ჟერარ რომერო ბარსელონაზე

ესპანელი ჟურნალისტი, ჟერარ რომერო "ბარსელონას" რამდენიმე ფეხბურთელზე განახლებულ ცნობებს გვთავაზობს.
ნეტუ | "ბარსამ" ბრაზილიელ მეკარეს კონტრაქტის გაწყვეტა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
მინგესა | ოსკარი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. მას სურს, კარგად დაფიქრდეს, კარიერას სად გააგრძელებს. მანამდე კი, ახალგაზრდა მცველი მზადაა, სავარჯიშო სესიებზე იაროს.
რიკი პუჩი | "ბლაუგრანა" განიხილავს, პუჩი როგორ გაუშვას - კლუბს 2 ვარიანტი აქვს: კონტრაქტის გაწყვეტა ან მისი გახანგრძლივება და ფეხბურთელის განათხოვრება.
ნიკო | ჟორჟე მენდეშს გონსალესის სხვა გუნდში იჯარით გადაყვანა სურს, მაგრამ "ბარსელონაში" მიაჩნიათ, რომ სჯობს, 20 წლის ნახევარმცველი კატალონიაში დარჩეს და განვითარება აქ გააგრძელოს. კლუბი ფიქრობს, რომ განათხოვრებამ მასზე, შესაძლოა, ცუდად იმოქმედოს.
დესტი | "ბარსელონას" ამერიკელი კვლავ ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული და მზადაა, ის 20 მილიონ ევროდ გაყიდოს, მაგრამ 17 მილიონზეც თანახმა იქნება. კლუბი მეორე ბერკეტის გააქტიურებას ელოდება, რისი წყალობითაც, სერჟინიოს გაყიდვის შემდეგ, 1:1 წესის გამოყენება შეეძლება.
დე იონგი | თუ კატალონიური გრანდი ბერნარდუ სილვას შეძენაში დარწმუნებული არ იქნება, ფრენკი დე იონგს არ გაყიდის - ჩავი ერნანდესის მოთხოვნა ასეთია. "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო შეთავაზება 65 მილიონს + 22 მილიონი იყო. თუ ისინი 75 მილიონს + 12 მილიონს შემოგვთავაზებენ, შესაძლოა, ნიდერლანდელი გაიყიდოს. ფრენკი ერიკ ტენ ჰაგთან ყოველდღე საუბრობს.
დეპაი | "ბარსელონა" მემფისის 20-25 მილიონ ევროდ გასხვისებას გეგმავს. თუ დემბელე კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მისი წასვლის შანსები კიდევ უფრო გაიზრდება.
ეზ აბდე | "ბარსა" სატრანსფერო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს ელოდება, შემდეგ კი ეზალზულის მომავალს გადაწყვეტს. ამჟამინდელი გეგმა მაროკოელი შემტევის იჯარით გაშვებაა (შესაძლოა, კონტრაქტში სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტიც ჩაეწეროს).
რაფინია | რაფინიას ტრანსფერი დროის ამბავია. "ლიდსთან" შეთანხმება არსებობს, ისევე, როგორც თავად ფეხბურთელთან. მცირე დეტალების მოგვარების შემდეგ ის "ბარსელონელი" იქნება. ბრაზილიელმა მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევა გაიღო.
კუნდე | "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ფრანგთან ყველაფერი შეთანხმებული აქვთ და "სევილიასთან" მოლაპარაკებებსაც საკმაოდ წარმატებით აწარმოებენ. კატალონიელებს სჯერათ, რომ ჟიულის შეძენას 55-60 მილიონად მოახერხებენ.
ასპილიკუეტა & ალონსო | კლუბში ფიქრობენ, რომ "ჩელსიდან" ესპანელი ფლანგელების წამოყვანა 20 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
ბერნარდუ სილვა | პორტუგალიელის ტრანსფერი მარტივი არაა. "ბარსა" ფიქრობს, რომ მისი მოყვანა 65-70 მილიონი (პლუს ბონუსები) დაჯდება. პეპ გვარდიოლასა და ჩიკი ბეგირისტაინის დარწმუნება რთული იქნება.
ლევანდოვსკი | "ბარსელონა" დარწმუნებულია, რომ პოლონელი თავდამსხმელის შეძენას 50 მილიონად შეძლებს. ჯერჯერობით, უცნობია, გარიგებაში ბონუსები იქნება გათვალისწინებული თუ არა, თუმცა, ცხადია, რომ რობერტი ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ითამაშებს - ასევე ფიქრობს თავად ლევანდოვსკიც.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]