ბარსელონას ოფიციალურ ფანკლუბში გაწევრიანება დაიწყო

"ბარსელონას" ოფიციალურ ფანკლუბში ახალი წევრების მიღება დაიწყო და ეს პროცესი მხოლოდ რამდენიმე დღეს გასტანს.
წელს 2 სიახლე გვაქვს:
- ფიზიკური ბარათების გარდა ჩვენი ფანკლუბის წევრებს ექნებათ ვირტუალური ბარათებიც;
- ვინაიდან "ბარსელონას" ფანკლუბების მსოფლიო კონფედერაციის გადაწყვეტილებით წელს ბარათები იქნება უფასო, საწევრო გადასახადს არც ჩვენ ვაწესებთ და წელს ოფიციალური ფანკლუბის წევრობა იქნება უფასო. წევრებს საშუალება ექნებათ, ფანკლუბს თანხა მათი სურვილის შემთხვევაში შესწირონ.
ბარსელონას ოფიციალურ ფანკლუბში გაწევრიანება
თუ თქვენ გასულ წელს ფანკლუბის წევრი არ ყოფილხართ, გაწევრიანებისთვის საჭიროა, "ბარსელონას" ფანკლუბების მსოფლიო კონფედერაციის საიტზე დარეგისტრირდეთ. ამ გვერდზე შესვლის შემდეგ, მარჯვენა ზედა კუთხეში აირჩიეთ ენა და დაიწყეთ რეგისტრაციის პროცესი (ენის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ კომპიუტერით). რეგისტრაციის დასრულების შემდეგ საჭირო იქნება, თქვენი ელ. ფოსტა დაადასტუროთ.
ელექტრონული ფოსტის დადასტურების შემდეგ გაიარეთ ავტორიზაცია, რის შემდეგაც თქვენ, როგორც წევრი, უნდა დაუკავშირდეთ ოფიციალურ ქართულ ფანკლუბს, ანუ ჩვენს ფანკლუბს. ამისთვის მენიუში აირჩიეთ Online Procedures და My Supporters Clubs, შემდეგ კი დააჭირეთ Link to a supporters club. ამის შემდეგ გადახვალთ ფანკლუბების საძიებელ გვერდზე. ჩვენი ფანკლუბის მოძებნა შეგიძლიათ სახელით (Penya Blaugrana Tbilisi), ან ფანკლუბის კოდით (2255), ან ქვეყნით (Georgia) ან ქალაქით (Tbilisi). ამ მონაცემებიდან ერთის შევსებაც საკმარისია. შემდეგ ჩვენი ფანკლუბის სახელის გასწვრივ დააჭირეთ ღილაკს Link, ბოლოს კი Send Request. ამის შემდეგ ჩვენთან მოვა თქვენი განაცხადი, განვიხილავთ მას და დავადასტურებთ.
თუ 2021 წელს ფანკლუბის წევრი იყავით, გირჩევთ, კონფედერაციის საიტზე ავტორიზაცია გაიაროთ და შეამოწმოთ, ხართ თუ არა დაკავშირებული ჩვენ ფანკლუბთან.
რეგისტრაციასთან დაკავშირებით კითხვების გაჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ: [email protected]
14 წლამდე პირების რეგისტრაცია
14 წლამდე პირის ფანკლუბში დასარეგისტრირებლად საჭიროა, რომ ჯერ სრულწლოვანმა პირმა გაიაროს რეგისტრაცია და შემდეგ მან დაარეგისტრიროს არასრულწლოვანი. ამისთვის არსებობს სპეციალური გვერდი: Online Procedures > Management of Minors > Register Minor.
რეგისტრაციის ვადები
ფანკლუბების მსოფლიო კონფედერაციის მიერ დაწესებული შეზღუდვის გამო ახალი წევრების მიღება ხდება 23 თებერვლის ჩათვლით, რადგან 24 თებერვალს კონფედერაცია საწევრო ბარათების ბეჭდვას იწყებს.
ბარათის მიღება
ფანკლუბების მსოფლიო კონფედერაციის ინფორმაციით საწევრო ბარათების ბეჭდვას დასჭირდება მინიმუმ 5 კვირა, რის შემდეგაც მათი მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაგზავნა დაიწყება.
წელს პირველად გვექნება ელექტრონული ბარათებიც. ეს ბარათები მარტიდან გვექნება. დღეს არსებული ინფორმაციით, სხვა ბენეფიტებთან ერთად ამ ბარათის მფლობელები 300-მდე ბრენდის პროდუქტზე ფასდაკლებებით ისარგებლებენ. სრულ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგვაწვდიან.
ფანკლუბის წევრობის საფასური
იმის გამო, რომ ფანკლუბების მსოფლიო კონფედერაციის გადაწყვეტილებით საწევრო ბარათები წელს უფასოა, ფანკლუბის წევრობაც უფასოა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მომავალში, შესაძლოა, ფანკლუბის წევრობა ისევ ფასიანი გახდეს და მისი საფასური წელიწადში დაახლოებით 40 ლარი იყოს. წელს უფასოდ დარეგისტრირება მომავალში თანხის გადახდის ვალდებულებას არ წარმოგიქმნით. ყოველ წელს თავიდან წყვეტთ, გსურთ ფანკლუბის წევრობის გაგრძელება, თუ არა.
თუ წელს ფანკლუბის ფინანსურად დახმარება მაინც გსურთ, შეგიძლიათ ეს ნებისმიერი ოდენობის შემოწირულების სახით გააკეთოთ:
- ბანკი: თიბისი ბანკი
- მიმღები: პენია ბლაუგრანა თბილისი
- GE85TB7388336080100004
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ფანკლუბი საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი შემოწირულება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ ფანკლუბს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]