ლიონელ მესი ბარსელონაში დაბრუნებას არ განიხილავს | Marca

ბოლო პერიოდში ლიონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნების საკითხი აქტიურად განიხილება. გავრცელებული ცნობებით, არგენტინელი "პარი სენ-ჟერმენში" ბედნიერი არაა და კლუბის დატოვება სურს. Marca კი საპირისპირო ინფორმაციას აჟღერებს და ამტკიცებს, რომ ზემოხსენებული სიმართლეს არ შეესაბამება.
მადრიდული გამოცემის თანახმად, 34 წლის ფეხბურთელის "კამპ ნოუზე" დაბრუნების შესაძლებლობა არ განიხილება. მართალია, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა მესისთვის მტკივნეული იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას პსჟ-დან წასვლა სურს. წყაროს ცნობით, ლეოს იდეა პარიზულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტის დასრულებაა და მას "ბარსელონაში" დაბრუნება არ განუხილავს.
"ბლაუგრანას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ იცის, რომ მესისთან ვალშია და მასთან ურთიერთობის აღდგენა სურს, მაგრამ აცნობიერებს, რომ მისი დაბრუნება რთული იქნება. ჟოანს ლეოს პატივისცემა სურს. როგორც ცნობილია, განიხილება გამოსამშვიდობებელი მატჩის გამართვაც.
და მაინც, დაბრუნდება მესი "ბარსაში"? Marca ვარაუდობს, რომ მომავალში არგენტინელი, შესაძლოა, სპორტული დირექტორის ან ტექნიკური მდივნის თანამდებობაზე მოგვევლინოს, ფეხბურთელად დაბრუნება კი ნაკლებად სავარაუდოა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]