გასვლით მატჩებში ჩავის დაუმარცხებელი სერია გრძელდება

"სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბარსელონამ" ნამდვილი სანახაობა დადგა. ეს მხოლოდ შედეგი არ ყოფილა - "ბარსამ" სტუმრად დაჩაგრა გუნდი, რომელიც ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს და პსჟ-სთან ქამბექის შემდეგ ძალიან კარგ განწყობაზე იყო.
"ბლაუგრანას" მადრიდული კლუბთან ზედიზედ 6-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და, ჩავის ხელში აშკარა პროგრესის მოუხედავად, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დაიწყო გუნდმა 2021-22 წლების სეზონი, არავინ ელოდა, რომ "ბარსა" ასეთ შეხვედრას მოიგებდა - ფავორიტად ყველა მასპინძელს მიიჩნევდა.
ჩავის მოსვლამდე, გასვლითი თამაშები "ბარსელონას" უდიდესი პრობლემა იყო, მაგრამ, მის ხელში გუნდი დაუმარცხებელია - კატალონიელებმა სტუმრად "ვილიარეალს", "მალიორკას", "ალავესს", "ვალენსიას", "ელჩესა" და "რეალს" მოუგეს, "ოსასუნასთან", "სევილიასთან", "გრანადასა" და "ესპანიოლთან" კი ფრედ ითამაშეს.
მსგავსი რეკორდით ბევრი მწვრთნელი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ ერნესტო ვალვერდემ მარცხის თავიდან აცილება თავისთვის პირველ 18 გასვლით მატჩში შეძლო. ასე რომ, ახალი რეკორდის დამყარებამდე გუნდს ჯერ კიდევ 8 შეხვედრა აშორებს.
ჩავის ბრწყინვალე სტარტი
ჩავი მესამე მწვრთნელი გახდა "ბარსას" ისტორიაში, რომელმაც ლა ლიგაში თავისი პირველი "კლასიკო" 4 ან მეტი ბურთით მოიგო. 1951 წელს "ბარსამ" ფერდინანდ დაუჩიკის ხელმძღვანელობით "რეალი" 7-2 გაანადგურა, 8 წლის შემდეგ კი ელენიო ერერას შეგირდებმა მადრიდელებს ასევე 4 გოლი გაუტანეს.
4-0-ის გასვლაზე მოგება კიდევ უფრო შესანიშნავი მოვლენაა. ამასთან, ჩავის გუნდმა კარში 10-ჯერ დაარტყა - სადებიუტო "კლასიკოში" ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერნესტო ვალვერდესა (2017) და ფრანკ რაიკაარდს (2003) ჰქონდათ.
პარალელები 2003 წელთან
გუშინწინდელმა მოგებამ ბევრს "ბერნაბეუზე" "ბარსას" მიერ დადგმული სხვა ისეთი შოუები გაახსენა, როგორებიცაა რონალდინიო გაუჩოს მაგიური თამაში და 3-0 მოგება, 6-2 გვარდიოლას ხელმძღვანელობით, 2-0 ჩემპიონთა ლიგაზე, 4-0 ლუის ენრიკეს მწვრთნელებისას და ლეო მესის ლეგენდარული გოლით მოგებული 3-2.
მიუხედავად ამისა, ალბათ, ეს მატჩი ყველაზე მეტად 2003-04 წლების სეზონში, ლუის ენრიკესა და ჩავის გოლებით 2-1 მოგებულ "კლასიკოს" ჰგავდა. წლევანდელი სეზონის მსგავსად, "ბარსელონამ" ასპარეზობა მაშინაც საშინლად დაიწყო, მაგრამ, "ლა მასიელი" ახალგაზრდებისა და ედგარ დავიდსის მოყვანის წყალობით, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ამასთან, მთავარი რამ მაშინაც "ბერნაბეუზე" მოგება იყო.
"ბარსა" დაბრუნდა!
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]