ჩავი ერნანდესი სელტასთან მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი ვიგოს "სელტასთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციას მართავს.
მიზანს მივაღწიეთ - ოთხეულში ადგილი განაღდებულია. შემდეგი მისია მეორე ადგილის შენარჩუნებაა.
ბურთს ჯერ კიდევ ბევრჯერ ვკარგავთ, ეს უნდა გამოვასწოროთ.
ზუსტად ბუსკეტსის ტიპის ფეხბურთელი არ გვყავს. ზოგიერთი პოზიცია ბოლომდე შევსებული არაა. მომავალში კარგი გეგმა გვჭირდება.
ამჟამინდელ ეკონომიკურ სიტუაციას უნდა მოვერგოთ. ტრანსფერების განსახორციელებლად მოთამაშეების წასვლაა საჭირო. კონკურენტუნარიანი გუნდის ასაშენებლად გაძლიერება გვმართებს.
პრეზიდენტითა და სპორტული დირექტორებით ბედნიერი ვარ. ისინი ჩემს აზრს პატივს სცემენ. ერთად ვიმუშავებთ და მომავალი სეზონისთვის უფრო ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას შევეცდებით.
3 მატჩი გვრჩება, ესპანეთის სუპერ თასის საგზური კი ჩვენს ხელშია - საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულნი. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კარგი სიახლეა. სეზონი სასიამოვნო განწყობით უნდა დავასრულოთ.
ანსუ თავს შესანიშნავად გრძნობს და 100%-ით მზადაა, მაგრამ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვხედავ, რომ ის ძალიან ბედნიერია. ფატის თამაშით გახარებული ვარ. მისთვის სპეციალური გეგმა გვაქვს - ალბათ, ახლა ანსუს 90 წუთით მოედანზე დატოვება სარისკოა.
ჰოლანდი "მანჩესტერ სიტიში"? ეს ტრანსფერი ჯერ ოფიციალური არაა. როცა იქნება, მაშინ მკითხეთ... ერლინგის "ბარსაში" მოსვლას გამოვრიცხავ თუ არა? მოტყუებას არ ვაპირებ - ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ნორვეგიელის შეძენა რთულია.
ნოემბრის შემდეგ ბევრად მოვუმატეთ, მაგრამ, კუმანი არ უნდა გავაკრიტიკოთ. "ესპანიოლთან" ჩემი სადებიუტო მატჩი "ბეტისთან" ბოლოს გამართულ შეხვედრას რომ შევადაროთ, დიდ პროგრესს შევატყობთ.
ტრანსფერებსა და წამსვლელებზე საუბარი ჯერ ადრეა - ყველაფერს ვგეგმავთ, თუმცა, ახლა დარჩენილ მატჩებზე უნდა ვკონცენტრირდეთ.
დემბელეში ეჭვი არ მეპარება. ის განსხვავებული ფეხბურთელია. უსმანით ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, ფრანგი დარჩება.
ხანდრო ორელიანა "ლა მასიელია" - ნახევარმცველი, რომელიც ბურთს არ კარგავს. მას თამაში როგორც ცენტრში, ისე საყრდენად შეუძლია. ხანდროსთან ერთად ალვარო სანსიც გამოვიძახე. ვიმედოვნებ, ისინი სათამაშო დროს მიიღებენ.
ერლინგ ჰოლანდმა სპორტულ პროექტს ფული არჩია? ეს არ მითქვამს. სხვა კლუბების გეგმებს პატივს ვცემ. "სიტის" ბევრი ტიტული აქვს და ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობს. თუ მოვლენები ისე განვითარდება, როგორც თქვენ ამბობთ, ეს მხოლოდ ჩვენი ფინანსური პრობლემების გამო მოხდება.
- განაცხადა ჩავიმ პრესკონფერენციაზე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]