გაიგე მეტი ბარსელონაზე #7

Barcamania.ge-მ დაიწყო ახალი რუბრიკა, რომლის საშუალებითაც "ბარსელონას" გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, დასვან კლუბის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხები.
რუბრიკა გრძელდება ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე. გასული კვირის განმავლობაში მიღებულ კითხვების პასუხებს დღეს დავწერთ და დღესვე დაიწყება ახალი კითხვების მიღება. კითხვის დასმა შეგეძლებათ ჩვენი Instagram-ის გვერდის Story-დან. მოცულობითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ Facebook-ის გვერდზე.
მაშ ასე, დავიწყო - პირველი კითხვა, რომელსაც დღეს ვუპასუხებთ:
კაპიტნის რანგში ვის აქვს ყველაზე მეტი მატჩი ბარსაში?
"ბარსელონას" ყველაზე მეტჯერ კარლეს პუიოლმა უკაპიტნა. ის გუნდის პირველი კაპიტანი 2004 წელს გახდა, მომდევნო 10 წლის განმავლობაში კი "ბლაუგრანას" კაპიტანი 469 თამაშში იყო. პუიოლი რეკორდსმენია როგორც კაპიტნის სამკლავურით ჩატარებული თამაშების, ასევე კაპიტნობის წლების მიხედვით.
რატომ გადავიდა რონალდო ბარსადან?
რონალდო და ბარსელონა კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. ორივე მხარე ხელს ერთმანეთისკენ იშვერდა, მანამდე კი ორივე მხარე ირწმუნებოდა, რომ კონტრაქტი გაფორმდებოდა. "ბარსელონას" პრეზიდენტის მტკიცებით, რონალდომ შეთანხმებულზე მეტი ხელფასი მოითხოვა, რონალდოს მტკიცებით კი "ბარსელონას" პრეზიდენტმა და იურისტმა შეთანხმებულ კონტრაქტს აბსურდი უწოდეს.
ბარსას ფეხბურთელების შვილებს თუ უთამაშია ბარსაში?
"ბარსელონას" ისტორიაში ასეთი ფაქტი 3-ჯერ დაფიქსირდა.
"ბარსელონაში" ნათამაშები აქვს როგორც ლეგენდარულ იოჰან კრუიფს, ასევე მის შვილს, ამჟამად კლუბში მომუშავე ჟორდი კრუიფს.
სერჟიო ბუსკეტსის მამა კარლეს ბუსკეტსი ასევე "ბარსელონას" აღზრდილია და ის 1990-1999 წლებში "ბლაუგრანას" მეკარე იყო. კარლეს ბუსკეტსმა "ბარსელონაში" 117 თამაში ჩაატარა.
მესამე შემთხვევაში კი მამაც და შვილიც მეკარეა. მიგელ რეინა "ბარსელონაში" 1966-1973 წლებში თამაშობდა, მისი შვილი პეპე რეინა კი "ლა მასიას" აღზრდილია და ის "ბლაუგრანას" პირველ გუნდში 2000-2002 წლებში ირიცხებოდა.
ვინ მოიგო ბარსას მაისურით პირველი ოქროს ბურთი?
ოქროს ბურთი "ბარსელონას" რვა ფეხბურთელს მოუგია - ლიონელ მესი, რონალდინიო, ლუიშ ფიგუ, რივალდო, რონალდო, ხრისტო სტოიჩკოვი, იოჰან კრუიფი და ლუის სუარესი. პირველი სწორედ ლუის სუარესი იყო. ესპანელმა შემტევმა ეს ჯილდო 1960 წელს, ოქროს ბურთის რიგით მე-5 წელს მოიგო.
ვინ გაიტანა პირველი გოლი გუნდის დაარსებიდან?
პირველი გოლის ავტორი ჟოან გამპერი გახდა. ამ გოლსა და თამაშზე უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი რუბრიკის პირველ ნაწილში: https://fcb.ge/ws
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]