ესპანიოლი-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

ესპანიოლი-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, ლა ლიგის 24-ე ტურში კატალონიური დერბი გაიმართება.

აგვისტოს შემდეგ, პირველად, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ზონაშია. "ატლეტიკოს" დამარცხებამ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მუხტი გააჩინა. ლა ლიგაში წარმატებული სერიის გაგრძელებას "ბარსა" კიდევ ერთი პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ ეცდება.

სათამაშო ფორმა

ახალმა ტრანსფერებმა "ბარსელონა" მნიშვნელოვნად გააძლიერეს, რაც "ატლეტიკოსთან" თამაშში ნათლად გამოჩნდა. ადამამ გუნდს შეტევაში სისწრაფე და სისხარტე შესძინა, იმავეს თქმა შეიძლება ობამეიანგზეც, თუმცა იგი "ატლეტიკოსთან" სრულფასოვნად ვერ ვნახეთ, რადგან "ბარსა" კაცნაკლული იყო.

ფერანმა "ბილბაოსთან" მშვენიერი გოლი გაიტანა, მაგრამ ჩანს, რომ ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, მას ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ "კამპ ნოუზე" წარმატებული კარიერა ჰქონდეს. ალვესზე კი რა შეიძლება, რომ ითქვას? ეს ადამიანი ნორმალური არ არის.

ცხელი იანვრის შემდეგ, უსმან დემბელე მოედანს უბრუნდება. ჩავიმ თავისი გაიტანა და ფრანგი კონტრაქტის ამოწურვამდე პერიოდს უქმად არ გაატარებს. მეორე საკითხია ის, თუ რას შესძენს იგი გუნდს ისეთს, რასაც, მაგალითად, აბდე ეზალზული ვერ გააკეთებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისგან რამე ახალი ვიხილოთ.

მეტოქე

"ესპანიოლი" ლა ლიგაში წელს დაბრუნდა და პრიმერაში ადგილს შეინარჩუნებს. ვისენტე მორენოს გუნდი ცხრილის შუაშია, გასავარდნ ზონას 9 ქულით უსწრებს, ევროტურნირების საგზურს კი 8 ქულა აშორებს. "ესპანიოლს" სატურნირო მოტივაცია ნაკლებად აქვს, თუმცა პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებას ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით ხვდება.

მწვრთნელები მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი:

"ესპანიოლი" ძლიერი და სახიფათო მეტოქეა. მათ ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ. ჩვენ შევიცვალეთ. უფრო უკეთესები ვართ, ვიდრე პირველ თამაშში ვიყავით. იმედი გვაქვს, რომ "ატლეტიკოსთან" ჩატარებულ კარგ თამაშს უფრო გავამყარებთ.

ვისენტე მორენო:

რა თქმა უნდა, ეს თამაში ყველასთვის განსაკუთრებულია და ჩვენ ეს კარგად გვესმის. ამიტომაც, ვალდებულნი ვართ, კარგი მატჩი ჩავატაროთ და, რაც მთავარია, გავიმარჯვოთ.

დანაკლისი

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩავიმ დაადასტურა, რომ ერიკ გარსიამ ტრავმა მოიშუშა და შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაშიც ვიხილოთ. ალვესის დისკვალიფიკაციის გათვალისწინებით, ჩავის ძირითადში სერჟინიო დესტის დაყენება უწევს. არაა გამორიცხული, გარსია სასტარტოში ვიხილოთ, დაცვის მარჯვენა ფლანგი კი რონალდ არაუხომ დაიკავოს.

ანსუ ფატი, სერჟი რობერტო, სამუელ უმტიტი, კლემან ლანგლე და მემფის დეპაი ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ. ეს უკანასკნელი გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა და გუნდს შემდეგ შეხვედრაში დაუბრუნდება.

გუშინდელი ვარჯიშის გამოტოვების შემდეგ, ადამა ტრაორე გუნდს დაუბრუნდა და მას "ესპანიოლთან" ვიხილავთ. 

ვისენტე მორენოს გუნდს ოსკარ ხილი და დავიდ ლოპესი არ ეყოლება. დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, "ესპანიოლს" მთავარი დამრტყმელი ძალა, რაულ დე ტომასი, დაუბრუნდა. მიმდინარე სეზონში, 27 წლის ესპანელის ანგარიშზე 12 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

არბიტრი

დღევანდელ მატჩს ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი განსჯის. 39 წლის არბიტრმა ლა ლიგაში მუშაობა 2012/13 წლების სეზონში დაიწყო.

მას შემდეგ, ერნანდეს ერნადესს "ბარსელონას" მონაწილეობით ჩატარებულ 29 შეხვედრაში უმსაჯია, საიდანაც კატალონიურმა კლუბმა 17 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 3 წააგო. აღსანიშნავია, რომ ლა ლიგაში გამართულ 23 თამაშში მას მეტოქე გუნდის ფეხბურთელი 7-ჯერ ჰყავს გაძევებული, "ბარსასი" კი მხოლოდ ერთხელ (სერჟი რობერტო "ელ კლასიკოში").

კარიერაში, უმაღლეს დონეზე მას 190 შეხვედრა აქვს ჩატარებული. თამაშში, საშუალოდ, იგი 27 ჯარიმას ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5-ჯერ აფრთხილებს.

ურთიერთშეხვედრები

"ბარსელონასა" და "ესპანიოლის" ურთიერთშეხვედრების ისტორია 213 მატჩს ითვლის. "ბლაუგრანას" დიდი უპირატესობა აქვს - 125 მოგება, 44 ფრე, 44 მარცხი, 408 გატანილი და 225 გაშვებული გოლი. აღსანიშნავია, რომ "ბარსას" ისტორიაში ყველაზე მეტი მოგება სწორედ "ესპანიოლთან" აქვს.

"ესპანიოლი" პირველი კლუბი იქნება, რომელსაც ჩავის "ბარსა" მეორედ შეხვდება. პირველი თამაში 42 წლის სპეციალისტისთვის სადებიუტო იყო. იმ მატჩში ერთადერთი გოლი მემფისმა გაიტანა, თუმცა მეტოქეს თამაშის გადარჩენა შეეძლო, რაულ დე ტომასმა ხარიხას ბურთი ორჯერ გაარტყა.

სტუმრად ჩატარებული 105 თამაშიდან "ბარსამ" 41 მოიგო, 32 ფრედ დასრულდა და 32 დათმო. ბოლო 16 მატჩიდან, "ბლაუგრანამ" მხოლოდ 1 წააგო, 2018 წელს, თასის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში (0-1). გუნდმა ჩამორჩენის აღმოფხვრა "კამპ ნოუზე" შეძლო (2-0) და ის გათამაშება გამარჯვებითაც დაასრულა.

საინტერესო ფაქტები

  • ფრენკი დე იონგს კარიერაში პირველი წითელი ბარათი "ესპანიოლთან" აქვს მიღებული.
  • "ბარსელონამ" გოლის გატანა ბოლოს 9 დეკემბერს ვერ შეძლო.
  • მიმდინარე სეზონში "ბარსელონამ" სამბურთიანი უპირატესობით მხოლოდ ერთხელ იმარჯვა.
  • მიმდინარე სეზონში უსმან დემბელეს ერთადერთი გოლი მესამელიგელი "ლინარესის" კარში აქვს გატანილი.
  • ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უსმან დემბელეზე მეტი გოლი შემდეგ ფეხბურთელებს აქვთ გატანილი: დანი ალვესი, სერხიო აგუერო, გარეთ ბეილი, ვარაზდატ ჰაროიანი, ხორხე მოლინა (39 წლის, 7 გოლი).
  • "ესპანიოლს" 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (1 ფრე, 4 წაგება).

სავარაუდო შემადგენლობები

Whoscored:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - დესტი, არაუხო, პიკე, ალბა - ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი - ტრაორე, ტორესი, გავი

"ესპანიოლი" | 4-3-3

დიეგო ლოპესი - ვიდალი, გომესი, კაბრერა, პედროსა - დარდერი, მორლანესი, მელენდო - პუადო, დე ტომასი, ვილენა

Marca:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - დესტი, არაუხო, პიკე, ალბა - ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი - ტრაორე, ტორესი, გავი

"ესპანიოლი" | 4-3-3

დიეგო ლოპესი - ვიდალი, გომესი, კაბრერა, პედროსა - დარდერი, მორლანესი, მელენდო - ემბარბა, დე ტომასი, პუადო

SofaScore:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - დესტი, არაუხო, პიკე, ალბა - ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი - ტრაორე, ტორესი, გავი

"ესპანიოლი" | 4-2-3-1

ლოპესი - ვიდალი, გომესი, კაბრერა, პედროსა - მორლანესი, მელენდო - ემბარმა, დარდერი, პუადო - მორონი

SportsMole:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - დესტი, არაუხო, პიკე, ალბა - ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი - ტრაორე, ტორესი, გავი

"ესპანიოლი" | 4-3-3

დიეგო ლოპესი - ვიდალი, გომესი, კაბრერა, პედროსა - დარდერი, მორლანესი, მელენდო - პუადო, დე ტომასი, ვილენა

პროგნოზი

90min: ესპანიოლი 0-2 ბარსელონა

SportsMole: ესპანიოლი 1-2 ბარსელონა

Sportskeeda: ესპანიოლი 1-3 ბარსელონა

WhoScored: ესპანიოლი 1-2 ბარსელონა

ტრანსლაცია

შეხვედრა, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება, მის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge შემოგვთავაზებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 13 თებერვალი 2022 16:42
    2
    ესპანიპლს ბარსასთან 44 მოგება და 44 ფრე ქონია. წყვილი ნომრებია და დღეს ეს ნომრები არ დავარღვიოთ, დავტოვოთ, როგორც არის.
    Culé [?]
    #10 13 თებერვალი 2022 15:22
    1
    ამ ნაჯახებს გადავიმტვრევთ მუხლზე... ჩავი ძაან ჭკვიანია და იცის ამათთან რა და როგორაა საჭირო.. ჩემი აზრით ამოვტენით...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 13 თებერვალი 2022 15:14
    1
    მიმოვიხილე და მივხვდი რომ ესპანიოლი ამ თამაშს გვაჩუქებს და ჩვენც ტრანსფერების დაზოგილი ფულით გადავუხდით
    --------------------
    THUGS
    გულშემატკივარი [?]
    #8 13 თებერვალი 2022 14:48
    1
    nika 54,
    ახლა თუ მოვიგებთ პირდაპირ მესამეზე გადადის ბარსა პოტენციურად 1 ქულით წინაა ბარსა ბეტისთან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 13 თებერვალი 2022 14:33
    2
    გუშინდელი ატლეტიკოს გამარჯვების შემდეგ მოგება აუცილებელია მე-4 ადგილი უნდა დავიბრუნოთ. ხოლო თუ ბეტისი ვერ მოიგებს მე-3-ზეც გადავალთ.
    გულშემატკივარი [?]
    #6 13 თებერვალი 2022 13:41
    1
    ციტატა: serafime
    უეჭველი მოსაგები თამაშია , წარმატებები ბარსას. ტელევიზიაში სილქი თქვენთანაც არაჩვენებს?

    Xo ragac xarvezi aq imedia gamoswordeba
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 13 თებერვალი 2022 13:32
    3
    დიდი ანგარიშით მოვიგოთ რა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 თებერვალი 2022 13:12
    2
    გასვლაზე დერბი რთული იქნება და იმედია ჩავი საბრძოლო განწყობაზე გამოიყვანს გუნდს, აუცილებლად უნდა მოვიგოთ
    გულშემატკივარი [?]
    #3 13 თებერვალი 2022 13:10
    1
    ძაან რთული თამაში იქნება
    ფანი [?]
    #2 13 თებერვალი 2022 12:55
    2
    დღეს უნდა მოვიგოთ უეჭველი და პლიუს 1 თამაში მე 3 ზე ვიქნებით რეალთან კი სხვაობა 10 ქულა იქნება დღეს ძაან რთული თამაში გველის 1-2 ვფიქრობ🔥❤
    გულშემატკივარი [?]
    #1 13 თებერვალი 2022 12:24
    1
    უეჭველი მოსაგები თამაშია , წარმატებები ბარსას. ტელევიზიაში სილქი თქვენთანაც არაჩვენებს?