40 წელი მარადონას ბარსელონაში გადმოსვლიდან - დიეგოს ტრანსფერის აქამდე უცნობი ისტორია

დღეს, 4 ივნისს, ზუსტად 4 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა ლეგენდარულმა არგენტინელმა, დიეგო არმანდო მარადონამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა.
ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის "ბარსაში" ტრანსფერი 1982 წელს, ესპანეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატამდე გაოფიციალურდა. ხსენებული მუნდიალის გახსნითი მატჩი რამდენიმე დღეში "კამპ ნოუზე" ჩატარდა.
მარადონა უბრალო ფეხბურთელი არასდროს ყოფილა. როცა მოთამაშე "ბარსელონას" ერთ-ერთ პროფესიონალურ გუნდში მოდის, დოკუმენტური ფაილი იქმნება და მას შემდეგ, რაც ის აქტიური აღარ იქნება, დოკუმენტაციისა და კვლევის ცენტრში გადადის. თუმცა, მარადონასთვის განკუთვნილი ფაილი რამდენიმე მიზეზის გამო უჩვეულო იყო.
უნიკალური არქივი
საქმე ისაა, რომ მარადონას ფაილი დოკუმენტიაციას მის ჩამოსვლამდე შეიცავდა. ფაილის პირველი ნაწილი ფებურთელის "ბარსასთან" კავშირზე ინფორმაციას მოიცავდა, რასაც დირექტორთა საბჭოს იმდროინდელი მდივნის, ანტონი მუნტანიოლა ი ტეის მასალების შემოწირულობა დაემატა. პირველი დოკუმენტი 1978 წლის 17 აგვისტოთი თარიღდება.
კატალონიურმა კლუბმა, იმ დროს "არგენტინოს ხუნიორსში" მოთამაშე, 17 წლის მარადონას თამაშის სანახავად სესარ როდრიგესი გაგზავნა, 1979 წელს კი ახალი ვარსკვლავის გამო სამხრეთ ამერიკაში ფრანსესკ როდრიგესიც (როდრი) ჩავიდა. ორივე მათგანი აღნიშნავდა, რომ დიეგო აუცილებლად უნდა შეეძინათ. საბოლოოდ, "ბლაუგრანამ" "არგენტინოს ხუნიორსთან" შეთანხმებას მიაღწია - მარადონა "ბარსელონაში" 1980/81 წლების სეზონის სტარტზე უნდა გადმოსულიყო.
მიუხედავად ამისა, პატარა დიეგოს დაბრკოლებები შეხვდა. სამხედრო "ხუნტამ", რომელიც მაშინ არგენტინას აკონტროლებდა, ახალგაზრდა შემტევს ქვეყნიდან წასვლის უფლება არ მისცა, რასაც მარადონას "ბოკა ხუნიორსში" გადასვლა ("ბარსელონასთან" შეთანხმებით) მოჰყვა, ამის გამო კი დიეგოს კატალონიაში გადმობარგება 1982/83 წლების სეზონამდე გადაიდო.
აღნიშნულ თავგადასავლთან დაკავშირებული ყველა დეტალი ფაილშია შენახული, მათ შორის, "არგენტინოს ხუნიორსისა" და "ბოკა ხუნიორსის" დოკუმენტაცია არგენტინის ფეხბურთის ფედერაციიდან.
საბოლოოდ, მარადონა "ბარსელონას" ფეხბურთელი 1982 წლის 4 ივნისს გახდა. კონტრაქტის გაფორმების ამსახველი ფოტო პრესის პირველ გვერდზე გამოიტანეს, სადაც ფეხბურთელის სიტყვებიც იყო მოყვანილი: "კლუბში დიდი სიამოვნებით გადმოვდივარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს, "ბარსელონას" რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვუტანო".
უიღბლო "ბარსელონური" კარიერა
მარადონას "ბარსელონური" კარიერა უიღბლობებით იყო მოცული. ავადმყოფობამ და მოტეხილმა კოჭმა ("ბილბაოს" ლეგენდის, ანდონი გოიკოეჩეას "დამსახურებით") მას "ბარსაში" თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენის შანსი არ დაუტოვა. მიუხედავად ამისა, დიეგომ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 73 მატჩში 45 გოლი გაიტანა და კლუბს კოპა დელ რეის, ლიგის თასისა და ესპანეთის სუპერ თასის მოგებაში დაეხმარა. თუმცა, ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი იმას ნიშნავდა, რომ ბილბაოს "ატლეტიკთან" კოპა დელ რეის ფინალში გასამართი შეხვედრა მარადონასთვის "ბარსას" ფორმით ბოლო იქნებოდა.
წარმატება ნაპოლისა და არგენტინის ნაკრებში
მარადონა "ბარსელონადან" "ნაპოლიში" გადაბარდა და ამ გუნდის ისტორია შეცვალა. დიეგომ იტალიურ კლუბთან ერთად 2 სერია ა, კოპა იტალია და უეფას თასი მოიგო. არგენტინის ნაკრების რიგებში კი დიეგო 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა - მექსიკაში გამართული მუნდიალის ფინალში "ალბისელესტემ" გერმანია 3-2 დაამარცხა. ტურნირის ნახევარფინალში მარადონამ ინგლისს თავის კარიერაში ყველაზე ცნობილი 2 გოლი გაუტანა - "ღმერთი ხელი" და ლეგენდარული სოლო რეიდი.
4 წლის შემდეგ მარადონამ იტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-2 ადგილი დაიკავა. ნარკოტიკების მოხმარების გამო დისკვალიფიკაციით დასაჯამ მისი შემდგომი წლები და 1994 წლის ამერიკის მუნდიალზე წარმატების მიღწევის შესაძლებლობა გაანიავა. საბოლოოდ, დიეგომ საფეხბურთო კარიერა 1997 წელს, "ბოკა ხუნიორსში" დაასრულა.
ბუცების ლურსმანზე დაკიდების შემდეგ, მარადონა არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა და გუნდი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. მისი ბოლო სამსახური "ხიმნასია ლა პლატა" გამოდგა. სამწუხაროდ, 2020 წლის 25 ნოემბერს, დიეგო 60 წლის ასაკში, ბუენოს აირესში გარდაიცვალა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]