ჩავის შემდეგი გამოწვევები

ჩავის შემდეგი გამოწვევები

"ბარსელონასთვის" სეზონის მეორე ნახევარი არცთუ წარმატებულად დაიწყო, თუმცა "რეალთან" თამაშმა განწყობა შედარებით გამოგვიკეთა. მარცხის მიუხედავად, უკმაყოფილო არავინ იყო. გუნდმა ჩავის ხელში, ალბათ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შედეგი გულდასაწყვეტი გახლდათ. თუმცა ეს თამაში შემოტრიალების წერტილად მოინათლა. ჩავის ახალი პროექტის მიმართ რწმენა გაიზარდა და განწყობაც შეიცვალა. Sport-მა აქედან გამომდინარე ჩავის გუნდის შემდგომ გამოწვევებზე საუბარი გადაწყვიტა.

ესპანეთის სუპერ თასი უკვე წარსულია. "ბარსელონამ" ტურნირი ცუდი შედეგით, მაგრამ კარგი განწყობით დაასრულა. ახლა გუნდმა "ელ კლასიკოდან" მიღებული დადებითი განწყობით (შედეგის მიუხედავად) უნდა ისარგებლოს და დანარჩენ ტურნიერებზე ასპარეზობისთვისა და შემადგენლობის გაძლიერებისთვის გამოიყენოს.

ყველამ იცოდა, რომ მიმდინარე სეზონი მარტივი არ იქნებოდა. ლეო მესისთან გამომშვიდობება ბოლო წლებში, სპორტული და ეკონომიკური თვალსაზრისით, კლუბის ყველაზე ღრმა კრიზისის აისბერგის წვერი იყო. შემდეგ კუმანი წავიდა და დაინიშნა ჩავი, რომელმაც ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.

"ბარსას" დაბრუნება იქ, სადაც მისი ადგილია" - ეს არის რეორგანიზაციის მიზანი, რომელსაც ჩავი ერნანდესი და ჟოან ლაპორტა ხელმძღვანელობენ. მოკლე პერიოდში შედეგების მიღწევა წარმოუდგენლად ჩანს, თუმცა გრძელვადიან გამოწვევებზე მუშაობამ, შესაძლოა, მყისიერი შედეგები გამოიღოს. სწორედ ამიტომ, "ბარსას" მთავარი მიზანი ლა ლიგაში პოზიციების დაბრუნება და "რეალთან" მაქსიმალური მიახლოებაა, რათა ბოლომდე ბრძოლას აზრი ჰქონდეს. მართალია, ტიტულისთვის ბრძოლა უტოპიურად ჟღერს, თუმცა ოთხეულში შესვლა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გარანტია, მეტი შემოსავლის მიღების მიზნით, უმნიშვნელოვანესია, რათა ზაფხულში გუნდი გაძლიერდეს.

ესპანეთის თასი და ევროპის ლიგა

ლა ლიგის მოსაგებად ბრძოლა საკმაოდ რთული იქნება, თუმცა "ბარსას" სეზონის ტიტულებით დამთავრება მაინც შეუძლია - ყველაფერი კატალონიელთა ხელშია. "რეალთან" მატჩის შემდეგ პიკემ თქვა: "ასეთი თამაშით, მალე ტიტულებისთვის ბრძოლას დავიწყებთ." "ბლაუგრანამ" ესპანეთის თასის პირველ რაუნდში "ლინარესი" დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე "ატლეტიკს" შეერკინება. ბასკების დამარცხება იოლი არ იქნება, თუმცა გუნდმა თასისთვის უნდა იბრძოლოს და ბილბაოელების დაჯაბნაც აუცილებლად უნდა ცადოს. ახლა მთავარი მიზანი ესაა. შემდეგ ეტაპზე გასვლა გასახდელში გამარჯვებულის მენტალიტეტს დააბრუნებს, რაც "ელ კლასიკოს" განწყობის გაგრძელება უნდა იყოს. "ბარსა" ის გუნდია, რომელსაც კოპა დელ რეი ყველაზე მეტად მოუგია და კატალონიელთა ტახტიდან ჩამოგდება იოლი არ იქნება.

ევროპის ლიგა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ ჩავის ბიჭებისთვის ერთადერთი ნუგეშია. არასრულფასოვნების კომპლექსისგან გათავისუფლების გასაგრძელებლად "ნაპოლისთან" ორმატჩიანი დაპირისპირება მიმზიდველად ჟღერს. "ლურჯ-ბროწეულისფრებს" სერიოზული გამოცდა ელით.

ტრავმირებულების დაბრუნება

წინ კიდევ ნახევარი სეზონია და გადატვირთული კალენდრის ფონზე ყველა ფეხბურთელის ჯანმრთელად ყოფნა უმნიშვნელოვანესი იქნება. ფატის, მემფისის, პედრის ეტაპობრივი დაბრუნება წარმატების მთავარი ფაქტორი უნდა იყოს. კატალონიელთა ლაზარეთში ყველაზე დიდხანს მარტინ ბრეითუეიტი და სერჟი რობერტო რჩებიან. ეს უკანასკნელი კიდევ კარგა ხანს იუქმებს, დანიელი კი გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზეა. 

მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ისეთი ფეხბურთელების ფორმაში ჩადგომა, როგორიც, მაგალითად, ფრენკი დე იონგია. ნიდერლანდელი თავისი საუკეთესო ვერსიისგან ძალიან შორსაა, ნახევარდაცვაში კი დიდი კონკურენციაა, ამიტომ მას შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად საკუთარ თავზე მუშაობა დასჭირდება.

ლა მასიას როლი

ნიკო გონსალესი და გავი ჯერ კიდევ სარეზერვო გუნდში ირიცხებიან, თუმცა სეზონის დაწყების შემდეგ, პირველი გუნდის უცვლელ წევრებად იქცნენ. 

ჩავის მიერ ბოძებული შესაძლებლობები ფერან ჟუტგლამა და აბდე ეზალზულიმ მშვენივრად გამოიყენეს. დებიუტის შანსი მიეცათ ალეხანდრო ბალდეს, ილიას აკომაშს, ალვარო სანსს, ესტანის პედროლას. შესაძლოა, მომდევნო თვეებში გილემ ხაიმეს, არნაუ კომასის, მიკა მარმოლის, ლუკას დე ვეგას ან ზაქარიას გაილანის ჯერი იყოს. მთავარია, "მაესტრო" აკადემიას ენდობა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 იანვარი 2022 15:19
    0
    ამასობაში კი ატლეტიკმა ატლეტიკო დაამარცხა და ფინალში გავიდა. მაგასთან სტუმრად თამაში კი ადვილი არასდროს ყოფილა, მითუმეტეს ახლა როცა "გამარჯვებულის მენტალიტეტი" ჩვენზე უფრო ამაღლებული აქვს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 იანვარი 2022 10:22
    2
    ნაპოლიმ ძალიან მოუკლო, არადა რა სერია ჰქონდათ ჩემპიონატში. იქამდე ბილბაო გვყავს თასიდან გამოსაგდები
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 იანვარი 2022 04:43
    1
    ძალიან მაგარი და სასიხარულოა ეს ყველაფერი. ეს სეზონი ისედაც ჩავარდნილია და რაც შეიძლება შორს უნდა გავიდნენ ევროპა ლიგასა და ესპანეთის თასზე. იმედია ყველა გამოიცდება სტატიის ბოლოს ჩამოთვლილი ლა მასიელი ბიჭები, რადგად მომავალი სეზონიდან ექსპერიმეტების დრო აღარ იქნება. წამსვლელი წავა რა თქმა უნდა ხავის გადაწყვეტილებით და ვინც დარჩება ესეიგი გამოდგება...
    ასე რომ მშვენიერი შანსია ეს სეზონი ყველაფრის დასალაგებლად.
    ოთხეულზე მგონი არცაა დავა საჭირო რომ შევალთ უეჭველი.