რა შემთხვევაში მოუწევს ბარსას წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა

დღეისათვის "ბარსელონა" მხოლოდ ერთი მიზნისთვის მოქმედებს და ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა.
თუ ჩავი ერნანდესის გუნდი ოთხეულში ვერ მოხვდება, ზაფხულისთვის ახალი ფეხბურთელების მოსაყვანად სიტუაცია მნიშვნელოვნად გართულდება. გარდა ამისა, ამას სერიოზული ფინანსური სირთულეები მოჰყვება, რის გამოც "ბლაუგრანას" წამყვან მოთამაშეებთან განშორება მოუწევს. კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურად მუშაობს, რათა კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნას.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ცნობით, "ბარსელონა", შესაძლოა, იძულებული გახდეს, წამყვანი ფეხბურთელები გაყიდოს, თუ კატალონიური გუნდი მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.
კლუბს მოუწევს იმ ზარალის აღმოფხვრა, რასაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე ვერმოხვედრა გამოიწვევს.
იმ შემთხვევაში, თუ "ბარსა" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებას ვერ მოიპოვებს, გუნდი, შესაძლოა, ფრენკი დე იონგმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, მემფის დეპაიმ და პედრიმ დატოვონ. თუმცა, ჯერ რთული წარმოსადგენია, რომ "ბლაუგრანა" ლიგის საგზურის გარეშე დარჩეს.
"ბარსელონა" ამ მომენტისთვის ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ოთხეულის გარდა, ლიგაზე მოხვედრის კიდევ ერთი გზა არსებობს - ევროპა ლიგის მოგება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]