ეს კამპ ნოუ არ არის, მათ სტადიონი მოგვპარეს - რა ხდებოდა გუშინ ბარსელონას გასახდელში

AS-ის ესპანელი ჟურნალისტი, ხავი მიგელი გუშინ მომხდარ ინციდენტსა და "ბარსელონას" გასახდელ ოთახში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
მიგელის თქმით, ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი, რომელიც გუშინ "კამპ ნოუზე" გასახურებლად გავიდა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იყო. ის რამდენიმე წამი ტრიბუნებს უყურებდა და გაოგნებული ჩანდა.
გერმანელი მოედანზე არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო მას შემდეგ ვერ იჯერებდა, რაც, მოთელვის გასავლელად, კარისკენ გაემართა და მასიური სტვენა გაიგონა.
ტერ შტეგენი 10 წუთის განმავლობაში ძლიერი ხმაურისა და სტვენის ფონზე ვარჯიშობდა, რის შემდეგაც გერმანელი გასახდელ ოთახში დაბრუნდა და თანაგუნდელებს უთხრა: "ეს "კამპ ნოუ" არაა, მათ სტადიონი მოგვპარეს".
ამის გაგონებისას ჩავი, სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე წევრთან ერთად, გვირაბისკენ გაემართა და მოედანზე გავიდა, რის შემდეგაც, დარწმუნდა, რომ ტერ შტეგენი მართალი იყო - მთელ სტადიონზე "აინტრახტის" ფანები იყვნენ, რამაც ჩავიც გააკვირვა.
ერნანდესმა მალევე ჟორდი კრუიფს დაურეკა, რათა გაეგო, რა ხდებოდა. ამ უკანასკნელმა ჩავის უთხრა, რომ თავადაც შოკში იყო და ეცდებოდა, რამე გაერკვია.
ჩავი გასახდელში დაბრუნდა და თავის შეგირდებს აცნობა, თუ რა მოხდებოდა: "ეს ნორმალური სიტუაცია არაა, მაგრამ, რაც არის, არის. ამ მატჩს ფინალივით ჩავატარებთ, სადაც მოედნის ნახევარი მეტოქის გულშემატკივარს უკავია, ნახევარი კი - ჩვენსას".
"ბარსელონას" ფეხბურთელები მწვანე მინდორზე გავიდნენ იმ განწყობით, რომ ვიღაცამ "კამპ ნოუ" მეტოქეს გადასცა.
"საკუთარ სახლში მტერი გვყავს", - ამბობდნენ გასახდელ ოთახში ავტორიტეტული მოთამაშეები. ისინი ვერ იჯერებდნენ, რაც ხდებოდა, და შოკში იყვნენ.
ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ იყო - "აინტრახტის" გოლებს მთელი სტადიონი ისე აღნიშნავდა, თითქოს მატჩი "დოიჩე ბანკ პარკზე" (ფრანკფურტელთა საშინაო მოედანი) იმართებოდა. "კამპ ნოუზე", დაახლოებით, 30 000 გერმანელი იყო, მათი უმეტესობა კი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შესვენებაზე ფეხბურთელების დაღლილი სახეები ზუსტად ასახავდა იმ ვითარებასა და შოკს, რაც "ბარსას" თავს ხდებოდა. საქმე მხოლოდ ის არ იყო, რომ გერმანელები უფრო მეტს ხმაურობდნენ, არამედ, ამას ისიც ემატებოდა, რომ ისე ჩანდა, თითქოს სტადიონზე მხოლოდ ისინი იყვნენ.
ჩავი ცდილობდა, გუნდი წაეხალისებინა: "ვიცი, რომ იმედგაცრუებულნი ხართ, მაგრამ, უნდა ვიბრძოლოთ - ეს სიტუაცია გასამართლებელი მიზეზი არაა".
"ბლაუგრანა" პირველი ტაიმის შემდეგ 0-2 აგებდა, რასაც მთელი სტადიონი აღნიშნავდა.
საბოლოოდ, ჩავის მცდელობამ შედეგი არ გამოიღო. ამ ყველაფერს მსაჯის გადაწყვეტილებები და პედრის ტრავმაც დაემატა, რამაც გუნდზე ძალიან იმოქმედა - ფეხბურთელებს, სრულიად მოულოდნელად, წინ ბევრი არასაჭირო დაბრკოლება დახვდათ.
"ბარსელონა" 2-3 დამარცხდა, ტრიბუნებზე კი სამარცხვინო მდგომარეობა ფიქსირდებოდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]