დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონში ტიტულებს მოვიგებთ - ინტერვიუ რონალდ არაუხოსთან
ესპანურმა სპორტულმა გამოცემებმა, Mundo Deportivo-მ და Sport-მა რონალდ არაუხოსთან ინტერვიუ ჩაწერეს. "ბარსელონას" ახალგაზრდა უკანახაზელმა კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ვრცლად პირველად ისაუბრა.
ინტერვიუ MD-სთან
- როგორი განწყობაა გასახდელში?
"ახლა თავს კარგად ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ისე არ დასრულდა, როგორც გვსურდა. ჩვენ, როგორც გუნდი, თავმდაბლები უნდა ვიყოთ და გავაცნობიეროთ, საიდან მოვდივართ. სეზონის პირველი ნაწილი ცუდად დავიწყეთ, ემოციურად უარყოფით განწყობაზე ვიყავით. მაგრამ ჩავის მოსვლით ყველაფერი შეიცვალა. გუნდი გაიზარდა, თავს უფრო ძლიერად ვგრძნობთ და ბევრს ვსწავლობთ. ის "ბარსას" ფილოსოფიის დასაბრუნებლად მოდის, რომელიც ბოლო წლებში გამქრალი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ წინსვლა შეგვიძლია. შესანიშნავად ვითამაშეთ "რეალი", "ნაპოლის", "ატლეტიკოს" წინააღმდეგ... უფრო მეტიც შეგვიძლია. მართალია, საბოლოოდ ტიტულები ვერ მოვიგეთ, მაგრამ თავმდაბლები უნდა ვიყოთ და გვჯეროდეს იმ საქმის, რასაც ვაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონი დიდებული იქნება."
- რა აკლია გუნდს საბოლოო ნახტომისთვის?
"გუნდის, საკუთარი თავების რწმენა. უნდა მივენდოთ პროცესს და იმას, რასაც მწვრთნელები გვეუბნებიან. ჩვენ კარგი პრესეზონი გვექნება, რაც ძალიან გვეხმარება. შემდეგი სეზონი ძალიან კარგი იქნება."
- რონალდ, რა ასპექტში შეგიძლია მომატება?
"ბევრი რამ. მე ახალგაზრდა ვარ და მარტივად არაფერს ვიღებ. ტექნიკურ დონეზე ძალიან ბევრს ვსწავლობ. ჩავის მოსვლის შემდეგ ბევრ ვიდეოს ვუყურებ, ის მითითებებს მაძლევს. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან საქმეები კარგად მიდის. თუ კიდევ მოვუმატებ, მით უკეთესი."
- რას გთხოვს ჩავი პირად საუბრებში?
"ჩავი მეუბნება, რომ ყოველთვის საკუთარი თავი ვიყო. მეუბნება, რომ შემიძლია, გუნდს ვულიდერო. ის უფლებას მაძლევს, ვინმეს დავუყვირო კიდეც, თუ ეს საჭიროა. ის ტექნიკურ დონეზე ბევრს გვასწავლის. არა მხოლოდ მე, ყველას. მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც კეთდება."
- ჩავიმ თქვა, რომ მისი მოსვლის შემდეგ ყველაზე მეტად შენ მოუმატე.
"განსაკუთრებით ბურთთან ერთად თამაში გავაუმჯობესე. საქმე ის არაა, რომ ეს ადრე არ ვიცოდი, უბრალოდ ამას არ ვაკეთებდით. თუ ჩავი მეუბნება, რომ ეს შემიძლია, ვფიქრობ, რომ შემიძლია. მაგრამ აქამდე ამას არ ვაკეთებდი, მე კი სრულიად სხვა ფეხბურთიდან მოვდივარ. ეს ყველაფერი სწავლის საქმეა."
- მან ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გარკვეულ გამოწვევებს გიკეთებთ, მცირე თამაშებს გათამაშებთ. გაგიკეთებიათ რაიმე მსგავსი მწვრთნელთან ერთად?
"ის გამოწვევებს გუნდურ დონეზე გვიწესებს. ეს ძალიან კარგია, რადგან მწვრთნელი პრიზის მიღების მოტივაციას გაძლევს, თუ ყველაფერს კარგად გააკეთებ."
- თქვენ კარლეს პუიოლს გადარებენ. გისაუბრიათ მასთან, გქონიათ კარლესთან შეხვედრის შესაძლებლობა?
"დიახ, მას შევხვდი. ის კარლეს პუიოლია, მასთან შედარება "ბარსას" ყველა ფეხბურთელისთვის ბევრს ნიშნავს. ძალიან ბედნიერი ვიყავი. მან მითხრა, რომ საკუთარი თავი ვიყო, რომ საქმეები კარგად მიდის და ბედნიერია, რომ გუნდში დავრჩი და კონტრაქტი გავახანგრძლივე."
- პუიოლი კაპიტანი იყო. საკუთარ თავს ხედავ სამკლავურით?
"ამისთვის არ ვმუშაობ. ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოდის. თუ მომავალში ეს მოხდება, მსოფლიოს საუკეთესო კლუბის კაპიტნობა უდიდესი კურთხევა იქნება."
- ფეხბურთს ხშირად უყურებთ?
"დიახ, ყოველდღე. ვუყურებ ლა ლიგის, პრემიერ ლიგის და ყველა წამყვანი ჩემპიონატის მატჩებს, ასევე ზოგიერთ თამაშს ურუგვაიდან."
- რამდენ თამაშს უყურებ კვირაში?
"არ ვიცი. თუ ვარჯიშს ვასრულებ და შეხვედრები უკვე იწყება, მათ ვუყურებ."
- რომელიმე გუნდი განსაკუთრებით მოგწონთ?
"ჩემს თავს არცერთ გუნდს არ ვუკავშირებ. მე "ბარსას" დიდი ფანი ვარ."
- "ბარსელონას" გუნდებს უყურებთ?
"დიახ, "იოჰან კრუიფზე" დავდივარ და "ბარსა ბ-ს" ვაკვირდები. ასევე გოგონების გუნდს, რომელთა თამაშიც შთამბეჭდავია. ვუყურებ ფუტსალის გუნდსაც, რომელშიც მეგობრები მყავს. სინამდვილეში, მატჩების ყურება მიყვარს და თვალს ყველა სპორტს ვადევნებ."
- რას ელით მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატისგან?
"რაღაც განსაკუთრებულია, წარმოადგენდე საკუთარ ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონატზე. როდესაც პატარა ვიყავი, ჯერ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე, შემდეგ კი მუნდიალზე თამაშზე ვოცნებობდი. ვიმედოვნებ, ეს მოხდება. ასევე, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან კარგი გუნდი გვყავს, რომელიც ახალგაზრდებისა და ვეტერანების ნარევია."
- თქვენ კრიშტიანუ რონალდუს შეხვდებით.
"ჩვენ ვიცით, რომ პორტუგალიას კარგი გუნდი ჰყავს. მათ კრიშტიანუ რონალდუ ჰყავთ, რომელიც დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენც კარგი შემტევები გვყავს. ეს სასიამოვნო დუელი იქნება. ვფიქრობ, კარგი მსოფლიო ჩემპიონატი გვექნება."
- სადამდე გასვლა შეუძლია ურუგვაის?
"პირველი მიზანი ჯგუფური ეტაპის დაძლევაა, შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა. უნდა ვაჩვენოთ, რომ კარგი მუნდიალის ჩატარება შეგვიძლია, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია."
- ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. გილოცავთ კონტრაქტის გახანგრძლივებას, ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ.
"ვიმედოვნებ, ეს პირველი გახანგრძლივებაა. მინდა, აქ ბევრი წლის განმავლობაში დავრჩე. ყველამ იცის, რამდენად მიყვარს კლუბი. ასევე მადლობელი ვარ ხალხის მხარდაჭერის და კლუბის ძალისხმევის. მინდა, აქ ბევრი წლით დავრჩე და ვიმედოვნებ, მთელ კარიერას "ბარსაში" გავატარებ."
ინტერვიუ Sport-თან
- მნიშვნელოვანი შეთავაზებები გქონდათ, მაგრამ თქვენ "ბარსაში" დარჩენა გადაწყვიტეთ.
"ეს ყოველთვის ჩემი სურვილი იყო. კონტაქტის გახანგრძლივება დიდი ბედნიერებაა. მე მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ და ეს ჯილდოა გაწეული სამუშაოსთვის. კლუბის ნდობა ჩემდამი ნიშნავს, რომ მე სწორად ვმოქმედებ."
- კონტრაქტზე ხელის მოწერისას ემოციური იყავით.
"მთელი ჩემი ოჯახი იქ იყო და ემოციებს ავყევი. ჩვენ ბევრი გამოვიარეთ. ჩემმა მშობლებმა მსხვერპლი გაიღეს, რათა ოცნება ამესრულებინა და ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ვიმედოვნებ, კარიერაში კიდევ 10 ან 15 წელი დამრჩა, მაგრამ ახლა ჩემი პირველი ოცნება ავისრულე - მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ."
- ეს მთელი ოჯახის გამარჯვებაა?
"რა თქმა უნდა. ჩემი მშობლების გარეშე ამას ვერ მივაღწევდი. ვერც ბებიაჩემის გარეშე, რომელიც ჩვენთან ერთად აღარაა. მას ვარჯიშებზე დავყავდი, როდესაც ჩემს მშობლებს არ შეეძლოთ. ჩვენ თავმდაბალი ოჯახი ვართ. ახლა NIKE-თან კონტრაქტი მაქვს, მაგრამ როდესაც კარიერას ვიწყებდი, დედაჩემს ბუცებში ფულის ნაწილ-ნაწილ გადახდა უწევდა, რათა თამაში შემძლებოდა."
- თქვენ თამაში ქუჩაში დაიწყეთ.
"დიახ, მაგრამ როდესაც ხუთი წლის წინ ვიყავი, დედაჩემმა "ურაკანში" წამიყვანა, რადგან დაინახა, რომ ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში მომწონდა. ჩემი ოჯახის ცხოვრება ქარიშხალი იყო. დედაჩემი მუშაობდა და მეხმარებოდა. ისინი მოედანზე დადიოდნენ და ჩემი ძმა და ჩემი ბიძაშვილი სათამაშოს დაჰყავდათ.
ქუჩაში ბევრს სწავლობ. ის გაძლიერებს. მიწაზე დარტყმისას თითები გტკივა, მაგრამ წამოდგები და თამაშს აგრძელებ. ეს კარგი სკოლაა."
- პირველ გუნდში ნაადრევი დებიუტი გქონდათ.
"ცამეტი წლის ვიყავი. ჩემს მშობლებს ეშინოდათ, რადგან მე ზრდასრულების გვერდით ვთამაშობდი. მახსოვს, მამაჩემმა სახვევი გამიკეთა, რათა არ დავშავებულიყავი. საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მე ჯარიმაც კი გავიტანე. როდესაც მოედანზე გამოვედი, ვაგებდით და საბოლოოდ გავიმარჯვეთ."
- თამაში თავდამსხმელად დაიწყეთ.
"დიახ, მე შეტევაში ვთამაშობდი, გოლები გამქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელები თავდამსხმელების უკან მათამაშებდნენ. როდესაც პატარა ვიყავი, ისინი ჯარიმებისა და კუთხურების შესრულების შანსს მაძლევდნენ."
- ამ წლებში "ბოკა ხუნიორსში" თამაში შეგეძლოთ.
"როდესაც ცხრა წლის ვიყავი, ბუენოს აირესში ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ. მათ შემამჩნიეს და ჩემი გაფორმება სურდათ. ჩემს მშობლებს სურდა, რომ ეს გამოცდილება მიმეღო, მაგრამ იფიქრეს, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. სურდათ, რომ მათთან ახლოს ვყოფილიყავი და მესწავლა."
- მაგრამ 16 წლის ასაკში მონტევიდეოში წახვედით.
"მაშინ უფრო გაზრდილი ვიყავი. უკვე საჭმელს ვამზადებდი, ჩემს ძმაზე ვზრუნავდი და სხვადასხვა საქმეებს ვაკეთებდი, როდესაც მშობლები სამუშაოდ მიდიოდნენ. მე უფრო დამოუკიდებელი ვიყავი და მათ დაინახეს, რომ მზად ვიყავი, ოცნება ამესრულებინა."
- "რენტისტასსა" და "ბოსტონ რივერში" თამაშობდით. აქ ცოტა ხანი გაატარეთ.
"რენტისტასის" ახალგაზრდულ გუნდში ხუთი თვე გავატარე, შემდეგ კი პირველ გუნდში დამაწინაურეს. ერთი წლის შემდეგ კი "ბოსტონ რივერში" გადავედი."
- სერხიო კაბრერა, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მწვრთნელი, მონტევიდეოში გამოჩნდა.
"დიახ, ლეანდრო კაბრერას, "ესპანიოლის" მოთამაშის, მამა. მან მითხრა, რომ თუ შემტევად დავრჩებოდი, ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი ვიქნებოდი, ხოლო თუ დაცვაში ვითამაშებდი, ელიტური მოთამაშე გავხდებოდი. და ის მართალი იყო."
- მალე "ბარსა" დაგიკავშირდათ.
"ეს დაუჯერებელი იყო. მე პატარა გუნდში ვთამაშობდი და სხვა ურუგვაულ ან სამხრეთ ამერიკულ კლუბში გადასვლაზე ვფიქრობდი. ამით კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მახსოვს, ერთ-ერთ ხუთშაბათს "პენიაროლთან" თამაშისთვის ვემზადებოდი, როდესაც ჩემმა აგენტმა დამირეკა, რომელიც ევროპაში იყო. მან მითხრა, რომ მალე უნდა წავსულიყავი, თუმცა არ უთქვამს - სად. კვირას მადრიდში ჩავედი. მე ლა ლიგიდან რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მან მითხრა, რომ სარეზერვო გუნდისთვის ჩემი დამატება "ბარსასაც" სურდა. მე აღარ მიყოყმანია. "ბარსა" "ბარსაა". ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომელიც მაშინ მივიღე."
- რამონ პლანესის როლი მნიშვნელოვანი იყო?
"ძალიან. როდესაც "ბარსაში" გადავედი, საქმეები კარგად არ წავიდა. მე არ ვთამაშობდი და ეჭვები გაჩნდა, მაგრამ პლანესი ყოველთვის იქ იყო. ის ყოველთვის ამბობდა, რომ პირველ გუნდში ვითამაშებდი და დიდი ფეხბურთელი გავხდებოდი. ის მხარს მიჭერდა, მიკავშირდებოდა და ძალიან მეხმარებოდა."
- თქვენი სიმაღლე 1.90 მეტრია. როგორ ახერხებთ, ასეთი სწრაფი იყოთ?
"ეს ღმერთის გადაწყვეტილებაა. ეს უცნაურია, რადგან სიმაღლეში 1.91 მეტრი ვარ და 94 კილოგრამს ვიწონი."
- გახსოვთ დებიუტი "სევილიას" წინააღმდეგ? იყო ეს ტკბილ-მწარე დებიუტი?
"საერთოდ არა. მართალია, გამაძევეს, მაგრამ ის მაინც საოცარი იყო. "ბარსაში" დებიუტი ყოველდღე არ გაქვს. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ზოგიერთი მეგობარი წითელ ბარათს მახსენებდა, მაგრამ მათ ვუთხარი, რომ მოელოცათ, რადგან რასაც განვიცდიდი, საოცარი იყო. გაძევებამ გული დამწყვიტა, მაგრამ ის საბოლოოდ ანეკდოტად იქცა."
- როგორ შეაფასებდით გატარებულ ორ წელს პირველ გუნდში?
"პერსონალურ დონეზე, ძალიან კარგად. დიდი ფეხბურთელებისგან ბევრს ვსწავლობ. ლეო აქ თამაშობდა, სუარესი აქ თამაშობდა, დაუჯერებელი მოთამაშეები... განსხვავება ესაა. სარეზერვო გუნდში, ნაკლები სივრცე გაქვს, პირველ დივიზიონში კი უფრო მაღალი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშობ. ძალიან ფოკუსირებული უნდა იყო. მე 75-ზე მეტი თამაში ჩავატარე და უკვე ვაჩვენე, რომ მათ ჩემი ნდობა შეუძლია. გარდა ამისა, ჩვენ რთული პერიოდები გამოვიარეთ, მაგრამ მომავალში ეს კარგად გამომადგება."
- ჟერარ პიკესგან ბევრი ისწავლეთ?
"ძალიან. მის გვერდით ბევრს სწავლობ. ის ჩემთვის ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია. ჟერარით კლუბში მოსვლის დღიდან აღფრთოვანებული ვარ. ის სწრაფი არაა, თუმცა ძალიან ჭკვიანია. ის ყოველთვის სწორ ადგილასაა, ბურთი კარგად ამოაქვს. პიკე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია, მას ყველაფერი მოუგია, ჟერარი მსოფლიო ჩემპიონია. ეს წლები მის გვერდით ჩემთვის ძალიან სასარგებლოა."
- პრეზიდენტმა ლაპორტამ თქვენი თავდადება და ურუგვაული ხასიათი გამოარჩია, მან ლიდერად გახსენათ. ხედავთ ერთ დღეს საკუთარ თავს კაპიტნად?
"მე კაპიტნობისთვის არ ვმუშაობ. თუ ამის შესაძლებლობა მექნება, მივესალმები, ეს საოცარი იქნება, მაგრამ ყველაფერი ბუნებრივად მოდის. ასეთად ყოფნა მომწონს. თანაგუნდელებს ვამხნევებ, არა მხოლოდ მოედანზე. მათგან სხვა რაღაცებსაც ვითხოვ. ვფიქრობ, კარგია, რომ დამუხტულები ვიყოთ. ჩვენ ყველას გამარჯვება გვსურს."
- ურუგვაული ხასიათი გაქვთ, მაგრამ თითქმის ბრაზილიელი ხართ.
"(იღიმის) მე ურუგვაელი ვარ, ურუგვაელი. მართალია, ჩემი ქალაქი, რივერა ბრაზილიას ესაზღვრება და მე ბრაზილიური ოჯახი მყავს, მაგრამ მე ურუგვაიში დავიბადე და ურუგვაელი ვარ."
- რას ითხოვს ჩავი თქვენგან?
"პირველ რიგში ითხოვს, რომ ვიყო ის, ვინც ვარ. მაძლევს თავისუფლებას, რომ ვისაუბრო, ვიყვირო კიდეც, თუ საჭიროა და თანაგუნდელები გავამხნეო. ჩავი ჩემი შეცდომებისა და კარგი თამაშის ვიდეოებს მაყურებინებს. მისი მოსვლის შემდეგ ბურთთან ერთად თამაში ძალიან გავაუმჯობესე.
დაცვაში თამაში მიყვარს. როდესაც ორთაბრძოლებს ვიგებ, აღვნიშნავ."
- რა დააბალანსებს მიმდინარე სეზონს?
"ეს ცოტათი უცნაური სეზონია. ჩვენ ძალიან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ჩავის მოსვლასთან ერთად, შევიცვალეთ. ჩვენ შევიცვალეთ მენტალობა, მუშაობისადმი მიდგომა. მართალია, ბოლო შეხვედრებში კარგად არ გამოვიყურებოდით, მაგრამ ჩვენ ცვლილებების პროცესში ვართ. მაღალი დონის შემადგენლობა გვყავს, ახალგაზრდებითა და ვეტერანებით დაკომპლექტებული. სპორტული პროექტის ძალიან მჯერა. დარწმუნებული ვარ, შემდეგი სეზონი დიდებული გამოვა და ტიტულებს მოვიგებთ. რთული პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ ის მომავალში გაკვეთილად გამოგვადგება."
- ასე რომ, კარგ მომავალს ხედავთ.
"დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონში ტიტულებს მოვიგებთ. ახალგაზრდებს უფრო მეტი გამოცდილება ექნებათ. ამაზე უკვე ვმუშაობთ."
- სხვათა შორის, მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" თამაშს უყურეთ?
დიახ. "რეალს" ფინალში გასვლას ვულოცავ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]