ახალი მეტოქე ბარსასთვის

ახალი მეტოქე ბარსასთვის

როგორც გაირკვა, კოპა დელ რეის 1/16-ფინალში "ბარსელონას" მეტოქე "ლინარეს დეპორტივო" იქნება - ანდალუსიური კლუბი, რომელიც ესპანეთის მესამე დივიზიონში ასპარეზობს, "ბარსას" 5 იანვარს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს. 

მას შემდეგ, რაც ესპანეთის თასის დაპირისპირებები ერთმატჩიანი გახდა, ტურნირზე დაძაბულობამ საგრძნობლად იმატა. დაბალი დივიზიონის კლუბები მატჩებს შინ მართავენ და როგორც წესი, დიდ გუნდებს მოტივირებულები ხვდებიან: მაგალითად, წლევანდელი გათამაშების წინა ეტაპზე ლა ლიგის ოთხი კლუბი გამოვარდა, ნაწილმა კი გამარჯვება დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა ("სევილიას" კუნძულ მალიორკაზე "ანდრაჩთან" მოსაგებად პენალტების სერია დასჭირდა). ტურნირის ასეთი გზით დატოვება მადრიდის "რეალმა" და "ატლეტიკომ" უკვე მოახერხეს, "ბარსა" კი ბოლოს უფრო საპატიო მეტოქესთან, ბილბაოს "ატლეტიკთან" დამარცხდა. 

"ლინარესიც" იმ კლუბთა შორისაა, რომლებმაც 1/32-ფინალში პრიმერა დივიზიონის წარმომადგენლის ბარიერი გადალახეს. "ბარსას" მომავალმა მეტოქემ "ალავესს" 2-1 აჯობა. იქამდე, ტურნირის პირველ ეტაპზე, ანდალუსიელებმა "ჟიმნასტიკს" მოუგეს - კატალონიურ კლუბს, რომელთანაც "ბლაუგრანა" წინასასეზონო ამხანაგურ შეხვედრებს ხშირად მართავს. 

საინტერესოა, რომ "ლინარესი" პრიმერა RFEF-ში მიმდინარე სეზონს "ბარსა ბ-სთან" ატარებს. ესპანეთის საფეხბურთო სისტემის მესამე დონე წელს ახალი ფორმატით იმართება, სადაც ორი ჯგუფია და თითო 20 კლუბისგან შედგება. "ბარსა ბ-მ" იგივე მოედანზე, სადაც მალე პირველი გუნდი ითამაშებს, ოქტომბერში 2-1 მოიგო, ანტონიო არანდას გოლისა და მეტოქის ავტოგოლის წყალობით. 

ამის შემდეგ "ლინარესმა" ფორმა გამოიკეთა და საშინაო მატჩი დღემდე აღარ წაუგია. ამასთან ერთად, ამ დროისთვის მათ ყველა ტურნირზე ბოლო 7 შეხვედრაში 6 მოგება და 1 ფრე აქვთ, მაგრამ ქულების რაოდენობით "ბარსას" სარეზერვო გუნდს მაინც ჩამორჩებიან. 

"ლინარესზე" საუბრისაც იმის აღნიშვნაც შეგვიძლია, რომ კლუბი წინა სეზონის ბოლოს სეგუნდა დივიზიონის პლეიოფში მოხვდა. რომ არა მარცხი "ამორებიეტასთან", ანდალუსიელები სეგუნდას საგზურს ისტორიაში პირველად მოიპოვებდნენ. 

"ლინარესსა" და "ბარსელონას" ურთიერთშეხვედრები არ აქვთ. 5 იანვარს გამარჯვების შემთხვევაში, ჩავი ერნანდესის კლუბი მომდევნო ეტაპის მატჩს მალევე, 15 იანვარს ჩაატარებს, მეოთხედფინალში კი 2 თებერვალს ითამაშებს. ეს ეტაპები ერთმატჩიანი იქნება, ნახევარფინალი კი - ტრადიციულად - ორმატჩიანი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 დეკემბერი 2021 19:13
    0
    იმედია თასს მაინც ავიღებთ, რეალი ლიგით არის დაკავებული ჩვენთვის არ სცალია.
    Culé [?]
    #1 17 დეკემბერი 2021 18:42
    0
    იმედია მარტივად დავძლევთ ამათ ბარიერს და წინანდელივით 120 წუთის თამაში არ მოგვიწევს ყველა ეტაპზე
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.