ბარსელონა-რაიო | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-რაიო | მატჩისწინა მიმოხილვა

  • თამაშის დრო: შაბათი, 13 აგვისტო, 23:00

როდესაც "ბარსელონას" გულშემატკივრობ, ყოველ ახალ სეზონს ოპტიმიზმით ხვდები, რაც არ უნდა ხდებოდეს გუნდში. მესის წასვლის შემდეგაც კი სეზონს ოპტიმიზმით ვხვდებოდით, რადგან მესი კი წავიდა, მაგრამ "ბარსელონა" დარჩა. მეტი რაღა უნდა მოხდეს?

ოპტიმიზმის გარდა ყოველთვისაა მოუთმენლობა. როდესაც ორ თვეზე მეტია, საყვარელი გუნდის თამაში არ გინახავს, ვეღარ ითმენ, როდის დადგება ეს დრო, ვისაც არ უნდა ხვდებოდეს შენი გუნდი.

წელს კი ერთი შეხედვითაც კი აშკარაა, რომ ოპტიმიზმიცა და მოუთმენლობაც გაათკეცებულია. ბოლოს "ბარსა" ასე როდის გაძლიერდა, ძნელი გასახსენებელია. ალბათ 2003 წელს, როდესაც ლაპორტა პრეზიდენტი პირველად გახდა და რონალდინიო მოიყვანა. მას შემდეგ მესი გვყავდა და როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელი უკვე შენთანაა, მნიშვნელოვნად გაძლიერება როგორ უნდა მოახერხო?

სეზონის დაწყების წინა აჟიოტაჟი იგრძნობა ყველგან - "სპოტიფაი კამპ ნოუზეც", "ბარსას" მაღაზიებშიც (სადაც ლევანდოვსკის გვარის ბეჭდვას ვეღარ აუდიან), ინტერნეტშიც, ესპანეთშიც, პოლონეთშიც და საქართველოშიც.

სათამაშო ფორმა

სეზონი ჯერ არ დაწყებულა და გუნდების სათამაშო ფორმაზე რაიმეს დანამდვილებით თქმა რთულია, მაგრამ შევეცადოთ.

"ბარსელონას" იმედისმომცემი წინასასეზონო მზადება ჰქონდა. კატალონიელებმა 6 თამაშიდან 4 მოიგეს, მათ შორის ერთი "რეალთან". თუმცა შედეგები რა მოსატანია იმ ლამაზ და ხარისხიან ფეხბურთთან, რაც "ბარსამ" გვიჩვენა. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრები იყო, მთავარი კი დღეს იწყება.

წინასასეზონო მზადების დროს კარგი შედეგები აჩვენა "რაიომაც". გუნდმა პრესეზონი "ფრაიბურგთან" 0-3 მარცხით კი გახსნა, მაგრამ შემდეგ 5 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედთან", "ოლდ ტრაფორდზე". ბოლო მატჩში "რაიომ" "ვალიადოლიდს" უმასპინძლა და თამაში უგოლოდ დასრულდა.

წინა სეზონი

2020/21 წლების სეზონი "ბარსელონასთვის" ძალიან წარუმატებელი იყო. კატალონიელებმა ვერც ევროტურნირებზე მიაღწიეს რამეს და ვერც ესპანეთის ჩემპიონობისთვის იბრძოლეს. საბოლოოდ კატალონიელებმა ლა ლიგა მე-2 ადგილზე დაასრულეს.

"რაიომ", რომელიც პრიმერა დივიზიონში ახალი ამოსული იყო, ლა ლიგა ცხრილის შუაში, მე-12 პოზიციაზე დაასრულა.

ახალი სეზონი

2022/23 წლების სეზონში "ბარსელონასგან" გაცილებით მეტს ველით. კატალონიელები ამ შემადგენლობით ლა ლიგის მოგების კანდიდატთა შორის ნამდვილად შედიან.

"რაიოსგან" წელს დაახლოებით იგივე შედეგია მოსალოდნელი - ცხრილის ქვედა ნაწილი, მაგრამ გასავარდნი ზონისგან შორს.

ტრანსფერები

"ბარსელონა" სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან აქტიურია. კატალონიურმა კლუბმა ლონდონის "ჩელსის" შემდეგ ყველაზე მეტი ფული დახარჯა და ძალიანაც გაძლიერდა.

"ბარსამ" თითქმის ყველა პრობლემური ზონა შეავსო. ჩავის გუნდმა რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია, ფრანკ კესიე, ჟიულ კუნდე და ანდრეას კრისტენსენი დაიმატა. არ უნდა დავივიწყოთ ახალგაზრდა იმედისმომცემი ნახევარმცველი პაბლო ტორე.

გასული სეზონის მსგავსად "ბლაუგრანას" ფეხბურთელების დარეგისტრირების პრობლემა წელსაც ჰქონდა, მაგრამ ეს პრობლემა რამდენიმე საათის წინ მოგვარდა. "ბარსამ" ლევანდოვსკი, რაფინია, კრისტენსენი და კესიე უკვე დაარეგისტრირა. იგივე მოხდა დემბელესა და სერჟი რობერტოს შემთხვევაში, რომლებმაც კლუბთან ახალი კონტრაქტები გააფორმეს. დასარეგისტრირებელი დარჩა მხოლოდ ჟიულ კუნდე, რომლის თამაშსაც არასათანადო ფიზიკურ ფორმაში ყოფნის გამო დღეს არც ველოდით. ფრანგ ცენტრალურ მცველს მომდევნო კვირაში დაარეგისტრირებენ.

წინა სეზონის შემდეგ "ბარსელონა" რიკი პუჩმა, ოსკარ მინგესამ, ნეტუმ, დანი ალვესმა, კლემან ლანგლემ, ადამა ტრაორემ და ლუკ დე იონგმა დატოვეს. გუნდიდან იჯარით უკვე წასულად უნდა მივიჩნიოთ ნიკო გონსალესიც. ვერცერთი მათგანის წასვლას მნიშვნელოვან დანაკლისად ვერ მივიჩნევთ.

"რაიომ" მარჯვენა შემტევი სალვი სანჩესი და მეკარე დიეგო ლოპესი უფასოდ დაიმატა, ხოლო იმედისმომცემი ცენტრფორვარდი სერხიო კამელიო და გამოცდილი ცენტრალური მცველი ფლორიან ლეჟონი იჯარით აიყვანა. ფეხბურთელების დარეგისტრირების პრობლემა ამ გუნდსაც ჰქონდა, მაგრამ "ბარსას" მსგავსად ამ შემთხვევაშიც ყველაფერი მოგვარდა.

მადრიდელებს ტრანსფერებში ფული არც გადაუხდიათ და არც თავად მიუღიათ რამე, საბოლოოდ კი ძნელი სათქმელია, "რაიო" დასუსტდა, თუ გაძლიერდა. ამას დრო გვიჩვენებს.

დანაკლისი

ორივე გუნდს ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი ჰყავს. ერთადერთი, "ბარსას" უკვე ხსენებული ჟიულ კუნდე არ ეყოლება.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს ერთმანეთთან აქამდე 41 თამაში აქვთ გამართული. "ბარსელონამ" 28 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 6 დათმო, გაიტანა 122 და გაუშვა 36 გოლი.

"კამპ ნოუზე" ჩატარებული 20 დაპირისპირებიდან მასპინძლებმა 16 მოიგეს, სტუმრებმა კი მხოლოდ 2, თუმცა მათ შორისაა ამ სტადიონზე გამართული ბოლო დაპირისპირებაც. ლა ლიგის გასული გათამაშების 21-ე ტურში "რაიომ" "ბარსა" მისსავე მოედანზე 1-0 დაამარცხა.

იმავე ანგარიშით დასრულდა სეზონში ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა და ისიც მადრიდელთა გამარჯვებით. გამოდის, რომ "რაიოს" "ბარსასთან" ბოლო 2 თამაში მოგებული აქვს და თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვია.

საინტერესოა, რომ ზედიზედ 8 თამაშია, "ბარსელონა" "რაიოსგან" გოლს უშვებს.

არბიტრი

სეზონში "ბარსელონას" პირველ ოფიციალურ მატჩს გამოცდილი და კარგად ნაცნობი არბიტრი ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი განსჯის.

ერნანდესი ერნანდესი 39 წლისაა. მან მსაჯობა 2004 წელს დაიწყო, 3 წლის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში დააწინაურეს, 2012 წელს მისი დებიუტი პრიმერა დივიზიონშიც შედგა, 2014 წლიდან კი ესპანელი FIFA-ს არბიტრია.

კარიერის განმავლობაში ერნანდესი თამაშში საშუალოდ 26.7 ჯარიმასა და 0.38 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.3 ყვითელ და 0.29 წითელ ბარათს უჩვენებს.

ალეხანდრო ერნანდესს "ბარსელონას" მატჩში მონაწილეობა აქამდე 30-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა 18 შეხვედრა მოიგეს, 9 ფრედ დაასრულეს და 3 დათმეს. ერნანდესმა კატალონიელების სასარგებლოდ 9 წითელი ბარათი აჩვენა და 9 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მათ წინააღმდეგ კი 2 წითელი ბარათი და 2 თერთმეტმეტრიანი.

ერნანდესი სწორედ ის მსაჯია 2018 წლის "ელ კლასიკოში" უმტიტის წინააღმდეგ ძალიან უხეშად მოთამაშე გარეთ ბეილი რომ დაინდო და მას აშკარა წითელი ბარათი არ უჩვენა.

ამ არბიტრს "რაიოს" შეხვედრაში 21-ჯერ უმსაჯია. მადრიდელებს 5 მოგება, 7 ფრე და 9 მარცხი აქვთ. დანიშნული 7 თერთმეტმეტრიანიდან 3 "რაიოს" სასარგებლოდ იყო, 8 წითელი ბარათიდან კი ერნანდესმა 5 ამ გუნდის ფეხბურთელებს უჩვენა.

სტატისტიკა

  • "ბარსელონას" ლა ლიგის ბოლო 2 თამაშში გოლი არ აქვს გატანილი;
  • ამ გუნდების ბოლო 2 დაპირისპირება "რაიომ" მშრალად მოიგო;
  • "რაიოს" ლა ლიგის ბოლო 20 თამაშიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული, ორივე გასვლაზე და ორივე ქალაქ ბარსელონაში;
  • "რაიომ" ლა ლიგის ბოლო 3 თამაშში პირველი ტაიმიც წააგო და მთლიანად შეხვედრაც;
  • ამ გუნდების ბოლო 8 თამაშიდან ექვსში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • "ბარსელონასა" და "რაიოს" ბოლო 8 თამაშიდან ექვსში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • "ბარსელონასა" და "რაიოს" ბოლო 6 თამაშიდან ხუთში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ამ გუნდების ბოლო 8 დაპირისპირებაში "ბარსელონა" გოლს ყოველთვის უშვებდა;
  • ამ გუნდების ბოლო 5 თამაშიდან ოთხში ანგარიშის გახსნას "რაიო" ახერხებდა;
  • ამხანაგური თამაშების ჩათვლით, "ბარსელონას" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • ამხანაგური მატჩების ჩათვლით, "ბარსელონა" ბოლო 7 თამაშში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • ამხანაგური მატჩების ჩათვლით, "ბარსელონა" ბოლო 5 თამაშში პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
  • ამხანაგური მატჩების ჩათვლით, "ბარსელონას" ბოლო 10 თამაშიდან 8-ში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • ამხანაგური მატჩების ჩათვლით, "ბარსელონას" ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ამხანაგური მატჩების ჩათვლით, "რაიოს" 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • ამხანაგური მატჩების ჩათვლით, "რაიოს" ბოლო 8 თამაშში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • ამხანაგური მატჩების ჩათვლით, "რაიოს" ბოლო 7 თამაშიდან 5-ში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 1.2 ანიჭებენ, რაც მოგების 83%-იან შანსს უდრის, თუმცა "ბარსა" ასეთი თამაშების მხოლოდ 68%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

ახალ სეზონს ვიწყებთ და ძალიან აღელვებული ვართ. "რაიო" ორგანიზებული გუნდია, ისინი ტექნიკურად ძალიან კარგად მომზადებულები არიან.

თავდაუზოგავად ვშრომობთ, გუნდი საკმაოდ კონკურენტუნარიანი გახდა. საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. სატრანსფერო ფანჯარაზე შესანიშნავი მოთამაშეები დავიმატეთ, რითაც კმაყოფილი ვარ. 

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, გარსია, კრისტენენი, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.

რაიო (4-3-3-): დიმიტრიევსკი, ბალიუ, კატენა, ლეჟონი, ფრან გარსია, კომესანია, ტრეხო, ოსკარ ვალენტინი, ისი, ფალკაო, ალვარო გარსია.

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ს. რობერტო, არაუხო, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, გავი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.

რაიო (4-4-1-1): დიმიტრიევსკი, ბალიუ, კატენა, ლეჟონი, ფრან გარსია, ისი, ოსკარ ვალენტინი, სისი, ალვარო, ტრეხო, ფალკაო.

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კრისტენსენი, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.

რაიო (4-2-3-1): დიმიტრიევსკი, ბალიუ, ლეჟონი, კატენა, ფრან გარსია, ოსკარ ვალენტინი, სისი, ისი, ტრეხო, ალვარო გარსია, ფალკაო.

პროგნოზი

  • WhoScored: 2-1
  • Sportsmole: 3-1
  • Sportskeeda: 3-1

ტრანსლაცია

თამაში 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 13 აგვისტო 2022 16:06
    0
    heart_eyes თუ 41 თამაშში 28 ბარსამ მოიგო და 8 ფრედ დაასრულა, მაშინ 5 წაუგია 6 კი არა.. თუ მე ვერ დავითვალე სწორედ??? :::დდდდდ
    ფანი [?]
    #8 13 აგვისტო 2022 16:03
    0
    წელს ბევრ გუნდს უნდა გავცეთ პასუხი და რაიოა პირველი რიგში. 2019ის მერეა ლა ლიგაში არ მოგვიგია ამათთვის და დღეს მოგება კიარა უნდა ამოიტენოს ეგ გუნდი, ძაან გათამამდნენ :დდდდდდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 13 აგვისტო 2022 15:23
    0
    დიეგო კოშტას დარეგისტრირება ვერ მოასწრეს თუ გადაიფიქრეს მოყვანა.
    წევრი [?]
    #6 13 აგვისტო 2022 14:07
    2
    წარმატებები ბარსელონას და ბევრი ლამაზი თამაში და ბევრი მოგება ჩვენ⚽️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 13 აგვისტო 2022 13:23
    1
    შარშანდელი 2 მარცხის შემდეგ, დასასჯელია ეს გუნდი და თანაც დიდი ანგარიშით ამოტენვას იმსახურებს;
    განაჩენი გამოტანილია
    ახალბედა [?]
    #4 13 აგვისტო 2022 12:45
    2
    DonQuixote29,
    ციტატა: BARC4ever
    პრემიერ ლიგის თამაშები როგორ ვნახო?

    https://sportshub.stream/

    ციტატა: DonQuixote29
    ვინც იცით, საზღვარგარეთიდან როგორ შეიძლება ყურება?

    https://sportshub.stream/
    გულშემატკივარი [?]
    #3 13 აგვისტო 2022 12:22
    0
    პრემიერ ლიგის თამაშები როგორ ვნახო?
    წევრი [?]
    #2 13 აგვისტო 2022 11:35
    0
    ვინც იცით, საზღვარგარეთიდან როგორ შეიძლება ყურება?
    [?]
    #1 13 აგვისტო 2022 10:24
    0
    მარჯვნივ მე მგონია რობერტოს ან დესტს დააყენებს