ლევანტე-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

ლევანტე-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველდღიური შრომით "ბარსელონა" სეზონის დარჩენილი მიზნებისკენ დამაჯერებლად მიდის. მიზნები კი, თუ რეალისტურ მიზნებზე ვისაუბრებთ, ევროპა ლიგის მოგება და ლა ლიგაში მე-2 ადგილზე გასვლაა. მიმდინარე კვირის შუაში ევროპა ლიგაზე სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ (უკეთესიც შეიძლებოდა), ახლა კი ლა ლიგის ჯერია.

სათამაშო ფორმა

"ბარსელონაზე" ახალს ვერაფერს გეტყვით. ზედიზედ 14 წაუგებელი თამაში - ეს ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. ჩავის ბიჭებს ლა ლიგაში ბოლო 6 თამაში აქვთ მოგებული, მათ შორის ბოლო 3 სტუმრად, ბოლო 4 გასვლით შეხვედრაში კი "ბლაუგრანას" მინიმუმ 2 გაჰქონდა. ლა ლიგაში მეტოქის მოედანზე "ბარსა" ბოლოს 2021 წლის ოქტომბერში, რონალდ კუმანის დროს დამარცხდა.

"ლევანტე" ცუდ დღეშია. ვალენსიელები ბოლოსწინა ადგილზე არიან, უსაფრთხო ზონასთან კი მათ 7 ქულა აშორებთ, რაც საკმაოდ ბევრია. მიმდინარე სეზონში გუნდმა 2 მწვრთნელი გამოიცვალა, მაგრამ სიტუაცია რადიკალურად არ შეცვლილა. ბოლო დროს "ლევანტემ" ცოტა კი მოუმატა და უკანასკნელი 7 შეხვედრიდან მხოლოდ 2 წააგო, მაგრამ ეს დიდი არაფერი შვებაა. ის კი უნდა ითქვას, რომ საკუთარ კედლებში გამართული ბოლო 3 შეხვედრიდან "ლევანტემ" 2 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ალესიო ლიშის გუნდი ბოლომდე ბრძოლისკენაა მომართული და არაა გამორიცხული, ქულებზე დაგეშილმა ვალენსიელებმა დღეს "ბარსას" დიდი წინააღმდეგობა გაუწიონ.

დანაკლისი

"ლევანტეს" სერიოზული პრობლემები აქვს, განსაკუთრებით დაცვაში. გუნდის ძირითადი მარცხენა მცველი კარლოს კლერკი აქამდეც ტრავმირებული იყო, წინა ტურში კი ტრავმა მისმა შემცვლელმა, ენრიკ ფრანკესამაც მიიღო. განაცხადში ვერცერთი მათგანი ვერ მოხვდა.

განაცხადს მიღმა დარჩა "ბარსას" ყოფილი ურუგვაელი მცველი მარტინ კასერესიც, რომელიც "ლევანტეში" იანვრის ბოლოს გადავიდა და ვალენსიელთა ძირითადი შემადგენლობის წევრად მალევე იქცა.

არ იქნება კიდევ ერთი ცნობილი ცენტრალური მცველი შკოდრან მუსტაფი. სამაგიეროდ გუნდს უბრუნდება ამ პოზიციაზე მოთამაშე ოსკარ დუარტე, რომელიც მოედანზე 12 მარტის შემდეგ არ გვინახავს.

ასევე 12 მარტის შემდეგ უთამაშებელია და ვერც ამჯერად ითამაშებს "ლევანტეს" სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი, მარჯვენა შემტევი დე ფრუტოსი.

"ბარსელონაში" აქამდე ტრავმირებულები იყვნენ სერჟინიო დესტი, მემფის დეპაი, ანსუ ფატი, სერჟი რობერტო და სამუელ უმტიტი. "აინტრახტთან" თამაშის შემდეგ მათ ჟერარ პიკე შეუერთდა. დეპაიმ ვარჯიში კი განაახლა, მაგრამ განაცხადში მაინც ვერ მოხვდა. სამაგიეროდ გუნდს კორონავირუსის მოხდის შემდეგ დაუბრუნდა კიდევ ერთი ნიდერლანდელი თავდამსხმელი, ლუკ დე იონგი.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 39 თამაშს ითვლის. რა თქმა უნდა, "ბარსას" დიდი უპირატესობა აქვს: 29 მოგება, 5 ფრე, 5 მარცხი, 119 გატანილი და 44 გაშვებული გოლი.

მეტოქის მოედანზე გამართულ 19 მატჩში "ბარსას" 9 მოგება 5 ფრე და 5 წაგება დაუგროვდა.

ბოლო 4 დაპირისპირებიდან "ბლაუგრანამ" 3 მოიგო, ერთი კი 3-3 დასრულდა.

ბოლო წლებში "სიუდად ვალენსიაზე" კარგი შედეგები ნამდვილად არ გვაქვს - უკანასკნელ ხუთ მატჩში 3 მარცხი და მხოლოდ 1 მოგება. ის ერთი მოგება კი 5-0 იყო, მაგრამ მანამდე წაგება კიდევ დიდხანს გვემახსოვრება. 2017/18 წლების მიწურულს "ბარსა" "ლევანტესთან" სტუმრად 4-5 დამარცხდა და ეს ლა ლიგის იმ გათამაშებაში ერთადერთი წაგება იყო. მიხვდებოდით, რომ ამ გუნდებს შორის ვალენსიაში გამართული შეხვედრები უხვგოლიანობით გამოირჩევა. ბოლო 5 თამაშში 3 ან მეტი გოლი გადიოდა, სულ კი 27 გოლი გავიდა, მატჩში საშუალოდ 5 გოლზე მეტი.

ერთი საინტერესო სტატისტიკა - 2004 წლის შემდეგ "ბარსელონა" "ლევანტეს" კარში გოლის გატანას ყოველთვის ახერხებს. ეს სერია უკვე 32 თამაშია, გრძელდება.

არბიტრი

დღევანდელ დაპირისპირებას 38 წლის ხოსე ლუის მუნუერა მონტერო განსჯის.

მონტერო 2010 წლიდან მსაჯობს. 2013 წელს ის სეგუნდა დივიზიონში, 2016 წელს კი პრიმერაში დაწინაურდა. FIFA-ს მსაჯის წოდება ესპანელმა 2019 წელს მიიღო.

მუნუერა მონტერო კარიერის განმავლობაში თამაშში საშუალოდ 25.3 ჯარიმასა და 0.3 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.84 ყვითელ და 0.38 წითელ ბარათს უჩვენებს. ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის მონტერო ყვითელი ბარათების ჩვენების სიხშირით მე-18, ხოლო წითლების მხრივ მე-4 ადგილზეა.

"ბარსელონას" მონტეროს მიერ განსჯილ შეხვედრაში 19-ჯერ უთამაშია. კატალონიელებს 13 მოგება, 3 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდათ. ამ მატჩებში მუნუერამ "ბარსელონასა" და მეტოქეებს თანაბრად უჩვენა წითელი ბარათები (1-1) და თანაბრად დანიშნა თერთმეტმეტრიანებიც (3-3).

საინტერესოა, რომ 2022 წელს "ბარსა" სულ 2 თამაში წააგო, ესპანეთის სუპერ თასზე "რეალთან" და ესპანეთის თასზე "ბილბაოსთან", ორივე შემთხვევაში კატალონიელები დამატებით ტაიმებში დამარცხდნენ საერთო ჯამში ორივეჯერ 2-3 და ორივე ამ დაპირისპირების მთავარი არბიტრი მუნუერა მონტერო იყო.

ამ ორ შეხვედრამდე "ბარსას" ბოლო მატჩი, რომელშიც მონტერომ იმსაჯა, კატალონიელებმა სწორედ "ლევანტესთან" ჩაატარეს და ვერც ის მოიგეს. 2021 წლის მაისში ვალენსიაში გამართული შეხვედრა 3-3 დასრულდა.

"ლევანტეს" შეხვედრაში მონტეროს 15-ჯერ უმსაჯია. ვალენსიელებს 6 მოგება, 4 ფრე და 5 მარცხი დაუგროვდათ. მონტერომ გუნდებს 2-2 წითელი ბარათი უჩვენა, 6 თერთმეტმეტრიანიდან კი 4 "ლევანტეს" სასარგებლოდ დანიშნა.

გამორჩეული ფეხბურთელები

ამ რუბრიკაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე უნდა ვისაუბროთ. ეს "ლევანტეს" კაპიტანი და საუკეთესო ბომბარდირი ხოსე ლუის მორალესია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 34 წლისაა, გუნდიდან ყველაზე დიდ დროს მოედანზე სწორედ მორალესი ატარებს, ამის მიზეზი ისაა, რომ ის შეუცვლელია. მის ანგარიშზე 9 გოლია, საიდანაც 5 თამაშში "ლევანტეს" პირველი გოლი იყო. გუნდში უახლოესი მდევარი როხერ მარტია 5 გოლით. ცნობისთვის, როხერი "ლევანტეს" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 73 გოლით, მორალესის აქტივში კი 66 გოლია.

სტატისტიკა

  • ამ გუნდებს შორის ვალენსიაში გამართულ ბოლო 5 თამაშში, საშუალოდ, 5.4 გოლი გადიოდა;
  • "ლევანტესთან" სტუმრად გამართულ ბოლო 5 თამაშში "ბარსელონას" მხოლოდ 1 მოგება აქვს;
  • "ბარსელონას" 14 თამაშიანი წაუგებელია სერია აქვს, რაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია;
  • "ბარსელონამ" ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში ბოლოს 2021 წლის ოქტომბერში წააგო;
  • ამ გუნდების ბოლო 10 თამაშიდან რვაში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • "ლევანტესა" და "ბარსელონას" ბოლო 5 დაპირისპირებაში გუნდები 10 ან მეტ კუთხურს აწვდიდნენ;
  • "ლევანტეს" "ბარსელონასთან" კარი მშრალად ბოლო 32 თამაშში არ შეუნახავს;
  • ამ გუნდების ბოლო 7 თამაშში ანგარიშს "ბარსელონა" ხსნიდა;
  • ამ გუნდების ბოლო 5 თამაშიდან ოთხში "ბარსელონა" პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
  • "ლევანტეს" ბოლო 7 თამაშიდან ხუთში მსაჯები 4 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • "ლევანტეს" ბოლო 7 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ტოტალიზატორები "ლევანტეს" მოგებას კოეფიციენტს 6.0 ანიჭებენ, რაც მოგების 17%-იან შანსს უდრის, თუმცა "ლევანტე" ასეთი თამაშების 1%-ს იგებს.
  • ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 1.45 ანიჭებენ, რაც მოგების 69%-იან შანსს უდრის, თუმცა "ბარსა" ასეთი თამაშების 82%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

"ლევანტე" საკუთარ სიცოცხლეს წირავს. ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობენ და შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ ექსტრა მოტივირებულები იქნებიან. მათ ბოლო 3 შეხვედრაში 9 შესაძლო ქულიდან 7 მოიპოვეს. იმარჯვეს "ვანდა მეტროპოლიტანოზე", დაამარცხეს "ვილიარეალი"...

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Marca

ლევანტე (5-3-2): კარდენასი, მირამონი, რობერი, ვესო, პოსტიგო, სონი, პეპელუ, რადოია, მელერო, როხერი, მორალესი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, დემბელე, ტორესი, გავი

Sport

ლევანტე (5-3-2): კარდენასი, მირამონი, რობერი, ვესო, პოსტიგო, სონი, მელერო, პეპელიუ, რადოია, მორალესი, როხერი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

Mundo Deportivo

ლევანტე (5-3-2): კარდენასი, მირამონი, რობერი, ვესო, პოსტიგო, სონი, პეპელუ, რადოია, მელერო, როხერი, მორალესი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

AS

ლევანტე (5-3-2): კარდენასი, მირამონი, რობერო, პოსტიგო, ვესო, სონი, პეპელუ, რადოია, მელერო, როხერი, მორალესი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

პროგნოზი

  • Sportsmole: 0-2
  • Sportskeeda: 1-3
  • Squawka: 0-3

ტრანსლაცია

თამაში 23 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 10 აპრილი 2022 20:19
    1
    პედრი დაასვენოს რა, სანამ დაეცა შუა მინდორზე. იმედია პირველივე ტაიმში ისეთი უპირატესობა გვექნება რო მეორეში ბუსკეცი მალევე მოხსნას ჩავიმ და ეგეც დაასვენოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 აპრილი 2022 16:28
    0
    მუნუერა მონტერო ცოტა უნდა დაჭკვიანდეს, სამი თამაში ჩაგვიგდო ზედიზედ. ასე არ გამოვა.
    წევრი [?]
    #2 10 აპრილი 2022 14:08
    1
    ციტატა: nikusha
    ტერ შტეგენი
    ალვეში-არაუხო-გარსია-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-გავი
    დემბელე-ობამეიანგი-ფერან ტორესი

    ნიკოს დაყენბაც შეიძლება გავი დე იონგთან ერთად.ძაან გადაღლილები მეჩვენებიან ბუსი და პედრი.აწი არიან ესენი საჭირო ევროპა უნდა მოვოგოთ და ზედ ლიგის გამარჯვებული დავიხიოთ
    Culé [?]
    #1 10 აპრილი 2022 13:53
    0
    ტერ შტეგენი
    ალვეში-არაუხო-გარსია-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-გავი
    დემბელე-ობამეიანგი-ფერან ტორესი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა