რატომ "კამპ ნოუ" და არა "ნოუ კამპი"

მე-20 და 21-ე საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც "ბარსელონას" ქართველი გულშემატკივრების მთელ არმიას კატალონიური კლუბის გულშემატკივრობა ახალი დაწყებული ჰქონდა, ვიცოდით, რომ ჩვენი საყვარელი გუნდის საშინაო არენას "ნოუ კამპი" ერქვა.
მაშინ ინფორმაციაზე წვდომა ისეთი მარტივი არ იყო, როგორც ახლა და ლოგიკურია, რომ ჩვენ ცოდნაში კორექტივების შეტანას საკმაო დრო დასჭირდა. თუმცა ნელ-ნელა მაინც ყველამ ვისწავლეთ, რომ "ნოუ კამპი" შეცდომაა და სწორია "კამპ ნოუ". მოგვიანებით ისიც კი გავიგეთ, რომ იმ დროს, ჩვენ რომ "ნოუ კამპი" გვეგონა, თურმე ევროპის უდიდეს საფეხბურთო არენას საერთოდ სხვა სახელი ერქვა, ჩვენ კი მის მეტსახელს ვიყენებდით.
"ბარსელონას" სტადიონის სახელს სტატია მიუძღვნა The Athletic-ის ჟურნალისტმა, პოლ ბალუსმა, რომელიც "ბარსას" ისტორიული მეხსიერების კომიტეტის წევრს, ჟოზეპ ბობეს ესაუბრა.
"კამპ ნოუ" 1957 წელს გაიხსნა და ცნობილია, რომ თავდაპირველად მისთვის კლუბის დამაარსებლის, ჟოან გამპერის სახელის დარქმევას აპირებდნენ. იმის მიუხედავად, რომ გამპერი შვეიცარიელი იყო, ის კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან ასოცირდებოდა, რის გამოც 1925 წელს ესპანეთიდან გააძევეს კიდეც. ჟოზეპ ბობეს თქმით, სწორედ ამ მიზეზით "ბარსელონამ" ესპანეთის ხელისუფლებისგან სტადიონისთვის გამპერის სახელის დარქმევის უფლება ვერ მიიღო. ანდაც რა გასაკვირია - დიქტატორი ფრანკო ამას როგორ დაუშვებდა!
უსახელოდ დარჩენილ არენას უბრალოდ Estadio del Futbol Club Barcelona, ანუ "საფეხბურთო კლუბ ბარსელონას სტადიონი" ეწოდა.
გულშემატკივრებში კი პოპულარობა სულ სხვა სახელმა მოიპოვა - Camp Nou. ეს სახელი ნიშნავდა "ახალი სტადიონი" (Camp - სტადიონი, Nou ახალი). მიზეზი ისაა, რომ ძველ სტადიონს, "ლეს კორტსს", სწორედ ამ მეტსახელით მოიხსენიებდნენ - "ძველი სტადიონი". ასე გახდა გულშემატკივრებში პოპულარული სახელი "კამპ ნოუ".
2001 წლამდე "ბარსელონას" საშინაო არენას ოფიციალურად ისევ Estadio del Futbol Club Barcelona ერქვა, 21 წლის წინ კი პრეზიდენტმა გასპარმა კლუბის წევრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. 29 102 მონაწილიდან 19 861-მა ხმა სახელი "კამპ ნოუს" დაკანონებას მისცა და იმ დღიდან "ბარსას" საშინაო არენას ოფიციალურადაც ასე ეწოდება.
The Athletic-ის სტატიის ავტორის, პოლ ბალუსის თქმით, სამუშაოდ ინგლისში გადასვლის დღიდანვე მას ეუცნაურებოდა, რომ ამ ქვეყანაში "ბარსელონას" სტადიონს მოიხსენიებდნენ როგორც "ნოუ კამპი" და არა "კამპ ნოუ". მათ შორის The Athletic-ისვე სტატიებშიც. მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ ინგლისურ ენაში ზედსართავი სახელი არსებითი სახელის წინ იწერება და ამ წესს ნაჩვევი ბრიტანელებისთვის "ახალი სტადიონის" წარმოთქმა უფრო მარტივია, ვიდრე "სტადიონი ახალი".
განმარტებას ამ საკითხზეც ჟოზეპ ბობე აკეთებს: "კატალონიურ ენაში ორთოგრაფიულად სწორია, რომ ზედსართავი სახელი, ისევე, როგორც ინგლისურში, არსებითი სახელის წინ დაიწეროს. თუმცა ამ წესს მხოლოდ სალიტერატურო ენაში თუ მისდევენ. სალაპარაკო ენაზე უფრო მიღებულია, რომ ზედსართავი სახელი არსებითი სახელის შემდეგ დაიწეროს - "კამპ ნოუ".
გამოდის, რომ "ბარსელონას" საშინაო არენას "ნოუ კამპის" ნაცვლად "კამპ ნოუ" არა ორთოგრაფიული მართებულობის, არამედ იმის გამო ჰქვია, რომ ის თავიდან დამკვიდრდა მეტსახელად და არა ოფიციალურ სახელად. კლუბს ეს სახელი თავიდან რომ ოფიციალურ სახელად შეერჩია, დიდი შანსია, დღეს არენის სახელი "ნოუ კამპი" ყოფილიყო.
The Athletic-მა პასუხისმგებლობა აიღო, რომ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ პორტალზე "ბარსელონას" სტადიონის სახელს სწორი ფორმით, ანუ Camp Nou დაწერენ ხოლმე.
ჩვენს საიტს კი მსგავსი ცვლილება არ ჭირდება. ჩვენთვის უკვე დიდი ხანია, მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სტადიონის სახელი "კამპ ნოუ" არის და არა "ნოუ კამპი".
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]