გაიგე მეტი ბარსელონაზე #9

Barcamania.ge-მ დაიწყო ახალი რუბრიკა, რომლის საშუალებითაც "ბარსელონას" გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, დასვან კლუბის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხები.
რუბრიკა გრძელდება ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე. გასული კვირის განმავლობაში მიღებულ კითხვების პასუხებს დღეს დავწერთ და დღესვე დაიწყება ახალი კითხვების მიღება. კითხვის დასმა შეგეძლებათ ჩვენი Instagram-ის გვერდის Story-დან. მოცულობითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ Facebook-ის გვერდზე.
კითხვა, რომელსაც დღეს ვუპასუხებთ:
"რას ნიშნავს ბარსელონას სტადიონის სახელი Camp Nou?"
"კამპ ნოუს" სახელს საინტერესო ისტორია აქვს. 1950-იან წლებში გადაწყდა, რომ "ბარსელონას" ძველი სტადიონი "ლეს კორტსი", მართალია, 60 ათას ადამიანს იტევდა, მაგრამ საკმარისი მაინც აღარ იყო და ახალი არენა უნდა აშენებულიყო.
თავდაპირველად გაჩნდა იდეა, რომ სტადიონი "ბარსელონას" დამაარსებლის, ჟოან გამპერის სახელობის ყოფილიყო, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება ამ იდეის წინააღმდეგ წავიდა და სტადიონს ნეიტრალური სახელი Estadi del FC Barcelona (ბარსელონას სტადიონი) შეურჩიეს. გულშემატკივრებში კი პოპულარობა ალტერნატიულმა სახელმა მოიპოვა - Camp Nou, ანუ "ახალი სტადიონი". ამ სახელის მიზეზი ისაა, რომ წინა სტადიონს, "ლეს კორტსს" მოიხსენიებდნენ, როგორც "ძველი" (Viejo).
ვინაიდან სტადიონს რეალურად 2 სახელი ჰქონდა, 1965 წლის სექტემბერში დაიგეგმა, რომ კლუბის წევრებს შორის ერთი სახელის შესარჩევად გამოკითხვა ჩატარებულიყო. ოფიციალური სახელი Estadi del FC Barcelona უცვლელი დარჩა. მან უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ვერსიებმა Estadi Barça და Estadi Camp Nou. ამის მიუხედავად სტადიონს ისევ 2 სახელი ჰქონდა - ოფიციალურად Estadi del FC Barcelona და არაოფიციალურად Camp Nou. 2001 წლის 23 ივლისს კლუბის წევრებს შორის კიდევ ერთი გამოკითხვა ჩატარდა. შემოთავაზებული იყო 3 ვარიანტი: Estadi del Futbol Club Barcelona, Estadi Joan Gamper და Estadi Camp Nou. ამჯერად ყველაზე მეტი ხმა "კამპ ნოუმ" მიიღო და მას შემდეგ "ბარსელონას" საშინაო არენას უკვე ოფიციალურადაც "კამპ ნოუ", ანუ "ახალი სტადიონი" ჰქვია.
დანარჩენი შემოსული კითხვები კი ძველი კითხვების გამეორება იყო, რომლებზე პასუხებიც შეგიძლიათ ჩვენი რუბრიკის წინა ნაწილებში ნახოთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]