120 წელი ისტორიაში პირველი ელ კლასიკოდან

13 მაისი ქართული სპორტისთვის განსაკუთრებული თარიღია. ამ დღესთან ქართული ფეხბურთელის ჯერჯერობით (იმედია) ყველაზე დიდი წარმატება ასოცირდება.
თუმცა 13 მაისი მნიშვნელოვანი დღეა ესპანური ფეხბურთისთვისაც. სწორედ ამ დღეს გაიმართა ისტორიაში პირველად დაპირისპირება, რომელსაც ათეულობით წლის შემდეგ "ელ კლასიკო" ეწოდა.
1902 წლის 13 მაისს "ბარსელონა" არსებობის 2.5 წელს ითვლიდა, "რეალი" კი კატალონიელ ძმებს მხოლოდ 2 თვით ადრე ჰქონდათ დაარსებული.
17 მაისს ესპანეთის 16 წლის მეფის, ალფონსო მეცამეტის კორონაცია უნდა გამართულიყო და ამ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით მადრიდში არაერთი ღონისძიება დაიგეგმა. ერთ-ერთი კი საფეხბურთო ტურნირი იყო. ეს იყო ისტორიაში პირველი საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას ესპანეთის სხვადასხვა რეგიონის გუნდები მიიღებდნენ.
"ბარსელონა" მადრიდში პირველად ჩავიდა. კატალონიელებისთვის "რეალთან" დაპირისპირება პრინციპული სულაც არ იყო. იმ დროს ამ გუნდს "რეალი" არც ერქვა, ანუ სამეფო გუნდი ჯერ არ იყო.
იმ დროისთვის მიიჩნეოდა, რომ "ბილბაო" საუკეთესო ესპანური გუნდი იყო. "ბარსას" დამაარსებელ ჟოან გამპერს სურდა, რომ საწინააღმდეგო დაემტკიცებინა და კორონაციის თასის ფინალში ბასკური გუნდი დაემარცხებინა. "რეალთან" შეხვედრა კი ამ გზაზე ერთი რიგითი თამაში იყო. ეს გასაკვირი არცაა, რადგან მადრიდული გუნდი არსებობის მხოლოდ 2 თვეს ითვლიდა.
"ბარსელონაში" იმ დროის ცნობილი ფეხბურთელები თამაშობდნენ, მათ შორის შვეიცარიიდან, გერმანიიდან და ინგლისიდან. "რეალს" კი მხოლოდ ერთი ლეგიონერი ჰყავდა და ამ გუნდს მანამდე ერთადერთ მეტოქესთან, New FC-სთან ჰქონდა რამდენიმე ამხანაგური თამაში გამართული. თუმცა რთული მგზავრობის გამო "ბარსელონამ" მოედანზე წამყვანი ფეხბურთელების გაყვანა ვერ მოახერხა და შემადგენლობაში არაერთი გამოუცდელი ახალგაზრდა ვიხილეთ.
თამაში იმ ქუჩაზე არსებულ იპოდრომზე გაიმართა, რომელზეც დღეს "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონია. მოედანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. იპოდრომი ფეხბურთის სათამაშოდ ზედმეტად დიდი გახლდათ, ხოლო ცხენის ნეხვი იმ დროს ტეტანუსის რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა. ამის გამო ამ მოედანზე თამაშს სასიკვდილო მახეს ადარებდნენ.
თამაში დილის 11 საათზე დაიწყო. გუნდები იმ ფერებში თამაშობდნენ, რომლებიც დღეს მათთვის ტრადიციულია - "რეალი" თეთრებში, ხოლო "ბარსა" მუქ ლურჯსა და ბროწეულისფერში.
თამაშის დაწყებამდე "ბარსელონას" ფეხბურთელებს აზრადაც არ გაუვლიათ, რომ შეიძლებოდა, ეს შეხვედრა წაეგოთ. თუმცა პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ "მადრიდი" ბევრად უკეთესი გუნდი იყო, ვიდრე ისინი ელოდნენ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა დედაქალაქელთა ერთადერთი ლეგიონერი ინგლისელი არტურ ჯონსონი, რომელიც მოგვიანებით "რეალის" პირველი მწვრთნელი გახდა. სწორედ მან გახსნა თამაშში ანგარიში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ელ კლასიკოს" ისტორიაში პირველი გოლის ავტორი არტურ ჯონსონია.
კატალონიური სპორტული გამოცემის, Los Deportes-ის სტატიიდან ირკვევა, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელები გულშემატკივრების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. ადგილობრივი პუბლიკა მხოლოდ მაშინ აქტიურობდა, როდესაც "ბარსას" ფეხბურთელები ეცემოდნენ, ან როდესაც "მადრიდმა" გოლი გაიტანა, "ბარსას" კარგ თამაშსა და გოლებს კი გულშემატკივრები სიჩუმით ხვდებოდნენ. როგორც ჩანს, "ბლაუგრანას" ფეხბურთელებს ეგონათ, რომ ვინაიდან საქმე მეფის კორონაციის ტურნირს ეხებოდა, გულშემატკივრებს უბრალოდ კარგი თამაშის ხილვა უნდა მოსწონებოდათ.
არაერთი სირთულის მიუხედავად ფავორიტმა თამაში საერთო ჯამში მაინც მარტივად მოიგო. სტეინბერგის დუბლით სტუმრები წინ გავიდნენ, თამაშის ბოლო გოლი კი ჰენრი მორისმა თერთმეტმეტრიანით გაიტანა და "ბარსელონამ" პირველი "ელ კლასიკო" 3-1 მოიგო.
ფინალში "ბარსელონა" ორი გუნდის, "ბილბაოსა" და "ატლეტიკის" გაერთიანებულ შემადგენლობასთან ანგარიშით 1-2 დამარცხდა.
ასე ჩაეყარა საფუძველი ესპანეთის სამეფო თასს. თუმცა 1902 წლის გათამაშებას ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურად არ აღიარებს და "ბილბაოს" ტიტულში არ უთვლის.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 8 ]