ადამა ტრაორეს ხელფასი მინიმალური იქნება - შეთანხმება თითქმის მიღწეულია

SER-ის ინფორმაციით, ადამა ტრაორე "ბარსელონაში" იჯარით, გამოსყიდვის უფლების გარეშე, სეზონის ბოლომდე გადმოვა - შეთანხმება თითქმის მიღწეულია.
წყაროს ცნობით, "ბარსასა" და "ვულვზს" დეტალების დაზუსტებაღა დარჩათ. კლუბში მიაჩნიათ, რომ ესპანელი შემტევის მოყვანა მოკლევადიან პერსპექტივაში ყელსაყრელი ვარიანტი იქნება, რაც ჩავი ერნანდესსაც მოსწონს.
როგორც ESPN იტყობინება, 26 წლის ფეხბურთელის ხელფასი მინიმალური იქნება, რის გამოც, უსმან დემბელეს საკითხის მიუხედავად, კატალონიელები მის დარეგისტრირებას უპრობლემოდ შეძლებენ.
ტრაორე "ბლაუგრანას" შეტევას ტემპს შემატებს და მოწინააღმდეგის დაცვის ხაზში ქაოსს გამოიწვევს, ცენტრში კი თავის საქმეს ფერან ტორესი შეასრულებს. ადამა შესანიშნავი დრიბლიორია, თუმცა, მომენტების რეალიზებაში მოიკოჭლებს.
SER-ის თანახმად, "ბარსელონამ", "ტოტენჰემის" ესპანელი მოთამაშის, ბრაიან ხილის კანდიდატურაც განიხილა.
ახლახან, სანდო იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "ვულვერჰემპტონი" ტრაორეს კონტრაქტში გამოსყიდვის უფლების ჩადებას ითხოვს. "ბარსა" სეზონის ბოლომდე მის ხელფასს მთლიანად დაფარავს. მხარეები შეთანხმების მიღწევაზე მუშაობენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]