ჩავი ერნანდესი ხეტაფესთან მატჩის შემდეგ: მომავალ სეზონში ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი "ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრობს.
მიზანი მეორე ადგილის დაკავება იყო, რაც შევასრულეთ. იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაში ვიყავით ნოემბრიდან იანვრამდე, ეს შედეგი დამაკმაყოფილებელია.
დღევანდელი მატჩი რთული იყო. ფრე ორივე გუნდს დაეხმარა. გავიგეთ, რომ "სევილიამ" "ატლეტიკოს" გაუთანაბრა და ფეხბურთელებმა არ იცოდნენ, რა ექნათ.
რთული სიტუაცია ისე გავანეიტრალეთ, როგორც, რამდენიმე თვის წინ, არავინ ელოდა. ახლა ერთად მუშაობისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების დროა.
დემბელე? სასტარტო შემადგენლობა იმის მიხედვით შევადგინე, რაც სავარჯიშო სესიაზე ვნახე. გარკვეული მიზეზების გამო, გადავწყვიტე, რომ უსმანს არ უნდა ეთამაშა. ტრაორეც სკამზე დარჩა.
ვნახოთ, პუჩთან დაკავშირებით რა მოხდება. ყველაფერი კარგად უნდა დაიგეგმოს. შტაბმა, მატეუ ალემანიმ და ჟორდი კრუიფმა შესანიშნავად იციან, რას ვფიქრობ. პირველ რიგში ეკონომიკური ვითარება უნდა გამოვასწოროთ. თუმცა, ტიტულებისთვის ბრძოლა გვმართებს.
ეს ყველაფერი ფინანსურ საკითხებზეა დამოკიდებული. თუ სიტუაცია შედარებით გამოსწორდება, უფრო ოპტიმისტურად ვიქნები.
ყველაფერი სწრაფად უნდა დავგეგმოთ, რადგან დიდი დრო არ გვაქვს. ახალი სეზონის დაწყებამდე მხოლოდ ორთვენახევარი რჩება.
"რეალისთვის" კონკურენციის გაწევა ვერ შევძელით. მეორე ადგილის დაკავებით სეზონი გადავარჩინეთ, რადგან, შეიძლება, საქმე უარესად დასრულებულიყო.
საერთო ჯამში, დღეს ნორმალურად გამოვიყურებოდით, მაგრამ, შეტევაში ვერ ვიაქტიურეთ. კარგი მატჩი არ ყოფილა, თუმცა, მისია შევასრულეთ.
სირცხვილია, რომ სეზონს ტიტულის გარეშე ვასრულებთ, მაგრამ, ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის სუპერ თასის საგზური მოვიპოვეთ.
გადამწყვეტ პასებში, მომენტების დასრულებასა და საჯარიმოში მოქმედებაში მოვიკოჭლებდით. უფრო თავდაჯერებულნი და ინტენსიურები უნდა ვყოფილიყავით.
მიუხედავად იმისა, რომ "ხეტაფე" ჩვენზე ზეწოლას ახორციელებდა, ვდომინირებდით.
გუნდში პოზიტივი შეინიშნება. მომავალ სეზონში ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. ზაფხულიდან ამაზე მუშაობა დაიწყება.
ორ კვირაში ფეხბურთელებთან ვისაუბრებთ და თითოეულ მათგანთან გულწრფელნი ვიქნებით.
ალეხანდრო ბალდე დიდებულად გამოიყურებოდა. მან შეტევაში თავი გამოიჩინა და საკუთარი ხასიათი აჩვენა. ბალდეთა და მიკა მარმოლით ბედნიერი ვარ. მომავალი ნათელია.
მემფის დეპაის ბარძაყის ტრავმა აქვს, მაგრამ, სერიოზული არაფერია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]