ასტონ ვილას კოუტინიოს 40 მილიონად გამოსყიდვის სურვილი აქვს

ფილიპე კოუტინიო "ბარსელონადან" "ასტონ ვილაშია" განათხოვრებული, ინგლისურ გუნდს კი მისი სეზონის ბოლოს 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს.
"ასტონ ვილაში" ფილიპე კოუტინიოთი რომ კმაყოფილები არიან, ეს გასაკვირი არაა - ბრაზილიელმა 7 თამაშში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე თანაგუნდელებს გაატანინა.
აქამდე არსებული ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ბირმინგემულ გუნდში ბრაზილიელის თამაში მოსწონთ, ისინი სეზონის ბოლოს მის გამოსყიდვას არ გეგმავდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ 40 მილიონად სხვა მიმართულებით უკეთ გაძლიერდებოდნენ. თუმცა თუ სპორტულ ჟურნალისტ მატეო მორეტოს დავუჯერებთ, ბოლო დროს სიტუაცია იცვლება.
ცოტა ხნის წინ "ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა და კოუტინიოს ყოფილმა თანაგუნდელმა, სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ მას კოუტინიოს შენარჩუნება სურს, თუმცა გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს. მორეტოს ცნობით "ასტონ ვილას" კოუტინიოში 40 მილიონი ევროს გადახდის სურვილი აქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უკვე მოგვარებულია. ინგლისელები საბოლოო გადაწყვეტილებას მაისში მიიღებენ.
თუ "ასტონ ვილამ" კოუტინიო 40 მილიონ ევროდ გამოისყიდა, ეს "ბარსელონასთვის" ძალიან კარგი ამბავი იქნება, რადგან კატალონიელები სატრანსფერო თანხის მიღების გარდა სახელფასო ხარჯსაც მნიშვნელოვნად შეიმცირებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]