულით ჩამორჩება, მაგრამ სხვა სტატისტიკური მონაცემები სიტუაციის გამოსწორების იმედს იძლევა.
"ბარსას" ოფიციალური საიტი გვთავაზობს იმ 5 სტატისტიკურ მონაცემს, რომელშიც კატალონიური გუნდი ლა ლიგაში საუკეთესოა.
გატანილი გოლები
6 თამაშში "ბარსელონამ" უკვე 18 გოლის გატანა მოახერხა, რაც მატჩში საშუალოდ 3 გოლს ნიშნავს. ეს საუკეთესო შედეგია. მეორე ადგილზე "რეალ მადრიდია" 17 გოლით, ხოლო მესამეზე "ბილბაო" 12 გოლით.
"ბარსელონელი" ლიდერობს ბომბარდირთა დავასაც. რობერტ ლევანდოვსკიმ 6 თამაშში 8 გოლის გატანა მოახერხა. დანარჩენი 10 გოლი უსმან დემბელეს (2), ანსუ ფატის (2), რაფინიას, პედრის, დე იონგის, ერიკ გარსიასა და სერჟი რობერტოს ანგარიშზეა.
გაშვებული გოლები
"ბარსელონამ" 6 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, რაც დაცვისა და ტერ შტეგენის შესანიშნავი თამაშის შედეგია. გასაკვირი არაა, რომ ეს ლა ლიგაში საუკეთესო შედეგია, რის გამოც ტერ შტეგენი "სამორას" ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატია.
მშრალად შენახული კარი
6 თამაშში მხოლოდ 1 გოლის გაშვება ნიშნავს იმას, რომ "ბარსელონამ" 5-ჯერ კარი მშრალად შეინახა, რაც ჩემპიონატში ასევე საუკეთესო შედეგია. "ბლაუგრანას" კარი მხოლოდ "რეალ სოსიედადმა" აიღო, ხოლო "რაიომ", "ვალიადოლიდმა", "სევილიამ", "კადისმა" და "ელჩემ" ეს ვერ მოახერხეს.
ბურთის ფლობა
განვლილ 6 ტურში "ბარსელონას" საშუალო ბურთის ფლობა 66.11% იყო, რაც საუკეთესო შედეგია. მეორე ადგილზე "ვალენსიაა" 61.9%-ით, ხოლო მესამეზე "რეალ მადრიდი" 57.06%-ით.
კარში დარტყმები
"ბარსელონამ" 6 თამაშში კარში 119-ჯერ დაარტყა, საიდანაც 46-ჯერ ბურთი კარის ჩარჩოში მოხვდა. ორივე ამ მაჩვენებლით კატალონიელები ლა ლიგაში საუკეთესოები არიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]