საოცარი პარალელები 2003-04 და 2021-22 წლების სეზონებს შორის

თითქმის 2 დეკადის წინ, სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ, "ბარსელონამ" შედეგები და თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, რაც მიმდინარე სეზონის პერიპეტიებს ძალიან წააგავს.
2003-04 წლების სეზონში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, "ბარსამ" ედგარ დავიდსი იჯარით აიყვანა, რასაც ისეთივე ეფექტი ჰქონდა, როგორიც მიმდინარე წლის იანვარში ფერან ტორესის, დანი ალვესის, ადამა ტრაორესა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის მოყვანას მოჰყვა.
2003-04 წლების სეზონის მსგავსად, კლუბმა მიმდინარე სეზონი საშინლად დაიწყო, მაგრამ, ჩავი ერნანდესისა და ახალწვეულების წყალობით, გუნდმა საგრძნობლად მოუმატა. იმ სეზონში მთავარი მომენტი კი სწორედ "რეალთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამარჯვება იყო, რომელსაც "ბარსამ" ჩავის გოლით მოუგო და რომელსაც კატალონიელები ხვალ დაუპირისპირდებიან.
ზამთრის ცვლილებები
კიდევ ერთი ფაქტორი ჟოან ლაპორტა იყო. ლაპორტა "ბლაუგრანას" პრეზიდენტი პირველად სწორედ 2003 წელს გახდა და, დაბრუნების შემდეგ, ეს სეზონიც მისთვის პირველია.
ედგარ დავიდსის დაუღალავმა თამაშმა ფრანკ რაიკაარდის გუნდს ბიძგი მისცა. ნიდერლანდელი ნახევარდაცვაში ჩავისა და ფილიპ კოკუსთან ბრწყინვალედ თამაშობდა. ახლა კი, მსგავსი რამ ფერანის, ალვესის, ტრაორესა და ობას მეშვეობით ხდება.
დავიდსის მოსვლის შემდეგ "ბარსამ" "ატლეტიკოს" (3-1), "ვალენსიასა" (1-0) და "რეალს" (2-1) მოუგო, წელს კი გუნდმა ახალწვეულების წყალობით "ატლეტიკოს", "ვალენსიას", "ნაპოლის", "ბილბაოსა" და "ოსასუნას" 4-4 გოლი გაუტანა.
მიმდინარე სეზონის მსგავსად, გუნდში შანსი მაშინაც ბევრ ახალგაზრდას მიეცა - ვიქტორ ვალდესი პირველი მეკარე გახდა, დაცვაში ოლეგერისა და პუიოლის დუეტი გამოჩნდა, ნახევარდაცვას ჩავი ერნანდესი ფლობდა, შეტევაში კი ლუის გარსია გვყავდა.
ამასთან, თავისი ადგილი მოიპოვეს ჟერარ ლოპესმა, გაბრიმ და ანდრეს ინიესტამ. ყველაფერთან ერთად კი გუნდს რონალდინიო, რაფა მარკესი, ტიაგო მოტა და რიკარდუ კუარეშმა ჰყავდა.
შეუძლებელია, ეს ყველაფერი მიმდინარე სეზონის მდგომარეობას არ შეადარო - გუნდში გავი, ნიკო, ადამა, გარსია, პედრი, აბდე და ჟუტგლა არიან, რომლებსაც ზურგს გამოცდილი პიკე, ბუსკეტსი და ალბა უმაგრებენ.
რეალთან მიახლოება
2004 წელს "ბარსამ" 17-მატჩიანი წაუგებელი სერია შემოგვთავაზა და მე-12 ადგილიდან მეორეზე ავიდა.
აღსანიშნავია, რომ გუდნმა "რეალთან" 18-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და საბოლოოდ, 2 ქულით გაასწრო. მიუხედავად ამისა, ეს საკმარისი არ გამოდგა და ჩემპიონი "ვალენსია" გახდა.
ამჟამად "ბარსელონა" ლა ლიგის ლიდერზე 15 ქულით უკანაა და მომდევნო მატჩი "ბერნაბეუზე" აქვს - ეს ორი სცენარი ძალიან მსგავსია, მაგრამ ჩემპიონობა, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება.
ევროპა ლიგა
ამ სეზონის მსგავსად, "ბლაუგრანა" 2003-04 წლების სეზონშიც უეფას თასზე (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) ასპარეზობდა, საიდანაც კატალონიური გრანდი გლაზგოს "სელტიკმა" გამოაგდო. წელს გუნდი ამ ტურნირზე პირველად თამაშობს სწორედ იმ სეზონის შემდეგ, რომელიც მიმდინარეს ძალიან ჰგავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]