სოსიედადი-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა
ლა ლიგის წინა ტური გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო. "რეალს" "სევილიასთან" რთული გასვლა ჰქონდა და თუ წააგებდა, სუსტ "კადისთან" "ბარსას" მოგების შემთხვევაში საჩემპიონო ბრძოლა დაბრუნდებოდა. გადამწყვეტი ნამდვილად გამოდგა - "რეალს" მართლაც რთული თამაში ჰქონდა, მაგრამ მოიგო; "ბარსა" კი უქულოდ დარჩა და საჩემპიონო ბრძოლის შანსები დასამარდა.
ახლა ჩვენი პროგრამა მინიმუმი ოთხეულში დარჩენა, ანუ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა, პროგრამა მაქსიმუმი კი მეორე ადგილის შენარჩუნება, ანუ ესპანეთის სუპერ თასზე მოხვედრა.
ჩემპიონთა ლიგის საგზურს უმიზნებს ჩვენი დღევანდელი მეტოქეც. "სოსიედადი" მეორე-მეოთხე ადგილებზე მყოფ "ბარსას", "სევილიასა" და "ატლეტიკოს" 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეხუთეზე მყოფ "ბეტისს" 2 ქულით. დღეს მოგების შემთხვევაში სან სებასტიანელები ერთი საფეხურით აუცილებლად დაწინაურდებიან და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლაშიც აქტიურად ჩაერთვებიან.
სათამაშო ფორმა
"ბარსელონას" ბოლო 2 თამაში წაგებული აქვს, მაგრამ ორივე საკუთარ მოედანზე. გასვლით შეხვედრებში კატალონიელები უფრო კარგად გამოიყურებიან. ჩავის მოსვლის შემდეგ "ბლაუგრანამ" სტუმრად მხოლოდ 2 თამაში წააგო - ერთი "ბაიერნთან" და ერთიც "ბილბაოსთან", ისიც დამატებით ტაიმებში.
ბოლო 7 გასვლითი შეხვედრიდან "ბარსამ" 6 მოიგო, ავადსახსენებელ "აინტრახტთან" კი ფრედ ითამაშა. თუ მხოლოდ ლა ლიგის შეხვედრებს გავითვალისწინებთ, მაშინ "ბლაუგრანას" ბოლო 4 გასვლით თამაში აქვს მოგებული, წაგებით კი ბოლოს 2021 წლის ოქტომბერში, რონალდ კუმანის "გამოსამშვიდობებელ" მატჩში წააგო.
"კადისთან" "ბარსელონას" მარცხის შემდეგ ლა ლიგაში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია "სოსიედადს" აქვს. ბასკები 5 თამაშია, არ დამარცხებულან. ამ 5 მატჩიდან იმანოლ ალგუასილის გუნდმა 3 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ 5 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი იყო, რომელშიც გოლი ორივე გუნდმა გაიტანა, ორში ანგარიში 1-0 იყო, დანარჩენ ორში კი 0-0. ბოლო თამაშებში "სოსიედადის" კარში გოლის გატანა პრობლემას წარმოადგენს.
რაც შეეხება საშინაო თამაშებს - "სოსიედადს" ლა ლიგაში საკუთარ მოედანზე ჩატარებულ ბოლო 7 თამაშში გოლი არ აქვს გაშვებული. ამ 7 დაპირისპირებიდან სან სებასტიანელებმა 5 მოიგეს, აქედან 4 ანგარიშით 1-0.
დანაკლისი
"ბარსელონაში" კარგი ამბავი ისაა, რომ გუნდს ტრავმის შემდეგ ჟერარ პიკე და დისკვალიფიკაციის შემდეგ რონალდ არაუხო დაუბრუნდნენ. განაცხადში ისევ ვერ მოხვდა ანსუ ფატი. ასევე ტრავმირებულები არიან პედრი, სერჟი რობერტო და სამუელ უმტიტი.
"სოსიედადს" სერიოზული დანაკლისი აქვს. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მიკელ ოიარსაბალი ტრავმირებულია, დავიდ სილვას კი დისკვალიფიკაცია აქვს. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ კარლოს ფერნანდესი, ნაჩო მონრეალი და ანდრე ბარენეჩეა, მაგრამ პირველ ორს მიმდინარე სეზონში არც უთამაშია, ბარენეჩეამ კი მხოლოდ 16 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 6 სასტარტო შემადგენლობიდან
ურთიერთშეხვედრები
"სოსიედადის" საშინაო არენა "ანოეტა" ერთ დროს ჩვენთვის დაწყევლილი იყო და ამ სტადიონზე 10 წლის განმავლობაში ვერ ვიგებდით, მაგრამ ბოლო წლებში სიტუაცია შეიცვალა.
"ბარსელონას" "სოსიედადთან" 14 თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს. აქედან კატალონიელებმა 11 თამაში მოიგეს, 3 კი ფრედ დასრულდა. ბოლო ორ მატჩში "ბლაუგრანამ" მეტოქეს 4 და 6 გოლი გაუტანა.
ბასკეთში გამართული ბოლო 7 დაპირისპირებიდან "ბარსამ" 4 მოიგო, სამმა კი გამარჯვებული ვერ გამოავლინა. "ანოეტაზე" გამართულ უკანასკნელ შეხვედრაში კატალონიელებმა 6-1 იმარჯვეს. იმ შეხვედრაში ერთი უცნაურობა მოხდა - სერჟინიო დესტმა დუბლი გაიფორმა. ამერიკელ მცველს "ბარსას" მაისურით სულ 3 გოლი აქვს გატანილი.
"სოსიედადთან" დაპირისპირებაში "ბარსას" უპირატესობა აქვს ისტორიულადაც. სულ გამართული 109 შეხვედრიდან კატალონიელებმა 109 მოიგეს, ბასკებმა 36, ხოლო 43 ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება: 388-191, რა თქმა უნდა, "ბლაუგრანას" სასარგებლოდ. სტუმრად გამართულ 89 მატჩში "ბარსას" 26 მოგება, 30 ფრე და 33 წაგება აქვს.
არბიტრი
ტურის ცენტრალური შეხვედრის განსასჯელად ფეხბურთის ფედერაციამ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი არბიტრი, კარლოს დელ სერო გრანდე მიავლინა. დელ სეროზე გამოცდილი მსაჯი ლა ლიგაში მხოლოდ მატეუ ლაოსია.
დელ სერო გრანდემ ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 დივიზიონში მსაჯობა 2000 წელს დაიწყო. 2006 წელს ის სეგუნდაში, 2011 წელს კი უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდა. 2013 წლიდან გრანდე FIFA-ს მსაჯია. ცნობისთვის, საერთაშორისო დონეზე მისი დებიუტი შოტლანდიისა და საქართველოს 19 წლამდელთა გუნდების შეხვედრაში შედგა.
გრანდე კარიერის განმავლობაში საშუალოდ 26.7 ჯარიმასა და 0.32 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს. ის ფეხბურთელებს თამაშში საშუალოდ 5.16 ყვითელ (მე-9 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) და 0.24 წითელ (მე-11 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) ბარათს უჩვენებს.
"ბარსელონას" მატჩში დელ სეროს მონაწილეობა აქამდე 38-ჯერ მიუღია. კატალონიელებს 30 მოგება, 5 ფრე და 3 მარცხი აქვთ. ამ არბიტრის კარიერაში ასეთი კარგი შედეგი სხვა გუნდს არ აქვს.
დელ სერომ "ბარსელონას" ფეხბურთელებს 5 წითელი ბარათი უჩვენა, მეტოქისას კი ექვსი. 8 თერთმეტმეტრიანიდან 6 "ბლაუგრანას" სასარგებლოდ დაინიშნა.
"სოსიედადის" მატჩში გრანდეს 30-ჯერ უმსაჯია. ბასკებს 12 მოგება, 11 ფრე და 7 მარცხი დაუგროვდათ. სან სებასტიანელთა ფეხბურთელი დელ სერომ მოედნიდან 3-ჯერ გააძევა, ხოლო მეტოქე - 5-ჯერ. 10 დანიშნული პენალტი კი "სოსიედადსა" და მეტოქე გუნდებზე თანაბრადაა გადანაწილებული.
გამორჩეული ფეხბურთელი
დღეს მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ველით რაფინია ალკანტარას, რომლისთვისაც "ბარსელონასთან" დაპირისპირება გამორჩეული იქნება.
29 წლის ბრაზილიელი "ბარსას" სკოლის აღზრდილია. "ლა მასიაში" ის 2006 წელს, 13 წლის ასაკში მივიდა. კატალონიელთა პირველ გუნდში რაფინია 2014-2020 წლებში ირიცხებოდა. "ბლაუგრანაგან" განათხოვრებული იყო ორჯერ "სელტაში" და ერთხელ "ინტერში", თუმცა თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა ვერ მოახერხა. 2020 წელს "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა, საიდანაც "სოსიედადშია" განათხოვრებული.
"ბარსელონას" პირველ გუნდში რაფინიას 90 თამაში, 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. კატალონიურ გუნდში მან 13 ტიტულის მოგება მოახერხა.
"ბარსელონას" წინააღმდეგ რაფინიას აქამდე 3-ჯერ უთამაშია. ეს მან 2-ჯერ "სელტას", ხოლო ერთხელ პსჟ-ს მაისურით მოახერხა. ბრაზილიელის ანგარიშზე 2 ფრე და 1 მარცხია.
სტატისტიკა
- "ბარსელონას" სოსიედადთან 14 თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს;
- "ბარსელონამ" "სოსიედადს" ბოლო ორ თამაშში 10 გოლი გაუტანა;
- "ბარსელონას" ლა ლიგის გასვლით მატჩში ოქტომბრის შემდეგ არ წაუგია;
- ლა ლიგაში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია "სოსიედადს" აქვს;
- ამ გუნდების ბოლო 8 თამაშიდან ექვსში მინიმუმ 3 გოლი გადიოდა;
- ამ გუნდების ბოლო 8 თამაშიდან შვიდში გოლი ორივეს გაჰქონდა;
- ამ გუნდების ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- "ბარსელონასა" და "სოსიედადის" ბოლო 5 დაპირისპირებაში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- "სოსიედადს" "ბარსელონასთან" გამართულ ბოლო 14 თამაშში კარი მშრალად არ შეუნახავს;
- ამ გუნდების ბოლო 5 თამაშიდან ოთხში ანგარიშს "ბარსელონა" ხსნიდა;
- ამ გუნდების ბოლო 5 თამაშიდან ოთხში პირველი ტაიმი "ბარსელონამ" მოიგო;
- "სოსიედადის" ბოლო 4 საშინაო თამაშიდან 3 ანგარიშით 1-0 დასრულდა, ერთი კი 0-0;
- "სოსიედადს" ლა ლიგის ბოლო 7 საშინაო თამაშში გოლი გაშვებული არ აქვს, თავად კი მხოლოდ 6 გაიტანა;
- "სოსიედადის" ბოლო 7 თამაშიდან ექვსში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- "ბარსელონას" ბოლო 4 თამაშში კარი მშრალად არ შეუნახავს;
- ბოლო 5 თამაშიდან ოთხში "ბარსელონამ" მეტოქეს ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა;
- "ბარსელონას" ბოლო 7 თამაშიდან ხუთში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- "ბარსელონას" ბოლო 8 თამაშიდან ექვსში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- ტოტალიზატორები "სოსიედადის" მოგებას კოეფიციენტს 3.4 ანიჭებენ, რაც მოგების 29%-იან შანსს უდრის, თუმცა "სოსიედადი" ასეთი თამაშების მხოლოდ 8%-ს იგებს;
- ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 2.15 ანიჭებენ, რაც მოგების 47%-იან შანსს უდრის, თუმცა "ბარსა" ასეთი თამაშების მხოლოდ 33%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
სოსიედადი (4-3-3): რემირო, სალდუა, სუბელდია, ლე ნორმანი, რიკო, მერინო, სუბიმენდი, რაფინია, იანუზაი, სორლოთი, ისაკი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, გავი, ფ. დე იონგი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი
Marca
სოსიედადი (4-3-3): რემირო, ზალდუა, ზუბელდია, ლე ნორმანი, რიკო, სუბიმენდი, მერინო, გურიდი, რაფაელი, ისაკლი, სორლოთ
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი
პროგნოზი
- Sportsmole: 1-1
- Sportskeeda: 1-2
- squawka: 1-1
ტრანსლაცია
თამაში 23 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]