2 არჩევანი დემბელეს: კონტრაქტის გახანგრძლივება ან უკლუბოდ დარჩენა

გავრცელებული ცნობებით, უსმან დემბელეს მომავალი ძალიან მალე გადაწყდება - მომავალ საათებში ან დღეებში უკვე ყველაფერი გვეცოდინება.
ინგლისსა და ამერიკაში მომუშავე ჟურნალისტის, ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, "ბარსელონა" დარწმუნებულია, რომ ფრანგი შემტევი გუნდში დარჩება, რადგან "ჩელსის" მასთან შეთანხმება არასდროს ჰქონია, შეთავაზება არც "ლივერპულს" გაუკეთებია და "პარი სენ-ჟერმენის" მხრიდანაც არანაირი ინტერესი არ ჩანს. შესაბამისად, თუ მომდევნო 24 საათში არაფერი შეიცვალა, უსმანს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში დარჩენა მოუწევს.
სიტუაცია კვლავ იგივეა: 25 წლის ფეხბურთელმა საკუთარი მომავალი 48 საათში უნდა გადაწყვიტოს. "ჩელსის" დაინტერესება რეალურია, მაგრამ ლონდონელები მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებენ. თუ ინგლისური კლუბი ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს, ის "ბლაუგრანას" შეთავაზებაზე უკეთესი იქნება, მაგრამ ამ მომენტისთვის, დემბელეს მხოლოდ ორი არჩევანი აქვს; კატალონიელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება ან უკლუბოდ დარჩენა.
ჟერარ რომეროს თქმით, დეკემბერში "ბარსელონა" ფრანგს ანაზღაურების სახით, წლიურად, 7.5 მილიონ ევროს (+3.5 მილიონი ბონუსები) სთავაზობდა, განახლებული შეთავაზება კი 6 მილიონ ევროს (+1.5 მილიონი ბონუსები) ითვალისწინებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]