ჟოან ლაპორტა: კესიეს ოთხშაბათს წარვადგენთ, კრისტენსენს კი - ხუთშაბათს

"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ფრანკ კესიესა და ანდრეას კრისტენსენის პრეზენტაციის თარიღებს ასახელებს.
კესიეს ოთხშაბათს წარვადგენთ, კრისტენსენს კი - ხუთშაბათს.
დემბელე? თუ ის ჩვენს შეთავაზებას მიიღებს, გუნდში დარჩება. დედლაინი არავისთვის დაგვიწესებია.
რაფინიას თაობაზე "ლიდსთან" მოლაპარაკებები გავმართეთ. ბრაზილიელით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან და შეთავაზებებს აკეთებენ. თუმცა, მას ჩვენთან თამაში სურს.
ლევანდოვსკი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ახლა ის "ბაიერნს" ეკუთვნის. ვაფასებ, რომ მას "ბარსელონაში" გადმოსვლის სურვილი აქვს, თუმცა, თავი უნდა შევიკავოთ. ამ მომენტისთვის, მირჩევნია, არაფერი ვთქვა.
ფრენკი დე იონგით არაერთი კლუბი ინტერესდება, არა მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედი". ნიდერლანდელის გაყიდვა არ გვინდა და დარჩენა მასაც სურს. ფრენკი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია და ბედნიერები ვართ, რომ ის გვყავს. დე იონგის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებ. ერთ-ერთ პრობლემას ხელფასი წარმოადგენს, მაგრამ ამის მოგვარება შესაძლებელია.
ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით გავისთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.
მეორე ბერკეტის გააქტიურების შემდეგ, BLM-ისა და Barça Studios გაყიდვა აუცილებელი აღარ იქნება. ყოველთვის უმჯობესია, ჩვენი აქტივები შევინარჩუნოთ.
დიახ, რაფა მარკესი "ბარსა ატლეტიკის" მთავარი მწვრთნელი გახდება.
კულიბალი? სხვა კლუბების მოთამაშეებზე საუბარი არ მინდა. ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ "ბარსაში" გადმოსვლა ბევრ ფეხბურთელს სურს.
კუნდეს საკითხი მატეუ ალემანის საქმეა. როცა სატელევიზიო უფლებების დარჩენილ ნაწილს გავასხვისებთ, უმაღლეს დონეზე ვიმუშავებთ.
- ციტირებს ჟოანის სიტყვებს COPE.
დიდი ხნის წინ გაირკვა, რომ დანიელი მცველი და კოტ-დ'ივუარელი ნახევარმცველი "ბარსაში" ითამაშებენ. კატალონიურმა კლუბმა ორივე მათგანი თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ დაიმატა.
რაც შეეხება დემბელეს - ფრანგს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2 დღის წინ ამოეწურა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, კლუბში სჯერათ, რომ ის დარჩება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]