ბარსელონა ელოდება, როდის შეასრულებს პიკე პირობას

"ბარსელონას" ლეგენდარულ მცველს, ჟერარ პიკეს კარიერაში ყველაზე რთული მომენტი უდგას. 35 წლის ფეხბურთელი სათამაშო დროს თითქმის ვეღარ იღებს და როგორც ჩანს, ასეც გაგრძელდება.
გუნდში ჟიულ კუნდსა და ანდრეას კრისტენსენის მოსვლამ, ასევე ახალგაზრდა ცენტრალური მცველების, რონალდ არაუხოსა და ერიკს გარსიას ყოფნამ პიკეს სიტუაცია გაართულა. გასულ ზაფხულში ჟერარმა ლაპორტას პირობა მისცა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველის მოყვანის შემთხვევაშიც კი ის სასტარტოში ითამაშებდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარია.
"ბარსელონა" პიკეს სპორტული მიმართულებით ვერ იყენებს, ფინანსურად კი ფეხბურთელი კლუბისთვის პრობლემას წარმოადგენს. კლუბში იმედი აქვთ, რომ პიკე პირობას შეასრულებს და "ბარსას" პრობლემებს არ შეუქმნის.
"ბაიერნთან" 2-8 წაგების შემდე ჟერარმა განაცხადა: "ფსკერს მივაღწიეთ. თუ ჩემი წასვლაა საჭირო იმისათვის, რომ ახალი სისხლი მოვიდეს, მზად ვარ, წავიდე". 2021 წელს პიკემ განაცხადა: "თუ კუმანი ხვალ მეტყვის, რომ უნდა წავიდე, ფეხბურთის თამაშს თავს დავანებებ. სხვა გუნდში თამაშს არ ვაპირებ". იმავე წელს პიკემ თქვა: "კარიერას "ბარსაში" დავასრულებ, მაგრამ არა როგორც სათადარიგო ფეხბურთელი".
აშკარაა, რომ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც პიკეს სურდა. ის "ბარსელონას" ღრმა რეზერვია და 5 ცენტრალურ მცველს შორის ჩავისთვის ბოლო ადგილზეა. ამის პარალელურად ჟერარი კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. Capology-ს ცნობით მისი ხელფასი "ბარსას" წელიწადში 52 მილიონი ევრო უჯდება. გასაკვირი არაა, რომ "ბარსა" ელოდება, როდის შეასრულებს პიკე პირობას და გუნდს დატოვებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]