ბარსა ბ: ზედიზედ მე-3 მოგება და ფიქრი ზედა დივიზიონში გადასვლაზე

"ბარსელონაში" აშკარად გამოიდარა. საუბარი არა ერთ რომელიმე გუნდზე, არამედ მთელ კლუბზე გვაქვს. მამაკაცებისა და ქალების პირველი გუნდები როგორ ფორმაში არიან, ჩვენი შეხსენება არ გჭირდებათ, ახლა კი მათ მხარი "ბარსა ბ-მ" აუბა.
სერჟი ბარჟუანის გუნდი ცოტა ხნის წინ ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის გასავარდნ ზონაში იყო და მწვრთნელის გაშვების საკითხიც განიხილებოდა. თუმცა ახალგაზრდა კატალონიელებმა ზედიზედ 3 თამაში მოიგეს და ახლა ისინი არა დარჩენისთვის, არამედ აღზევებისთვის იბრძვიან. მართალია, ტურნირის დასრულებამდე 8 ტურით ადრე "ბარსა ბ" მე-10 ადგილზეა, მაგრამ ფლეი ოფში გამსვლელ მე-5 ადგილს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება და ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით სიტუაცია უიმედო ნამდვილად არაა.
როგორც ჩანს, აბდე ეზალზულისა და ფერან ჟუტგლას პირველი გუნდიდან დაბრუნებამ, ასევე ფაბიო ბლანკოს დამატებამ გუნდში სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.
დღევანდელ შეხვედრაში "ბარსა ბ-მ" "ლინარესი" სტუმრად ძალიან დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა. მეტოქე 21-ე წუთზე დაწინაურდა და 86-ე წუთამდე იგებდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ანგარიში შეცვლაზე შესულმა პეკემ გაათანაბრა, 97-ე წუთზე კი ფერან ჟუტგლამ თერთმეტმეტრიანი გაიტანა. ჟუტგლას უკვე 12 გოლი დაუგროვდა და საუკეთესო ბომბარდირ არიბასს ის მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]