ბარსელონა-სელტა | მატჩისწინა მიმოხილვა

სეზონის პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ. ახლა კი ერთი მიზანი გვაქვს დარჩენილი - ლა ლიგაში მე-2 ადგილი უნდა შევინარჩუნოთ. ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ესპანეთის თასზე თამაშის უფლებას მოვიპოვებთ, ფინანსურადაც საკმაოდ ვიხეირებთ.
"სევილიას" მიერ ქულების ისევ დაკარგვის გამო მე-2 პოზიცია გავიმყარეთ. ახლა მდევარს 4 ქულით ვუსწრებთ და ურთიერთშეხვედრებშიც ვჯობნით. ეს ნიშნავს, რომ თუ დარჩენილ 3 ტურში 5 ქულას ავიღებთ, მე-2 ადგილზე გარანტირებულად გავალთ. ამისთვის კი საჭიროა, რომ ან 2 თამაში მოვიგოთ, ან ერთი მოვიგოთ და ორი ფრედ დავასრულოთ. მოგება საჭიროა და ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი შანსი დღეს გვაქვს, რადგან სატურნირო თვალსაზრისით აბსოლუტურად უმოტივაციო "სელტას" ვმასპინძლობთ.
"სელტა" უმოტივაციოდაა იმიტომ, რომ ამ გუნდს არც ევროტურნირებზე მოხვედრის შანსი აქვს და არც სეგუნდაში გავარდნა ემუქრება. თუმცა ასეთ დროს გუნდები ყოველგვარი წნეხის გარეშე თამაშობენ ხოლმე და შესაძლოა, ამან მათზე დადებითად იმოქმედოს.
სათამაშო ფორმა
"ბარსელონა" "კამპ ნოუზე" ზედიზედ 3 წაგების შოკიდან ნელ-ნელა გამოდის. თამაშის ხარისხი საამაყო ისევ ვერაა, მაგრამ შედეგები გავაუმჯობესეთ. "ბლაუგრანამ" ზედიზედ 2 თამაში მოიგო და სწორედ ამის წყალობით გაიმყარა ლა ლიგაში მე-2 ადგილი.
"სელტას" ბოლო დროს ცუდი შედეგები ჰქონდა (7 მატჩში მხოლოდ 1 მოგება), მაგრამ გასულ ტურში "ალავესის" 4-0 განადგურებით ვიგოელებმა ხასიათი გამოიკეთეს. სტუმრად გამართულ ბოლო ორ შეხვედრაში ედუარდო კოუდეტის გუნდმა 4 ქულა აიღო, მაგრამ უკანასკნელ 9 გასვლით შეხვედრაში "სელტას" მხოლოდ 1 მოგება აქვს.
დანაკლისი
უკვე ტრადიციაა, რომ "ბარსელონა" მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. ისევ ტრავმირებულები არიან სერჟინიო დესტი, ჟერარ პიკე, ნიკო გონსალესი, პედრი და სერჟი რობერტო. სავარაუდოდ ეს ფეხბურთელები მიმდინარე სეზონში აღარც ითამაშებენ. დღევანდელ შეხვედრაში კი დანაკლისს სერხიო ბუსკეტსიც დაემატა, რომელიც ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო დისკვალიფიცირებულია. კარგი ამბავი ისაა, რომ "ბეტისთან" თამაშის ავადმყოფობის გამო გამოტოვების შემდეგ "ბარსას" მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაუბრუნდა.
"სელტას" ორი ფეხბურთელი აკლია, მაგრამ ორივე მნიშვნელოვანია. გუნდის ძირითადი მარჯვენა მცველი უგო მალიო უკვე თვეზე მეტია, ტრავმირებულია. ვიგოელთა მეორე საუკეთესო ბომბარდირი სანტი მინა კი სექსუალური ძალადობის გამო მსჯავრდებულია.
ურთიერთშეხვედრები
"ბარსელონასა" და "სელტას" აქამდე ერთმანეთთან 127-ჯერ უთამაშიათ. "ბლაუგრანას" 69 მოგება, 31 ფრე და 27 მარცხი დაუგროვდა. კატალონიელებმა გაიტანეს 278 და გაუშვეს 147 გოლი.
ბოლო დროს ამ გუნდების შეხვედრები უხვგოლიანობით გამოირჩეოდა. უკანასკნელ 15 მატჩში მინიმუმ 2 გოლი გადიოდა, ხოლო ბოლო 5 შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი. უგოლო შეხვედრა კი "ბარსელონასა" და "სელტას" 1999 წლის შემდეგ არ ჩაუტარებიათ.
"ბარსელონას" "სელტას" დამარცხება ბოლო დროს უჭირს. კატალონიელებს ორმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ. გასულ სეზონში "სელტამ" "კამპ ნოუზე" 2-1 მოიგო, მიმდინარე სეზონში კი "ბარსა" სტუმრად 3-0 იგებდა, მაგრამ თამაში 3-3 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" "სელტასთან" ზედიზედ 2 მოგება 2014 წლის შემდეგ არ ჰქონია, მას შემდეგ კი გუნდებმა 17 შეხვედრა გამართეს.
ამ გუნდებს შორის "კამპ ნოუზე" გამართული 63 შეხვედრიდან 47 მასპინძლებმა მოიგეს, 4 სტუმრებმა, ხოლო 12 ფრედ დასრულდა. უკვე ხსენებულ გასული სეზონის წაგებამდე "ბარსას" ბოლო 6 თამაშში 5 მოგება და 1 ფრედ ჰქონდა.
არბიტრი
შეხვედრას 37 წლის მიგელ ანხელ ორტის არიასი განსჯის.
არიასი 2009 წლიდან მსაჯობს. 2019 წელს ის სეგუნდა დივიზიონში დაწინაურდა, პრიმერაში კი სადებიუტო სეზონს ატარებს. ის ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის ყველაზე გამოუცდელია.
ლა ლიგის მატჩებში არიასი საშუალოდ 24.2 ჯარიმასა და 0.31 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.5 ყვითელ და 0.44 წითელ ბარათს უჩვენებს. ყვითელი ბარათების ჩვენების სიხშირით ის ლა ლიგის მოქმედ არბიტრებს შორის მე-15, ხოლო წითლებით პირველ ადგილზეა. 16 შეხვედრაში მანუ უკვე 7 ფეხბურთელი გააძევა.
"ბარსელონას" მატჩში არიასი პირველად იმსაჯებს, "სელტას" შეხვედრაში კი მონაწილეობა აქამდე ერთხელ მიუღია. თამაშში, რომელშიც "სელტამ" "მალიორკა" 4-3 დაამარცხა, არიასმა გუნდებს თითო ფეხბურთელი გაუგდო და თითო თერთმეტმეტრიანი დაუნიშნა.
გამორჩეული ფეხბურთელები
როდესაც "სელტაზე" ვსაუბრობთ, არ შეიძლება, იაგო ასპასი არ ვახსენოთ. 34 წლის თავდამსხმელი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია არა მხოლოდ მიმდინარე სეზონში, არამედ ისტორიაშიც (183 გოლი). ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა დავაში ის 17 გოლით მე-2 ადგილზეა და მხოლოდ ქარიმ ბენზემას ჩამორჩება. 17 გოლის გარდა ასპასის აქტივში 5 საგოლე გადაცემაცაა, რაც გუნდში მე-2 საუკეთესო შედეგია.
ასპასს ძალიან უყვარს "ბარსელონას" კარში გოლების გატანა. კატალონიელთა წინააღმდეგ ჩატარებულ 16 თამაშში მას 9 გოლი აქვს გატანილი. მოქმედ ფეხბურთელებს შორის "ბლაუგრანას" კარი ამაზე მეტჯერ მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსა (20 გოლი) და ქარიმ ბენზემას (11) აუღიათ.
სტატისტიკა
- ამ გუნდების ბოლო 5 თამაშში მინიმუმ 3 გოლი გადიოდა, ბოლო 15 თამაშში კი მინიმუმ 2;
- "ბარსელონასა" და "სელტას" ბოლო 5 შეხვედრიდან ოთხში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
- ამ გუნდების ბოლო 6 თამაშში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- "ბარსელონასა" და "სელტას" ბოლო 10 თამაშიდან რვაში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- ამ გუნდების ბოლო 5 თამაშში ანგარიშს "ბარსელონა" ხსნიდა;
- ამ გუნდების ბოლო 5 თამაშიდან ოთხში "ბარსელონა" პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
- 3 თამაშია, "ბარსელონას" კარი მშრალად არ შეუნახავს;
- "ბარსელონას" ბოლო 7 თამაშიდან ექვსში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- "სელტას" ბოლო 5 თამაშიდან ოთხში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- "სელტას" ბოლო 5 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 1.4 ანიჭებენ, რაც მოგების 71%-იან შანსს უდრის, "ბარსა" კი ასეთი თამაშების 77%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, გარსია, ალბა, ფ. დე იონგი, გავი, პუჩი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი
სელტა (4-1-3-2): დიტურო, კევინი, აიდუ, არაუხო, გალანი, ბელტრანი, მენდესი, დენისი, ჩერვი, ასპასი, გალიარდო
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, გარსია, ალბა, ფ. დე იონგი, პუჩი, გავი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი
სელტა (4-4-2): დიტურო, ვასკესი, აიდუ, არაუხო, გალანი, მენდესი, დენისი, ბელტრანი, ჩერვი, გალიარდო, ასპასი
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, გარსია, ალბა, ფ. დე იონგი, პუჩი, გავი, დემბელე, ობამეიანგი, დეპაი
სელტა (4-1-3-2): დიტურო, კევინი, აიდუ, არაუხო, გალანი, ბელტრანი, ბრაისი, დენისი, ჩერვი, ასპასი, გალიარდო
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, გარსია, ალბა, ფ. დე იონგი, პუჩი, გავი, დემბელე, ობამეიანგი, დეპაი
სელტა (4-4-2): დიტურო, კევინი, აიდუ, არაუხო, გალანი, ბელტრანი, დენისი, ბრაისი, ჩერვი, ასპასი, გალიარდო
პროგნოზი
- WhoScored:
- Sportsmole: 2-1
- Sportskeeda: 3-1
ტრანსლაცია
თამაში 23:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]